Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის შეცვლა საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობაში?


გასულ კვირაში სამხედრო უწყების

ხელმძღვანელი არა მხოლოდ საქართველოში შეიცვალა. პოსტი დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომლის ექვსწლიანი მოღვაწეობის დროს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა ბევრად გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დახმარება საქართველოსთვის ”რამსფელდის ეპოქის” დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, თუმცა, შესაძლოა, მისი მასშტაბები შეიცვალოს. სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ვისაუბრებთ.

დონალდ რამსფელდი ამერიკის პირველი თავდაცვის მინისტრი გახლდათ, რომელიც 6 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა. პენტაგონის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის პირველი სტუმრობა დაემთხვა საქართველოსთვის მეტად რთულ პერიოდს, როდესაც, პანკისის ხეობაში ჩეჩენი პარტიზანების ყოფნის გამო, რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებდა ილტოსა და პანკისის ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე. 2001 წლის 13 დეკემბერს დონალდ რამსფელდი 6 საათით ჩამოფრინდა საქართველოში და კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მომზადებაში დაეხმარებოდა. 5 წლის წინ თბილისში რამსფელდს საქართველოს მთავრობის წევრებიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძეც შეხვდა. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში თევზაძემ განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტმა დააჩქარა რამსფელდის ვიზიტი და ამერიკის მთავრობის მიერ ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის დაფინანსება:

[დავით თევზაძის ხმა] “იცი რა არის, კობა, ლაპარაკი ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე დაიწყო გაცილებით ადრე. ფაქტიურად, ”წვრთნისა და აღჭურვის” ფონი იყო პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილები. მაგრამ, მერე იცი შენ, ეს ტერაქტი და ყველაფერი და ამან გარკვეული პროცესები ძალიან დააჩქარა, მათ შორის - ეს.” [სტილი დაცულია]

2002 წლის დეკემბერში საქართველოს უკვე ჰყავდა “წვრთნისა და აღჭურვის” პირველი პროფესიული ქვედანაყოფი, სახელწოდებით ქართული ”კომანდოსი”. პროგრამა, რომლის დასაფინანსებლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 64 მილიონი დოლარი გამოყო, საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და იგი, საერთო ჯამში, 2500-მდე სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. აი, როგორ იხსენებდა ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი 4 წლის წინ ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მნიშვნელობას.

[ქართველი ჯარისკაცი] ”რაც უნდა მიეღო ჯარისკაცს, საბრძოლო გამოცდილება, ყველაფერი მივიღეთ, ამ ”წვრთნა და ღჭურვის” განმავლობაში, ყველანაირი საბრძოლო ხელოვნება. და მზადა ვართ, ჩვენ ყველანაირად, რომ ჩვენი მეთაურების მიერ დასმული ყველა საბრძოლო ამოცანა შევასრულოთ ასი პროცენტით. და დანარჩენს ჩვენ თითონაც გავაგრძელებთ, რომ ეს უფრო გაღრმავდეს ჩვენში.” [სტილი დაცულია]

მოგვიანებით, უკვე ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2005 წლიდან კი ამოქმედდა ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამა ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის” სახელწოდებით. პროგრამა დღესაც გრძელდება კრწანისის პოლიგონზე. თუმცა ამერიკის თავდაცვის მინისტრის შეცვლის შემდეგ რუსეთის პრესაში გამოჩნდა ინფორმაციები, რომ ამერიკამ, შესაძლოა, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გადახედოს. საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი სასურველის რეალობად გასაღებას ცდილობს:

[ვახტანგ კაპანაძე] ”უფრო სურვილია და გამოყენება მომენტისა, კიდევ ერთხელ ნიშნის მოგებასავით ქართული მხარისათვის, რომ, აი, ისიც ხომ შეიცვალა და ამას სხვა ცვლილებებიც მოჰყვება, თქვენთვის არასასიკეთო. მაგრამ აფქტიურად, ეხლა, ის დინამიკა და გამოცდილება, რომელიც საქართველო ამერეიკის სამხედრო ურთიერთობაშია, აბსოლუტურად არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.” [სტილი დაცულია]

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ ელის ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. სამხედრო ექსპერტის თქმით, სამხედრო დახმარება საქართველოსთვის დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ერთობლივი თანხმობით იქნა მიღებული და რაიმე ცვლილება ამ მხრივ მოსალოდნელი არ არის:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”მე მგონი არა, იმიტომ რომ, სამხედრო თანამშრომლობა პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელება არის. ჯერ ეს ერთი ადმინისტრაცია ორი წლის განმავლობაში იგივეა, და დემოკრატების კონგრესიც, არა მგონია, რამენაირად წინააღმდეგი იყოს ამ ტანამშრომლობის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოსთან თანამშრომლობა და საქართველოს დახმარება ეს იყო, როგორც ეგენი ამბობენ, ბიპარტიზანული, ანუ ორმხრივი შეთანხმებით კეთდებოდა - დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უჭერდნენ მხარს.”

ექსპერტების ვარაუდით, პირდაპირი სამხედრო დახმარება ამერიკის მხრიდან შემცირდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს სამხედრო სისტემა მიუახლოვდება ნატოს სტანდარტებს, ხოლო ქვეყნის მზარდი სამხედრო ბიუჯეტი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს თავად დააფინანსოს ყველა არსებითი პროგრამა. 2007 წელს ქვეყნის თავდაცვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 600 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა კი, თუკი პრიორიტეტებიც და ფულიც სწორად განაწილდა, საკმარისია იმისათვის, რომ 20 ათასკაციანმა ქართულმა ჯარმა შეძლოს ამერიკის სამხედრო დახმარებით მიღებული გამოცდილების შენარჩუნება და განვითარება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG