Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთი: ნორდ-ოსტის ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე ანალიტიკოსები თვითმკვლელი მოიერიშე ქალების ფენომენზე საუბრობენ


”26 ოქტომბერს 4 წელიწადი შესრულდა მოსკოვში, თეატრალურ ცენტრ დუბროვკაში, მომხდარი ტრაგედიიდან.

მომწამვლელი გაზის გაშვების შემდეგ რუსეთის სპეცრაზმმა აიღო თეატრის შენობა, რომელშიც ჩეჩენ ექსტრემისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი. სპეცოპერაციას 129 მოქალაქისა და 41 ექსტრემისტის სიკვდილი მოჰყვა. ტრაგედიის მასშტაბის გარდა, ”ნორდ-ოსტის” შემთხვევა საზოგადოებას სხვა ფაქტორის გამოც ახსოვს - ექსტრემისტთა თითქმის ნახევარს ქალები შეადგენდნენ. 41 ჩეჩენიდან 19 ქალი იყო. ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე სპეციალისტები თვითმკვლელი მოიერიშე ქალების ფენომენზე საუბრობენ.


2002 წლის ოქტომბერში მთელი მსოფლიო მოიარა მოსკოვის დუბროვკის თეატრში მიმდინარე მოვლენების სურათებმა.
შავ სამოსში ჩაცმული, სახედაფარული ჩეჩენი ექსტრემისტები
700 მძევალს შორის ისხდნენ. ექსტრემისტებს შორის ბევრი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ”ტერორისტის” სტერეოტიპული სახისგან. სატელევიზიო კადრებში ნათლად ჩანდა, რომ მათ შორის ბევრი ქალი იყო. ამ ქალებს ჩეჩნეთში ”შავი ქვრივების” სახელით იცნობენ.

თავდამსხმელ ქალებს ჩეჩნეთის ომი ”ნორდ-ოსტამდეც” იცნობდა. პირველი ხავა ბაგაევა იყო. 2000 წელს მან დანაღმული სატვირთო მანქანა შეაჯახა შენობას, რომელშიც რუსეთის სპეცრაზმი იყო განლაგებული. მეაბმოხეების განცხადებით, ამ თავდასხმამ 27 ადამიანი შეიწირა.

”შავი ქვრივის” მეორე თავდასხმა 2001 წლის ნოემბერში მოხდა: აიზა გაზიევამ მიზანში თავისი ქმრის მკვლელი ამოიღო. ის მიუახლოვდა ურუს-მარტანის რეგიონულ სარდალს, ჰეიდარ გაჯიევს, და ჰკითხა - ”კიდევ გახსოვარ?” ამის შემდეგ მან გაააქტიურა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც თვითონ გაზიევა, რუსი ოფიცერი და მისი დაცვის წევრები შეეწირნენ.
გაზიევას მხრიდან ამგვარი შურისძიება, ალბათ, ცოტა ვინმეს თუ გაუკვირდა: ჩეჩენმა ქალმა ომში 16 ნათესავი დაკარგა; როგორც თავად ამბობდა, გენერალმა გაჯიევმა მას დაჭრილი ქმარი საავადმყოფოში თვალწინ მოუკლა.

მაგრამ ჩეჩნეთის ომის კონტექსტში თავდამსხმელ ქალთა როლი განსაკუთრებით”ნორდ-ოსტის” ტრაგედიისას წარმოჩნდა. 41 ექსტრემისტისგან, ვინც მძევლები აიყვანა, 19 ქალი იყო.

ამერიკელი სოციოლოგი როზმარი სკაინი ავტორია წიგნისა ”თვითმკვლელი მოიერიშე ქალები”:

[სკაინის ხმა] ”ჩემი აზრით, თავდამსხმელი ქალები იმ ძალთა შთაგონებით მოქმედებენ, რომლებიც მათ სოციუმებში საკმაოდ მძლავრია - მაგალითად, ნაციონალისტური იდეოლოგიის შთაგონებით. ჩეჩენი მეამბოხეების შემთხვევაში ეს ასეა. და საკუთარი სიცოცხლის დათმობის სურვილიც სწორედ ამით აიხსნება.”

ამასთან, როზმარი სკაინი ამ ტაქტიკას წარმატებულად მიიჩნევს:

[სკაინის ხმა] ”თვითმკვლელ მოიერიშეთა ტაქტიკას ომის ტაქტიკის ნაწილად მივიჩნევ. თუ ტაქტიკა მუშაობს და მტერზე უპირატესობას განიჭებს, მას აუცილებლად გამოიყენებ. ჩემი აზრით, თავიდან ქალებს მოულოდნელობის ეფექტისთვის იყენებდნენ; მაგრამ როდესაც გამოჩნდა, რომ ამას შედეგი მოაქვს, მათი სტატუსი ამაღლდა.”

თუმცა ის, თუ რამდენად უკავშირდება ომში მინიჭებული სტატუსი ქალთა ზოგად სტატუსს საზოგადოებაში, კამათის საგნად რჩება. ნორდ-ოსტის ტრაგედიისას ჩეჩენი ექსტრემისტები ისე დაიხოცნენ რუსეთის სპეცრაზმის მიერ გაშვებული მომწამვლელი გაზით, რომ ”შავ ქვრივებს” ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაცია არც უცდიათ. ანალიტიკოსების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მათ მამაკაცთა ბრძანების გარეშე ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ.

ქალების სტატუსისა და ”შავ ქვრივთა” მოტივაციის შესახებ კამათი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2003 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ერთ-ერთმა ქალმა, ზარემა მუჟიხოევამ, მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორნის წინ თავის აფეთქება ვერ შეძლო. როგორც შემდეგ ახსნა, ამ ნაბიჯის გადადგმა მას გარდაცვლილი ქმრის ოჯახმა აიძულა. ჩეჩნური ტრადიციის თანახმად, დაქვრივების შემდეგ ზარემა ქმრის ოჯახში დარჩა, სადაც მონურ შრომას ეწეოდა. როდესაც ქმრის ნათესავებმა მისთვის 5 წლის ქალიშვილის წართმევა გადაწყვიტეს, ზარემამ გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის შემდეგ თავის აფეთქება ერთადერთი გზა იყო, რათა მას ოჯახის თვალში ღირსება აღედგინა.

როზმარი სკაინი ფიქრობს, რომ, ჩეჩნური ტრადიციების გათვალისწინებით, თავის აფეთქება და ღვთის სახელით სიკვდილი, მართლაც, ხშირად წარმოადგენს ღირსების აღდგენის ერთადერთ გზას ქალებისთვის:

[სკაინის ხმა] ”როგორც ჩანს, მათ მიზანს ქალწულთა დედოფლად გადაქცევა წარმოადგენს. თუ ცხოვრებაში ქალწულები არ არიან, ამ აქტის ჩადენის გამო ალაჰი მათ უბიწოდ აქცევს. და იმის გამო, რომ სექსუალური აქტი შესრულებული არა აქვთ, ისინი მარადისობაში გადაინაცვლებენ. მათი სურვილია, უბიწოთა შორის უბიწოდ იქცნენ - სასურველია, ყველა ქალწულის დედოფლად.”

გადმოცემის თანახმად, პირველი ”შავი ქვრივის”, ხავა ბაგაევას, უკანასკნელი სიტყვები იყო: ”ვიცი, რასაც ვაკეთებ. სამოთხისთვის საფასურის გადახდაა საჭირო. ვფიქრობ, მე ჩემი გადავიხადე.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG