Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 667-ე გამოშვება

გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 667-ე გამოშვებას. დღეს ვიმსჯელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ზოგიერთ პრობლემურ ასპექტზე; გიამბობთ იმაზე, რა ეტაპზეა ძველი თბილისის რაიონის ფორმირების პროცესი; მოგითხრობთ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით "საქართველო და ისფაჰანის სკოლა"; ბოლოს კი უმაღლესი განათლების პრობლემებზე ვისაუბრებთ, კერძოდ, ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ აღარ არის ევროპის ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტის დიპლომი სამსახურის შოვნის გარანტია. ჩვენი გადაცემის სტუმარია ჩეხეთის ქალაქ ბრნოს უნივერსიტეტის სტუდენტი ვახტანგ დარჩიაშვილი. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემური ასპექტები

დავით კაკაბაძე:
როგორც ჩანს, საქართველო უკვე ითვალისწინებს გაეროს 13 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება აგრესიული რიტორიკისგან თავის შეკავებისკენ. თავშეკავების მოწმენი გავხდით ქვეყნის ოფიციალურ პირთა რეაქციისას, რომელიც მოჰყვა ზემო აფხაზეთში შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობის დროს მომხდარ ინციდენტს: აფხაზეთის ფაქტობრივი მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიიდან საარტილერიო ჭურვების სროლას საქართველომ ზომიერად მწვავე, საპასუხო სამხედრო მუქარისგან აბსოლუტურად დაცლილი განცხადებები შეაგება. დავით პაიჭაძის სიუჟეტში თქვენ მოუსმენთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წამყვან ექსპერტს, არჩილს გეგეშიძეს, რომელიც, ამ ახალი რიტორიკის კონტექსტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემურ ასპექტებზე ლაპარაკობს.

დავით პაიჭაძე:
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეცვალოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება, შედეგად ის გამოიღო, რომ გაყინულმა კონფლიქტებმა ნამდვილად დაიწყო ლღობა, მაგრამ აფხაზეთში ამას მოჰყვა მეტი გაუცხოება საქართველოსთან, ვიდრე ამ გარკვეული დინამიკის გაჩენამდე არსებობდა, მიაჩნია არჩილ გეგეშიძეს. მისი თქმით, სტატუს კვო არც აფხაზებს აკმაყოფილებთ, რადგან ხედავენ, რომ ისე ვერ ვითარდებიან, როგორც წარმოედგინათ და სურდათ, თუმცა ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი და ქართველთა შურისძიების შიში აიძულებთ, დასჯერდნენ არსებულ სიტუაციას. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი ექსპერტი მას ასე აღწერს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] "ჩვენ, ძირითადად, ვცდილობთ მოვიპოვოთ დასავლური საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის შედეგად რუსეთის განეიტრალებით თუ, უკეთეს შემთხვევაში, კონსტრუქციულ ფაქტორად გადაქცევით ვეცადოთ კონფლიქტის მოგვარებას ისე, რომ აფხაზური მხარის პოზიციაზე არც კი ვფიქრობთ. არადა, პირდაპირი დიალოგი აუცილებელი გახლავთ. მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს ახალი პოლიტიკის სამი ელემენტი: პირდაპირი დიალოგი აფხაზურ მხარესთან, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის რეფორმატირება და სამშვიდობო ოპერაციის ჭეშმარიტად მრავალეროვნულ პრინციპზე გადაყვანა. მაგრამ პირველი ელემენტი, პირდაპირი დიალოგი, მას შემდეგ, რაც, თითქოს, გაჩნდა სიტუაციის გალღობის დინამიკა, არ განხორციელებულა.”

არჩილ გეგეშიძე არ გამორიცხავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივ აღიარებას იმ შემთხვევაში, თუ კოსოვოში საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოახერხებს ჯერ კიდევ სერბეთის ამ რეგიონში ე.წ. თავსმოხვეული მშვიდობის დამყარებას. არჩილ გეგეშიძე ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო გეგმას, რომელსაც ის კონფლიქტური რეგიონების შესაძლო ცალმხრივ აღიარებას დაუპირისპირებს. საფრთხე არჩილ გეგეშიძეს მოსალოდნელად ესახება ერთიდან ექვს თვემდე პერიოდში: ერთ თვეში კოდორის ხეობაში, იმავე ზემო აფხაზეთში, ზამთრის გამო გზები ჩაიკეტება და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია პროვოკაცია, რათა ხეობა საქართველოს იურისდიქციიდან გამოიყვანონ.

არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ძალისმიერი მეთოდებით ვერ აღდგება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბალკანეთის ომის დროინდელი მაგალითი, როცა ხორვატიამ ბლიც-კრიგის - ორდღიანი სამხედრო კამპანიის - წყალობით განდევნა სერბეთის არმია მისი ტერიტორიიდან, სერბსკა კრაინადან, საქართველოს არ გამოადგება, მიაჩნია არჩილ გეგეშიძეს. ხორვატების წარმატება რამდენიმე სრულიად კონკრეტულმა ფაქტორმა განაპირობა, რაც საქართველოში არ მოქმედებს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] "ეს გახლდათ მოულოდნელობის ფაქტორი, რაც ამ შემთხვევაში არ არის, რადგან 13 წელია აფხაზეთი ელოდება ამას საქართველოდან და არა მარტო აფხაზეთი, მთელი იქ მყოფი რუსი გენერლობა ელოდება ამას. მეორე გახლავთ იმ ორი დღის სამხედრო-სტრატეგიული ვითარება: ბოსნიის სერბული ნაწილები კონცენტრირებული იყვნენ ბოსნიელ მუსულმანებთან ბრძოლაში, ხოლო სერბეთის რეგულარული არმია დაკავებული იყო სხვა ამოცანებით. გამოჩნდა მცირე დრო, როგორც შესაძლებლობა, და ამ დროში ხორვატიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანელი კონსულტანტების მიერ კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციით, ეს შეძლეს."

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წამყვანი ექსპერტი ძალიან სკეპტიკურად ეკიდება იმ შემთხვევასაც, თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები მოახერხებენ აფხაზეთში სწრაფად შესვლას, მის დაკავებას და ასე შეეცდებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] "რომც მოახერხო, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს ადეკვატური, ეკვივალენტური რესურსი კარგად გააზრებული - თუ გნებავთ, დაფინანსებული და მხარდაჭერილი - პარტიზანული ომის წინააღმდეგ. რას შევინარჩუნებთ ჩვენ იქ? მეორე დღეს, ერთი კვირის, ერთი წლის შემდეგ რას ვაპირებთ? რა, ვაკონტროლებთ იმ გადმოსასვლელებს, მეგობრული ხალხები არიან ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთი ამას გულწრფელად მიესალმება და მხარს დაგვიჭერს, თუ რა?"

არჩილ გეგეშიძის აღწერა-შეფასებები, ალბათ, მცდარად ან უაღრესად პესიმისტურად მოეჩვენება იმას, ვისაც სჯერა, რომ სამხედრო-სტრატეგიული გზით შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] "აფხაზეთი შემდგარი საზოგადოებაა: ქუდზე კაცი გამოვა და ყველა იბრძოლებს. თუ სპეცოპერაციას ატარებ, ეს, მართლაც, მთელ საზოგადოებასთან ომს გულისხმობს. სპეცოპერაცია ხალხთან არ ტარდება. ამას ომი ეწოდება. ომი კი გამოიწვევს ტრაგიკულ შედეგებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით - აფხაზურ მხარეს და ეთნიკური წმენდა იქნება ეს თუ გენოციდი, შედგება. ეს ყველაფერი კარგად აქვს გაცნობიერებული საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც დაჟინებით მოითხოვს, ეს არჩევანი არ გავაკეთოთ. სხვა შემთხვევაში ფიზიკური თანაცხოვრება გამორიცხულია. თუ საამისოდ შინაგანი მზადყოფნა არ არსებობს, არ არსებობს შერიგების ელემენტები, გამორიცხულია, ერთი შეზღუდული სივრცე გაიყოს ქართველმა და აფხაზმა.”

აქვე დავძენთ, რომ საქართველოსთან შერიგებისა და თანაცხოვრების სურვილი ბოლო წლების მანძილზე აფხაზებს - ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ - არ გამოუვლენიათ.

როდის ჩამოყალიბდება ძველი თბილისის რაიონი?!

დავით კაკაბაძე:
თბილისის მერად ხელახლა არჩევიდან მეორე დღეს გიგი უგულავამ დედაქალაქში ახალი რაიონის - ძველი თბილისის შექმნის გეგმაზე ისაუბრა. როგორც უგულავამ განმარტა, ახალი რაიონი ქალაქის ისტორიული ზონის ტერიტორიას მოიცავს და მას ერთიანი ხელმძღვანელობა ეყოლება. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ იდეის რეალიზებისთვის? რა ეტაპზეა ძველი თბილისის რაიონის ფორმირების პროცესი და, ზოგადად, უბნებად და რაიონებად დაყოფის რა ისტორიული ტრადიცია არსებობს თბილისში? ყოველივე ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

"საქართველო და ისფაჰანის სკოლა" - საერთაშორისო კონფერენცია ქართველი, ირანელი და ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობით

დავით კაკაბაძე:
"საქართველო და ისფაჰანის სკოლა" - ასე ეწოდებოდა საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ამ დღეებში თბილისმა უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ირანის ხელოვნების აკადემია, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სწორედ ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის დათვალიერებით დაიწყო კონფერენციის მუშაობა უცხოელი მონაწილეებისთვის. ამ კოლექციის დათვალიერებისას თამარ ჩიქოვანს მეგზურობა ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა გაუწია.

[ირინა კოშორიძის ხმა] "აი, ეს არის, მაგალითად, მეშვიდე საუკუნის ადრეული ისლამური ჭურჭელი, რომლის ანალოგიური არის ერმიტაჟში და ძალიან იშვიათია, რადგან მასში კარგად ჩანს ყველა მიმდინარეობა..."

თამარ ჩიქოვანი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის მცველს ირინა კოშორიძეს კოლექციის განსაკუთრებული ექსპონატების შესახებ დიდხანს შეუძლია საუბარი. განსაკუთრებული სიამაყით ე.წ. ყაჭარულ კოლექციაზე ამახვილებს ყურადღებას - ამ კოლექციის შესახებ შარშან ზაფხულში ხელოვნებათმცოდნე ეკა ჯაფარიძემ წიგნიც გამოსცა. ირინა კოშორიძის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციის მიმართ ინტერესი ირანშიც გაჩნდა:

[ირინა კოშორიძის ხმა] "ძალიან საინტერესოა მათი დამოკიდებულების ცვლა ყაჭარების მიმართ, იმიტომ რომ წლების მანძილზე ისინი ყაჭარებს აბსოლუტურ ნიველირებას უკეთებდნენ. თქვენ რომ გაიაროთ და ნახოთ ეს სურათები, სადაც გამოსახულნი არიან ნახევრად შიშველი მოცეკვავე, მომღერალი, გამრთობი ქალები, თავისთავად ეს არანაირად არ ჯდება დღევანდელი ირანის იდეოლოგიაში. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წელს - პირველად ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში - მოეწყო ყაჭარული ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა."

ირინა კოშორიძე საერთაშორისო კონფერენცია "საქართველო და ისფაჰანის სკოლის" არა მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო, არამედ მომხსენებელიც.

[ირინა კოშორიძის ხმა] "ვფიქრობ, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება, თუ გავითვალისწინებთ ირანულ მხარეს და ქართველ მეცნიერებს, ვინც მონაწილეობს. და პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა." (სტილი დაცულია)

თბილისის კონფერენციის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით გამორჩეულობაზე საუბრობს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძეც. განსაკუთრებულობა კი, აი, რაში გამოიხატება:

[გიორგი სანიკიძის ხმა] "ისეთი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ ირანელები, ამერიკელები და ქართველები, პირველი შემთხვევაა."

დიახ, საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით ”საქართველო და ისფაჰანის სკოლა”, აკადემიური მნიშვნელობის გარდა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც გამორჩეულია: ირანელი და ქართველი მეცნიერების გარდა, მასში მონაწილეობდნენ ამერიკაში გამომავალი სამეცნიერო ჟურნალის ”ისლამიკ არტ”-ის გამომცემელი და რედაქტორი ელეანორ სიმსი და ამერიკის სპარსულენოვანი საზოგადოების პრეზიდენტი, დელავერის უნივერსიტეტის პროფესორი, რუდი მათე. ასე რომ, კიპლინგის აზრის მიუხედავად, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ვერასდროს შეხვდებაო, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს თბილისში შეხვდა.

გიორგი სანიკიძის შეფასებით, კონფერენციის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევა ირან-საქართველოს ურთიერთობის გააქტიურების კიდევ ერთ მაგალითად გამოდგება. მისივე თქმით, თუ აქამდე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ირანს ყველაზე ახლო ურთიერთობა სომხეთთან ჰქონდა, დღეს ირანის გააქტიურება საქართველოს მიმართულებითაც გამოიკვეთა. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთ-საქართველოს შორის. გიორგი სანიკიძის აზრით, ეს ირანის მხრიდან კეთილგანწყობის გამოვლენად უნდა შეფასდეს:

[გიორგი სანიკიძის ხმა] "ვთქვათ, თქვენ თქვით, რომ არის ირანის შეთავაზება თუ იდეა, რომ შუამავლის როლს შეასრულებდა. ეს, ალბათ, ჩვეულებრივი დიპლომატიური ნაბიჯია კეთილგანწყობილების გამოვლენის. იგივე, ვთქვათ, შეგვიძლია გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი ამბავი, როცა საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა აზრი, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, ისეთი ისტორიული ურთიერთობები ჰქონდა ირანთან და ისეა გადაჯაჭვული მისი ბედი ირანთან, რომ, გარკვეულწილად, საქართველოსაც შეუძლია ამერიკასა და ირანს შორის ამგვარივე შუამავლის როლის თამაში. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია." (სტილი დაცულია)

ისტორიული წარსული - ისტორიულ წარსულად, მაგრამ არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ირანი ენერგეტიკულ პროექტებში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. ამის მიუხედავად, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს ლოგიკურად მიაჩნია ირანის გადაწყვეტილება, ზამთრის პერიოდში საქართველოს გაზი მიაწოდოს:

[გიორგი სანიკიძის ხმა] "დღეს რაც ჩანს - ჩანს, რომ ირანმა კეთილი ნების ჟესტი გააკეთა საქართველოს მიმართ - ის, რაც რუსეთს არ აწყობს დღეს. მეორე - ჩვენი ურთიერთობები გაუარესდება თუ გაუმჯობესდება ამერიკასთან, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ არა მგონია, მოკავშირემ გითხრას, ზამთარში გაიყინეო! აქაც ღია თამაშს თამაშობს საქართველოს ხელისუფლება." (სტილი დაცულია)

დაბოლოს, კიდევ ერთი ფაქტი საქართველო-ირანის ურთიერთობის უახლესი ისტორიიდან: ირანი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 90-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო.

უნივერსიტეტის დიპლომი ევროპაში - აღარ არის სამსახურის შოვნის გარანტია

დავით კაკაბაძე:
ევროპაში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, უმუშევრობის პრობლემას რომ არ უჩიოდეს - პრობლემა ახალი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს შეინიშნება ტენდენცია, რომელიც ამ ოციოდე წლის წინათ სრულიად წარმოუდგენელი ჩანდა: მაშინ, 80-იან წლებში, თუ დასავლეთი ევროპის რომელიმე ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებდი, რიგიანი სამუშაო ადგილი, პრაქტიკულად, გარანტირებული გქონდა. ბოლო ხანს ასე აღარ არის: სამსახურს ვერ შოულობს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა -საუნივერსიტეტო დიპლომის მიუხედავად. რა არის ამ ტენდენციის მიზეზი? რა იწვევს კვალიფიკაციის ინფლაციას ევროპის ქვეყნებში? ამ საკითხს ეხება სიუჟეტი, რომელიც მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.

მარიამ ჭიაურელი:
მთლიანობაში, უმაღლესდამთავრებულები მაინც ყველაზე იღბლიანებს მიეკუთვნებიან შრომის ბაზარზე ევროპაში - უმუშევარი მათი სულ ოთხი პროცენტია. მაგრამ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში 25 პროცენტს აღწევს იგივე მაჩვენებელი: საქმე ეხება 25-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, მაღალკვალიფიციურ კადრებს. მათ შორის არის ანდრეას დონუტი: 29 წლის გერმანელი, რომელიც უნივერსიტეტში სოციოლოგიის, მარკეტინგისა და რეკლამის ფსიქოლოგიის, ასევე ინფორმატიკის ფაკულტეტებზე სწავლობდა 6 წელი. შარშან ყველა ამ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ის დღემდე ეძებს სამსახურს - გრძელვადიან სამსახურს, თორემ მომცრო პროექტების შოვნა არ უჭირს, რამდენიმე უფასო პრაქტიკაც გაიარა. ახლა კი, როგორც ჩვენს მიუნხენელ კორესპონდენტს უმხელს, კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში აპირებს წასვლას ოთხთვიანი ტრენინგის გასავლელად - იქნებ იქ დაიმკვიდროს ადგილი? ანდრეას დონუტი შრომის ბაზარზე თავისი ოდისეის შესახებ:

[ანდრეას დონუტის ხმა] "10 თვე ვიმუშავე მომცრო კომპანიაში. მაგრამ ეს დროებითი კონტრაქტი იყო, შემდეგ ახალი დამსაქმებლის ძებნა დავიწყე, თან ფრილანსერად ვმუშაობდი. მომავალ თვეში ახალი პრაქტიკა დამეწყება - ჯერ არ ვიცი, რომელ კომპანიაში, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. მომავალ წელს კი ბერკლიში წავალ, იქ გავაგრძელებ სწავლას."

პასუხი შეკითხვაზე, რატომ უწევს ისეთ მაღალკვალიფიცრებულ ახალგაზრდა პროფესიონალს, როგორიც ანდრეას დონუტია, სტაბილური სამსახურის ძებნა - საკმაოდ მარტივად ჟღერს. დღეს - კარგი სამსახურისთვის მეტს მოითხოვენ, ვიდრე უნივერსიტეტის დიპლომია.

[ლივიუ მატეის ხმა] "ამჟამად მრავალი ტენდენცია შეინიშნება. ერთი მხრივ, კომპანიებს სურთ სულ უფრო მაღალკვალიფიცირებული კადრების აყვანა. ურჩევნიათ, აიყვანონ მაგისტრი, ან მეცნიერებათა დოქტორი, ვიდრე კაცი, რომელსაც ბაკალავრის წოდება აქვს."

განმარტავს ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური მდივანი, ლივიუ მატეი. რამდენი დიპლომიანი უმუშევარი ახალგაზრდაა ევროპაში - სტატისტიკური მაჩვენებელი ჯერ არ არსებობს. ევროკავშირმა ბოლო ხანს ჩაატარა გამოკვლევა ევროპის 30-ზე მეტ ქვეყანაში - უმუშევრობის მაჩვენებლის და მიზეზების დასადგენად იმ ახალგაზრდებში, ვინც უმაღლესი სასწავლებელი ოთხი წლის წინ დაამთავრა.

ამასობაში კი ევროკავშირის ხელმძღვანელობა ათასგვარ ზომას მიმართავს საიმისოდ, რომ სტუდენტები შრომის ბაზრისთვის შეამზადოს. ახალგაზრდებს აფრთხილებენ, რომ დიპლომი არ კმარა, საგანგებოდ თუ არ მოერგე კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს. უნივერსიტეტებს მოუწოდებენ, იზრუნონ ახალგაზრდების პრაქტიკულ მომზადებაზეც, თუნდაც კომპიუტერულ კურსებზე. თვით ბლოკის წევრებს შორის მატულობს გაცვლითი პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს ხელს უწყობს უცხო ენის შესწავლაში, უცხო აკადემიურ გარემოსთან მორგებაში.

სოციალურ და დასაქმების საკითხთა ევროკომისიის პრესმდივანი, კატარინა ფონ შნურბაინი აღნიშნავს:

[კატარინა ფონ შნურბაინის ხმა] "ნათელია ის, რომ რაც უფრო უკეთესი განათლება გაქვს, და რაც უფრო მეტი პრაქტიკულ გამოცდილებას მოიპოვებ სწავლის პერიოდში, მით უკეთესია სამუშაო ადგილის შოვნის შანსი. და ეს არის კიდეც ევროკომისიის მთავარი მიზანი."

ვითარება ევროკავშირის ქვეყნებში ერთმანეთისაგან განსხვავდება - საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში დიპლომის აღების შემდეგ, თუ სამსახური ვერ იშოვეს, ახალგაზრდები პრაქტიკას ჯერდებიან - ანაზღაურების გარეშე, ცხოვრებით კი - მშობლებთან ცხოვრობენ, რადგან ცალკე ყოფნა, საკუთარი ბინის შენახვა მეტისმეტად ძვირი ჯდება. ამ ქვეყნებში, განათლების სისტემის ექსპერტების განმარტებით, საუნივერსიტეტო განათლების არსებითი რეფორმა არ განხორციელებულა - სასწავლო პროგრამები, უმეტესწილად, თეორიით შემოიფარგლება, ნაკლებად არის ორიენტირებული პრაქტიკულ ასპექტზე. განსხვავებით სკანდინავიის ქვეყნებისაგან, მათ შორის შვეციისაგან, და ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი წევრებისაგან. იქ უნივერსიტეტთა მესვეურები გაცილებით უფრო აქტიურად უწყობენ ხელს თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეთავსებას. ევროკომისიის წარმომადგენელი კატარინა ფონ შნურბაინი განსაკუთრებით აქებს აღმოსავლეთევროპული ქვეყნების სისტემას.

[კატარინა ფონ შნურბაინის ხმა] "ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებში დიპლომიანთა შორის უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია. საშუალო სტუდენტი ამ ქვეყნებში ძალიან მაღალ დონეზეა მომზადებული, და უნივერსიტეტის წლებში პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ მიღებული. რასაკვირველია, ამ ქვეყნებშიც შეიძლება განათლების სისტემის გაუმჯობესება. მაგრამ უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირის სამხრეთელ წევრ ქვეყნებში უფრო მაღალია."

ბუნებრივია, სამსახურის შოვნა არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებაზე და საერთოდ, განათლებაზეა დამოკიდებული - გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა. მაგრამ ჯერ ისევ უმაღლესი განათლების მნიშვნელობას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ითქვა, ექსპერტების განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელ წევრებში, და რახან ამ წევრებს შორის ჩეხეთის რესპუბლიკაც არის - ჩვენი რადიოს შტაბბინის მასპინძელი- აქვე ქალაქ ბრნოში დავურეკეთ ქართველ სტუდენტს, ვახტანგ დარჩიაშვილს, მას მივმართეთ რამდენიმე შეკითხვით ჩეხური საუნივერისტეტო განათლების გარშემო. წინასწარვე ვიტყვი, რომ ვახტანგი იურიდიულზე სწავლობს და ახლა მისგანვე მოისმენთ, როგორი წარმოესახება დასაქმების შანსი, თუ დიპლომის მიღების შემდეგ, ჩეხეთში მუშაობა მოისურვა...

ინტერვიუ ვახტანგ დარჩიაშვილთან (იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ასეთ შეფასებას იძლევა ვახტანგ დარჩიაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრნოს უნივერსიტეტში სწავლობს - მას მარიამ ჭიაურელი ესაუბრა სწავლის დამთავრების შემდეგ, სამსახურის შოვნის შანსებზე საქართველოში თუ ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამით "მეათე სტუდია" და რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის ეს გადაცემა დამთავრდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. ხმის ოპერატორები იყვნენ თბილისში - ლევან გვარამაძე, ხოლო პრაღაში - ანგელინა შკურენკო. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG