Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიუხედავად ”ვარდების რევოლუციის” სადღესასწაულო ღონისძიებებისა, 23 ნოემბერს გამოსული ყოველდღიური ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ნოემბრის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა - ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა და ამით გაჩენილი უამრავი კითხვა.

გაზეთ ”რეზონანსის” მოწინავე სტატია გვაუწყებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომით ”მთავრობაში კომპრომატების ომი დაიწყო”. ”ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოქრუაშვილის გათავისუფლების დღეს კეზერაშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროში. სწორედ ამ შეხვედრების დროს გააცნო მან თავდაცვის მინისტრს მასალები, რომელმაც ოქრუაშვილს გამოსავალი არ დაუტოვა - ან უნდა გადამდგარიყო, ან ციხეში წასულიყო. თავდაცვის სამინისტროდან გამოჟონილი ინფორმაციით, ოქრუაშვილსა და კეზერაშვილს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა - იმდენად სერიოზული, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა შემცვლელს იარაღიც კი უტრიალა ცხვირწინ,” - წერს დღევანდელი გაზეთი ”რეზონანსი”. პუბლიკაციის დასკვნა კი ისაა, რომ ”ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომით თავი გადაირჩინა და გაზაფხულზე ისევ შეეცდება პოზიციების გამყარებას.”

იარაღის ტრიალს, როგორც ჩანს, არც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ის თანამებრძოლები ერიდებიან, ვინც ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომით პოზიციებს კარგავს, წერს დღევანდელი გაზეთი ”ალია” სტატიაში, რომლის სათაურია ”ოქრუაშვილის ნათესავმა პოლიციის უფროსს სამი ტყვია ესროლა?”. ციტატა სტატიიდან, რომელიც ასევე მთლიანად ანონიმურ ”სარწმუნო წყაროს” ინფორმაციას ეყრდნობა და გადმოსცემს კონფლიქტს, რომელიც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსს დათო ტაბუცაძესა და კანცელარიის უფროსს, ირაკლი ოქრუაშვილის ახლო ნათესავს, მამუკა იმერლიშვილს შორის მომხდარა: ”გუშინ საღამოს კანცელარიის უფროსი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა საპატრულო პოლიციის ახალი შეფის კაბინეტში. მათ იქ შელაპარაკებაც მოუხდათ. ამ შეხვედრას ტაბუცაძის მოადგილეებიც ესწრებოდნენ. იმერლიშვილმა არც აცია, არც აცხელა და თავისი ტაბელური იარაღიდან სამჯერ გაისროლა ტაბუცაძის მიმართულებით. პატრულის უფროსს სამივე ტყვია ასცდა.” უნდა ითქვას, რომ თავად დაზარალებული ტაბუცაძე ასეთ კონფლიქტს გაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში უარყოფს.

დღევანდელი ყოველდღიური ”24 საათი” კი აქვეყნებს ინტერვიუს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე მათიას იორშისთან. ევროსაბჭოს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ”საქართველოს, ისევე როგორც რუსეთს, ბევრი პრობლემები აქვს.” ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა იყო საქართველოს შეცდომა რუსეთთან კონფლიქტში, მათიას იორში ასეთ პასუხს იძლევა: ”შეცდომა ის იყო, რომ რეზიდენტებთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრი და რადიკალური ხმაური გამოგივიდათ. ამ პრობლემის გადაჭრა მშვიდად და უხმაუროდ შეიძლებოდა. უნდა მოგესმინათ რუსეთის არგუმენტებისათვის. თქვენ ცდებით იმაში, რომ შეცდომას ვერ ხედავთ. ყოველი ქმედებისას ფოკუსირება სამომავლო შედეგებზე უნდა გააკეთოთ,” ამბობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე მათიას იორში გაზეთ ”24 საათისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG