Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ პარალელურ არჩევნებს და რეფერენდუმს


სამხრეთ ოსეთში კვირას ჩატარებული პარალელური არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს,

თუმცა ამ მიმართულებით რუსეთს თავისი განსხვავებული პოზიცია უკავია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ განცხადებაში საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების წინდაუხედაობად შეაფასა ცხინვალში ჩატარებული არჩევნების შედეგების უგულებელყოფა. მინდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით დასავლეთისა და რუსეთის რეაქციაზე გესაუბროთ.



ედუარდ კოკოითი 12 ნოემბერს ცხინვალში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. მილოცვები მან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბახიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან მიიღო.


[ედუარდ კოკოითის ხმა] ”დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც ერთად დავისახეთ. ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ და ერთიან ოსეთში. ”

ასე მიმართა კოკოითიმ ცხინვალის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს. ” 12 ნოემბრის არჩევნებისა და რეფერენდუმის შემდეგ ჩვენი უმთავრესი მიზანი სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების მიღწევაა,” - ამბობს ის. თუმცა ამ მიმართულებით კოკოითის იმედებს მხოლოდ რუსეთი ამართლებს და, ისიც, მოცემულ მომენტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების დონეზე. ლავროვის უწყებამ ცხინვალში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი ოსი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატულებად შეაფასა: ” ამჟამად საქმე გვაქვს თავისუფალ და თვითმყოფად სამხრეთ ოსეთთან და ის ფაქტი, რომ საქართველო და დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს, თრგუნავს ერს, რომელმაც ხმა თავისუფლებას მისცა, ” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოსკოვში წუხან ცხინვალში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის მნიშვნელობის დაკნინების გამო ( საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან), ერედვში ჩატარებულ ალტერნატიულ არჩევნებს კი შოუს უწოდებენ. იქ თავისუფლებისთვის ხმის მიცემად განიხილავენ პასუხს სარეფერენდუმო შეკითხვაზე: მხარს უჭერთ თუ არა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სტატუსს? - კოკოითის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმის ალტერნატიულ რეფერენდუმზე დასმული შეკითხვა კი - გსურთ თუ არა თბილისთან მოლაპარაკების დაწყება საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე - არ ესმით. ”ორივე არჩევნები არალეგიტიმურია” -აღნიშნავენ თბილისში, თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ ალტერნატიულმა არჩევნებმა რეგიონის მომავალთან დაკავშირებით ქართული და ოსური მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობა აჩვენა. ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის აზრით, მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ გონივრულად გამოიყენოს სამხრეთ ოსეთში გამოკვეთილი ახალი რეალობა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” თავისთავად ის, რომ ქართული მოსახლეობის და ოსური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განწყობილია იმისთვის, რომ საქართველოს შემადგენლობაში იპოვოს საკუთარი სტატუსი მომავალში, ეს კარგია. ”

მაგრამ მივყვეთ ისევ გამოხმაურებებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით.

”ჯორჯ ბუშის ადამინისტრაცია კოკოითის მიერ ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს,”- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

”დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთის რეგიონში ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და მხარს უჭერს მხარეთა მცდელობებს მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას. ”- ეს უკევ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, კარელ დე ჰუხტის, განცხადებაა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება 12 ნოემბრამდე გაავრცელა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირმაც.
XS
SM
MD
LG