Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ ჩხეიძე - 80


8 დეკემბერს საქართველოს საზოგადოება

დაბადების 80 წლისთავს მიულოცავს საქართველოს სახალხო არტისტს, კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს. თუმცა ”მაგდანას ლურჯას”, ”ჯარისკაცის მამის”, ”ნერგებისა” და კიდევ არაერთი სხვა ფილმის ავტორის იუბილე ჯერ კიდევ ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, აღნიშნეს; ფაქტობრივად, 2006 წელი ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ”რეზო ჩხეიძის წლად” გამოაცხადეს, რაც გასაგებია: რეზო ჩხეიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმს” და ეროვნული კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები სწორედ მის სახელს უკავშირდება. დღეს რეზო ჩხეიძის ღვაწლსა და მის შემოქმედებაზე გესაუბრებით.

[მუსიკა ფილმიდან ”მშობლიურო ჩემო მიწავ”]

ბევრმა არ იცის, რომ ეს პოპულარული სიმღერა, ჯანსუღ კახიძის შესრულებით, ქართულმა საზოგადოებამ პირველად მოისმინა რეზო ჩხეიძის ფილმში ”მშობლიურო ჩემო მიწავ”. სხვათა შორის, ამ სურათს, რომლის პრემიერა 1980 წელს გაიმართა, თავდაპირველად ”რაიკომის მდივანი” ერქვა. ორსერიანი ფილმით პროგრესულ, არაკორუმპირებულ კომუნისტზე, რომელმაც უდაბნო ლამის სამოთხედ უნდა აქციოს, კინოსტუდია ”ქართულ ფილმს” სურდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იგავებსა და ორაზროვან კომედიებს არ იღებენ, რომ ქართული კინოსთვისაც არ არის უცხო ”სოციალისტური რეალიზმის” მეთოდი. ”რაიკომის მდივნის” გადაღებამდე ერთი წლით ადრე ჟურნალ ”ისკუსტვო კინოში” ქართული კინოს წინააღმდეგ დაიბეჭდა სარედაქციო პასკვილი, რომელშიც უსახელო ავტორი ამტკიცებდა, ქართულმა კინომ სინამდვილის გრძნობა და აქტუალურობა დაკარგაო. ვიღაცას აუცილებლად უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს ასე არ არის, გადაეღო ფილმი, რომელიც ბრეჟნევის ეპოქის იდეოლოგებს დააკმაყოფილებდათ.

რეზო ჩხეიძემ, რომელიც იმხანად კინოსტუდია ”ქართულ ფილმს” ხელმძღვანელობდა, ეროვნული კინოს გადარჩენა იტვირთა - შეუდგა გადაღებას ფილმისა, რომლის გმირი, კომუნისტი, რაიკომის მდივანი, არა მარტო კორუფციას დაამარცხებდა, არამედ სურათის ბოლოს კომპარტიის ყრილობაზე, სადაც პრეზიდიუმში ლეონიდ ბრეჟნევი იჯდა, პატაკსაც კი ჩააბარებდა მოსკოვს.

მაგრამ ეს ეპიზოდი მხოლოდ ”მიბმული” იქნება ფილმის ფინალში...სხვაგვარად რომ ვთქვათ, თემურ ჩხეიძის გმირის ამ სიტყვას სიუჟეტთან კავშირი არ ექნება. ”რაიკომის მდივნის” ჟანრი უფრო იგავია, ვიდრე სოცრეალიზმის მეთოდით გადაღებული კინორომანი - იგავი მესიაზე, რომელმაც უდაბნო უნდა ააყვავოს... ეს არის ფილმი, რომელსაც სახელად ”მშობლიურო ჩემო მიწავ” უფრო უხდება, ვიდრე ”რაიკომის მდივანი”... ამიტომაც იყო, ალბათ, რომ სურათი ლენინური პრემიით მხოლოდ 1986 წელს აღინიშნა. მოგვიანებით, 1991 წელს, რეზო ჩხეიძე ამ პრემიას მოსკოვს უკან დაუბრუნებს.

სცენარი ფილმისათვის ”მშობლიურო ჩემო მიწავ” რეზო ჩხეიძესთან ერთად რეჟისორის მუდმივმა თანაავტორმა სულიკო ჟღენტმა დაწერა. ამ ორი ხელოვანის თანამშრომლობის შედეგია რეზო ჩხეიძის საუკეთესო ფილმები ”ღიმილის ბიჭები”, ”ნერგები” და, რა თქმა უნდა, ”ჯარისკაცის მამა” , რომელიც დღემდე ქართული კინოს კლასიკად ითვლება. თუმცა თავდაპირველად “ჯარისკაცის მამის” სცენარი კინაღამ დაიწუნეს... რეზო კვესელავა იგონებს, “თბილისში შეეშინდათ, მეტისმეტად პათეტიკური არ გამოვიდეს ფილმიო”... მერე სერგო ზაქარიაძეც არ მოეწონათ – ძალიან თეატრალურია და დამაჯერებლობა აკლიაო... რეზო ჩხეიძემ და სულიკო ჟღენტმა მაინც თავისი გაიტანეს. მათ უკვე იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა “დამიწებულიყო” ეს პათეტიკა, როგორ შეიძლებოდა ყოფა შეზრდოდა ჰეროიკულს, პროზა – პოეტურს, როგორ შეიძლებოდა კახელი გლეხი “მსოფლიო მოქალაქე” გამხდარიყო.

[აუდიონაწყვეტი კინოფილმ ”ჯარისკაცის მამიდან”]

ჰეროიკულის ”დამიწების” ეს უნარი რეზო ჩხეიძეს არაერთხელ გამოუმჟღავნებია. ამ თვალსაზრისით, ”ჯარისკაცის მამის” რეჟისორი თითქოს ქართველ კინემატოგრაფისტთა ერთდროულად ორ თაობას მიეკუთვნება - ერთი მხრივ, იმ თაობას, რომელსაც 40—50-იან წლებში, სტალინის ეპოქაში, მოუხდა მოღვაწეობა, რომლისთვისაც პათეტიკა და მონუმენტალიზმი მხატვრული გამოხატვის ერთადერთ ფორმად იქცა...მეორე მხრივ, რეზო ჩხეიძის კინოში მოსვლა დაემთხვა მნიშვნელოვან გარდაქმნებს ქართულ და მთლიანად საბჭოთა კულტურაში, პოლიტიკაში, იმ დროს, როცა შედარებით გაიხსნა საზღვრები, როცა საბჭოთა კავშირში პირველად ნახეს იტალიელ ნეორეალისტთა ფილმები, სადაც პათეტიკა დამიწებულია, სინამდვილე კი თავად იქცევა პოეზიად მაშინაც კი, როცა სინამდვილე ულმობელია. სწორედ იტალიური ნეორეალიზმის გავლენით გადაიღეს რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ თავიანთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ”მაგდანას ლურჯა”, რომელიც დღემდე ახალი ქართული კინოს პირველ მერცხლად ითვლება. სწორედ ”მაგდანას ლურჯას” პრემიერის შემდეგ დაიწყო ქართული კინოს აღორძინება.

[აუდიონაწყვეტი კინოფილმ ”მაგდანას ლურჯადან”]

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ წერილი მისწერეს სერგეი ეიზენშტეინს, კინოს გადაღება გვინდა, რა უნდა ვქნათ, მიზანს რომ მივაღწიოთო... ეიზენშტენმა, რომელიც იმხანად საავადმყოფოში იწვა, პასუხი არ დააყოვნა - აუხსნა, თუ სად შეიძლება მიეღოთ კინემატოგრაფიული განათლება და დაუმატა, კინორეჟისორის შრომა ძალიან მძიმეაო. დიდი რეჟისორის პასუხით აღფრთოვანებულმა ახალგაზრდებმა მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, დაიწყეს სწავლა, რომელიც თავიანთი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმით, ”მაგდანას ლურჯათი”, დაასრულეს... მაგრამ საბჭოთა ეპოქაში არამარტო კინორეჟისორის საქმე იყო მძიმე... ძალიან მძიმე აღმოჩნდა ეროვნული კინოს ხელმძღვანელობა, კინოსტუდიის დირექტორობა, იმ კინოსტუდიისა, რომელსაც მოსკოვში ხან ირონიით, ხანაც სრულიად სერიოზულად ”დიღმის ჰოლივუდს” უწოდებდნენ. მოსკოველ ჩინოვნიკებთან ურთიერთობა კომპრომისსა და დიპლომატიას მოითხოვდა. 70-იან-80-იან წლებში მოსკოვის შეტევამ ქართულ კინოზე კულმინაციას მიაღწია; კინოს იდეოლოგების გაღიზიანება იმანაც განაპირობა, რომ რეზო ჩხეიძის ინიციატივით თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში გახსნილი კინოსარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა დამოუკიდებელ სტუდიაში, ”დებიუტში”, დაიწყეს ფილმების გადაღება... ამ ფილმებს მოსკოვი არ იბარებდა, ამიტომ ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, ყველაფრის გადაღება შეეძლოთ... ამას დაემატა რეზო ჩხეიძის ქალიშვილის, თამარ ჩხეიძის, დისიდენტური მოღვაწეობა და ყველაზე მთავარი ამბავი - რეზო ჩხეიძის მეგობარმა და კოლეგამ თენგიზ აბულაძემ ”მონანიების” გადაღება დაიწყო... არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა ქართული კინო, რომ არა ლენინური პრემიით აღნიშნული ”რაიკომის მდივანი” - ერთგვარი ფილმი-ხარკი, რომელიც კინოსტუდიის მაშინდელმა დირექტორმა და დღევანდელმა იუბილარმა რეზო ჩხეიძემ გაიღო.

[მუსიკა ფილმიდან ”მშობლიურო ჩემო მიწავ”]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG