Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ არ დარჩა არგუმენტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის გასამართლებლად


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში მმართველ ძალას აღარ დარჩა არგუმენტი თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის გასამართლებლად. ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა პრაქტიკულად არ არსებობს” - ასეთი იყო სანკტ-პეტერბურგში ნინო ბურჯანაძის გამოსვლის პათოსი და ამ გამოსვლაში იქვე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბერძენიშილმა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის დასასრულის ნიშნები დაინახა. მინდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ნინო ბურჯანაძის გამოსვლასთან დაკავშირებით გესაუბროთ.

საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო ტრიბუნას რუსეთის წინააღმდეგ. ამ დღეებში სააკაშვილმა რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა სტრასბურგში ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ახლო მომავალში კი შედგება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა სამიტზე
- წერენ რუსეთის პრესაში. მიხეილ სააკაშვილს მართლაც მიღებული აქვს დსთ-ს სამიტზე დასწრების გადაწყვეტილება, მაგრამ ამჯერად ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. სანკტ-პეტერბურგში ნინო ბურჯანაძემ ორგანიზაციას, რომელსაც ხან მკვდრადშობილად, ხანაც აბსოლუტურად უუნაროდ მოიხსენიებდნენ, არარსებული უწოდა და იქვე ჩამოთვალა ცნობილი გარემოებები იმის ასახსნელად, თუ რატომ აღარ დარჩა საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტი აღნიშნულ თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის გასამართლებლად, ოპოზიციური ფრაქციების მიერ თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე არგუმენტირებული უარის სათქმელად:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”დღეს ამ დარბაზში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილია ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი, იმ ფრაქციის ლიდერი, რომელიც მმართველი პარტიისგან ითხოვდა მხარდაჭერას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მითხარით, რა არგუმენტებით შემიძლია დავუმტკიცო ჩემს კოლეგებს, რომ საქართველოს დარჩენა თანამეგობრობაში გამართლებულია. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის მტკიცება. ”

საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლისთვის მხარდაჭერა გასულ კვირაში ოპოზიციურმა ფრაქციებმა და, მათ შორის, პირველ რიგში, ფრაქცია ”დემოკრატიულმა ფრონტმა” მოსთხოვა.
საკითხი კენჭისყრამდე არ მისულა, რადგან უმრავლესობამ იმ მომენტში ”დემოკრატიული ფრონტის” პროექტის განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. პარლამენტის თავმჯდომარის მაშინდელი არგუმენტი ასეთი იყო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ჩვენ მაშინ უნდა გამოვიდეთ ამ ორგანიზაციიდან, როცა ეს საქართველოსთვის იქნება ყველაზე ხელსაყრელი და ეს არ უნდა იყოს სპონტანური, ემოციური გადაწყვეტილება. ”

უკვე 16 ნოემბერს, სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, ნინო ბურჯანაძეს მოუხდა იმის ახსნა, თუ რატომ მიიჩნევს დსთ-ს არარსებულ გაერთიანებად. განმარტებები ასეთი იყო : თანამეგობრობის ორი სახელმწიფოს ურთიერთობა ლამის ომის პირამდეა მისული და ამ დროს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დღის წესრიგში არაფერია ნათქვამი ამასთან დაკავშირებით; თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებს არ შეუსრულებიათ სამშვიდობო ფუნქცია არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში, თანამეგობრობაში არ ამოუღიათ ხმა რუსეთში ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნის გამო ...... განმარტებების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ნინო ბურჯანაძის გამოსვლასთან დაკავშირებით საინტერესო იყო სანკტ-პეტერბურგში საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის ”წარმომადგენლის, დავით ბერძენიშვილის კომენტარი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” ასეთი გამოსვლის შემდეგ და მაშინ, როცა ჩვენ პრაქტიკულად გარიყული ვართ რუსეთის მიერ დსთ-ს სივრციდან, ამას აღვიქვამ მომზადებად. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დელეგაცია აქ უკვე ისეთ როლს თამაშობს, როგორსაც თავის დროზე ასრულებდნენ ბალტიისპირა ქვეყნების დეპუტატები.”

საუბრის ბოლოს აღვნიშნავ, რომ 16 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში არ შედგა ნინო ბურჯანაძის შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვთან.
XS
SM
MD
LG