Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად კანონიერად იხარჯება თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტი?


2006 წელს საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტი 417 მილიონ ლარს შეადგენს. ამ არცთუ მცირე მოცულობის თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და კანონიერება არაერთხელ გამხდარა თბილისელთა ეჭვისა და

ოპოზიციის კრიტიკის საგანი. ეჭვებს ნათელი ვერც საკრებულოს სხდომებზე მოწყობილმა განხილვებმა მოჰფინა. საკრებულოს საპრეზიდენტო უმრავლესობა ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერებას ყოველთვის უპირობოდ უჭერდა მხარს. მე შევეცადე გამერკვია, მართლაც მიზნობრივად და კანონიერად ხორციელდება თუ არა დედაქალაქის მუნიციპალური ბიუჯეტის თანხების ათვისება.

[ისმის ავტობუსების ხმა]

მუხრუჭებისა და ძრავების ასეთი ხმაური, სხვა უწესრიგობასთან ერთად, უცხო არ არის თბილისელთა იმ ნაწილისთვის, ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია დედაქალაქის ბიუჯეტის თანხებით ახლახან შეძენილი, ეგრეთ წოდებული, ყვითელი ავტობუსებით.

[ლია ტოკლიკიშვილის ხმა] ”ჩვენმა ჟურნალისტებმა მოახერხეს და შეაღწიეს ავტოპარკებში და გადაიღეს რა მდგომარეობაში არიან ისინი, როგორ არიან ისინი ჩამოწერილები. როცა ქალაქში პიკის საათია ყოველ წუთს და მოსახლეობა ვერ ეტევა ამ ავტობუსებში, აი, ეს ავტობუსები გასარემონტებელ მდგომარეობაში დგანან ავტოპარკებში.”(სტილი დაცულია)

ეს არის ლია ტოკლიკიშვილი, გაზეთ ”ახალი 7 დღის” რედაქტორი. მისი გაზეთის მიერ ფონდ “ევრაზიის” მხარდაჭერით ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსების გაუმართაობის გარდა, დარღვევები აღმოაჩინა მათ შესყიდვებშიც. ჟურნალისტური გამოძიება მოწმობს, რომ დაირღვა კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რადგან არ ჩატარებულა ტენდერი და ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდა. საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ჩიკვილაძემ კი ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში თავი იმართლა:

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] ”ყველა ტენდერი ჩატარებულია EBRD-ის - ევროპის “რეკონსტრუქციის და განვითარების” მიერ - და ჩვენ იქ ხელი არ მიგვიწვდებოდა.”

”ყვითელი ავტობუსების” გარდა, სერიოზული ეჭვებისა და კამათის მიზეზი, ეგრეთ წოდებული, მერის სარეზერვო ფონდიცაა.

იგი თბილისის ბიუჯეტის თითქმის 2 პროცენტს შეადგენს და ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის კომენტარი:

[ლია ტოკლიკიშვილის ხმა] ”ეს არის სრულიად არამიზნობრივად დახარჯული თანხები, როცა ქალაქს ჰყავს ამდენი ლტოლვილი, როცა ქალაქს ჰყავს მიწისძვრით ამდენი დაზარალებული, მერი თავს უფლებას აძლევს თავისი ფონდიდან დააფინანსოს რომელიღაც, თუნდაც ძალიან ცნობილი, იუბილე და ამაში ჩადოს ასიათასობით ლარი.” (სტილი დაცულია)

ამგვარ შენიშვნებს თბილისის ძველი და ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი ასეთ პასუხს აძლევს:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”იმის არდანახვა, რაც დღეს თბილისში ხდება, ეს უნდა შეძლო კაცმა. მე მინდა ქალაქის მთავრობას მადლობა გამოვუცხადო გაწეული მუშაობისთვის.” (სტილი დაცულია)

თბილისში, მართლაც, დაიწყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მათ შორის, მეტროპოლიტენის რეკონსტრუქციაც. გარემონტდა მეტროს რამდენიმე სადგური და მატარებელთა შემადგენლობაც. ამისთვის თბილისის ბიუჯეტმა 31 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა როგორ დაიხარჯა ეს თანხა, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

[ისმის მეტროს ხმა]

[ლია ტოკლიკიშვილის ხმა] ”შპს მეტროპოლიტენისთვის გამოყოფილია 31 მილიონი ლარი. დღემდე, ზუსტად 2 თვეა, თუნდაც 1 დოკუმენტი გამოვიტანოთ მეტროპოლიტენიდან, თუნდაც 1 თეთრის ისტორია - სად დაიხარჯა და რისთვის. ჩვენ გვიხურავენ კარებს, გვეუბნებიან, რომ გაქვთ უფლება, მაგრამ ჩვენ თქვენს უფლებებს არ ვცნობთ და არ გაძლევთ, გვიჩივლეთ სასამართლოში...” (სტილი დაცულია)

მეტროპოლიტენის გარდა, გაზეთ “ახალი შვიდი” დღის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებისათვის გაურკვეველია, სად და რაში დაიხარჯა თბილისის დასუფთავებისთვის გამოყოფილი მილიონი ლარი. ანალოგიური კითხვები ჩნდება მუნიციპალური ბიუჯეტის სხვა ხარჯების თაობაზეც. მათზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს ორიოდე თვის წინ ასეთი პასუხი ჰქონდა:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ რაღაც არასწორად გადარიცხა...”

მიზეზი, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე და მისი უმრავლესობის წევრები ”ვიღაცის” “რაღაცა” ქმედების სისწორით არ დაინტერესდნენ, უამრავია. ერთ-ერთი მათგანი “ახალი 7 დღის” ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა. კანონის მიხედვით, საკრებულოს წევრობა არაანაზღაურებადი საზოგადოებრივი საქმიანობაა. თბილისის საკრებულოს წევრები კი, სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტების მოშველიებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან რეგულარულად იღებდნენ 1050 ლარიან ხელფასს.

[ხალხის ხმა] ”ათასნაირ სისულელეებში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი...
...საქმეს ხმარდება, ალბათ... ჩემი აზრით, მიზნობრივად იხარჯება...
... აბა, მე რა ვიცი, მე ვინ რას მეტყვის.”

ასეთი განწყობის მქონე თბილისელებმა დედაქალაქის საკრებულოს არჩევნებში მხარი მმართველი პოლიტიკური პარტიის გუნდს დაუჭირეს და თბილისის მთავრობის ჩამოყალიბება და თითქმის 400 მილიონლარიანი ბიუჯეტის ხარჯვა კვლავ მას მიანდეს.
XS
SM
MD
LG