Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემზარ კვიციანის ”უკანასკნელი” გაფრთხილება


1 ნოემბერს აფხაზეთის ტელევიზიამ გაავრცელა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, სამშობლოს ღალატის ბრალდებით ძებნილი ემზარ კვიციანის, სატელევიზიო მიმართვა.

რუსულ ენაზე გაკეთებულ მიმართვაში ემზარ კვიციანი ირწმუნება, რომ ერთი კვირის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვერტმფრენს ცეცხლი სწორედ მისმა მებრძოლებმა გაუხსნეს და უკანასკნელად აფრთხილებს ხეობაში მყოფ სამთავრობო სტრუქტურებს, დატოვონ ზემო აფხაზეთი, სადაც იგი სულ მალე დაბრუნებას გეგმავს. საქართველოს ხელისუფლებაში გაპარტიზანებული ექს-რწმუნებულის ტელემუქარებს სერიოზულად არ აღიქვამენ, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ემზარ კვიციანმა აფხაზებისა და რუსების ხელშეწყობით სცადოს სიტუაციის დესტაბილიზება.

ძებნილი ემზარ კვიციანი 28 ივლისის სპეცოპერაციის შემდეგ, ერთთთვიანი ინტერვალით, მესამედ ჩნდება ტელეეკრანებზე. 10 სექტემბერს მისი ტელემიმართვა ქართულ ენაზე ”შემთხვევით” ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ქრონიკას” ჩაუვარდა ხელთ, 2 ოქტომბერს - რუსულ ტელეკომპანია ”ორტს”, 1 ნოემბერს კი - აფხაზეთის ტელევიზიას. თუ წინა ორ შემთხვევაში ემზარ კვიციანს რუსული საველე სამხედრო ფორმა ეცვა და გულზე დიდი ჯვარი ეკიდა, ამჯერად სამოსის ელემენტები შეიცვალა და კვიციანი და მის ირგვლივ მყოფი ნიღბიანი მებრძოლები ამერიკელი საზღვაო ქვეითის საველე ფორმით წარდგნენ პუბლიკის წინაშე. ჩაცმულობის გარდა, შეცვლილია კვიციანის მიმართვის ტონი. რუსულ ენაზე გაკეთებულ გაფრთხილებაში აშკარად ისმის მოახლოებული სისხლისღვრის მუქარა:

[ემზარ კვიციანის ხმა] ”მე კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ იქნება სისხლისღვრა. ვაფრთხილებ დედებს იმ შვილებისა, რომლებიც მოტყუებით იმყოფებიან კოდორის ხეობაში: გაიყვანეთ თქვენი შვილები, სანამ მათი გატანა არ გამხდარა საჭირო. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ არ დაფრინავდნენ ეს ვერტმფრენები, რომლებმაც, მართალია, ბოლო ხანს შეწყვიტეს ფრენა და რატომღაც მერაბიშვილმა უკვე შემოიტანა კოდორში ”ბურანები”, რომ, თუ უეცრად გზა არ იქნა, იგი თითონ გაიქცეს, თავის მეთაურებთან ერთად, თქვენ კი დაგტოვოთ. ამიტომ გაფრთხილებთ: წადით, ნუ უსმენთ ამ ანტიქართულ ხელისუფლებას. წადით, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლოა, გაფრთხილება აღარ იყოს. ”

აფხაზეთის ტელევიზიით ტრანსლირებულ ტელემიმართვაში, რომელიც ქართულმა ტელეარხებმაც გაავრცელეს, ძებნილი ემზარ კვიციანი ასევე აცხადებს, რომ 25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საჰაერო კორტეჟზე იერიში სწორედ მან მიიტანა და არა აფხაზურმა ფორმირებებმა. იმის თაობაზე, იმყოფება თუ არა კოდორის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ემზარ კვიციანი და შესწევს თუ არა მას ძალა აღასრულოს მუქარა, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას კომენტარი დღის პირველ ნახევარში არ გაუკეთებია. რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი ძებნილი კვიციანის სატელევიზიო მიმართვას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ და მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობენ:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”ერთი ტენდენცია დასაფიქრებელი არის: მე ვფიქრობ, რომ კვიციანის უკან, ალბათ, დგას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება, რუსეთის სპეცსამსახურები, რაც შეიძლება სერიოზული პროვოკაციის საფუძველი იყოს და მიანიშნებდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მილიტარისტული განწყობილებები აქვს და ჩვენ უნდა ვემზადოთ ამ მილიტარისტული განწყობილებების ჩასახშობად.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის მსგავსად, სამშობლოს ღალატის გამო ძებნილი ემზარ კვიციანის მუქარას პროვოკაციას უწოდებენ თვითაღიარებულ აფხაზეთის სამთავრობო წრეებში, ოღონდ საპირისპირო მნიშვნელობით. გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რუსლან ქიშმარიას თქმით, ემზარ კვიციანი ქართული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს, რათა, ” საქართველომ კვიციანის მხრიდან მოსალოდნელი მუქარის შიშით გაამართლოს კოდორის ხეობაში პოლიციის სპეცრაზმის ყოფნა”, განაცხადა ქიშმარიამ 2 ნოემბერს, ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ. ღირს გავიხსენოთ, რომ ანალოგიური რეაქციები იყო წინა ორი ტელემიმართვის შემდეგაც. თბილისი და სოხუმი ემზარ კვიციანის ქმედებას ერთმანეთს აბრალებენ, რასაც, როგორც ჩანს, ყველა მიეჩვია - პოლიტიკოსებიც და ხალხიც. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება, კოდორის ხეობის მოსახლეობაში ძებნილი რწმუნებულის ბოლო გაფრთხილებას არავითარი პანიკა არ გამოუწვევია: 2 ნოემბერს დილიდან ჩვეულებრივ შესრულდა ავიარეისები ზემო აფხაზეთის მიმართულებით და არც მოსახლეობა აპირებს ხეობის დატოვებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG