Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გაზით მომარაგების პრობლემა - ხელისუფლების იმედები და რეალური პერსპექტივები


30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და გაზისა და ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტი ალეკო ხეთაგური ბაქოს ესტუმრნენ.


საქართველოს დელეგაცია ეცდება ბაქოელი კოლეგები დაითანხმოს, რომ აზერბაიჯანი 2007 წლის იანვრიდან საქართველოს გაზის ძირითადი მომწოდებელი გახდეს. ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა აზერბაიჯანი საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მომავალი წლის მანძილზე დაახლოებით 1,8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდებას. რამდენად პერსპექტიულია, გაზის საკითხში ბაქო თბილისისთვის მოსკოვის ალტერნატივად ჩამოყალიბდეს?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ნოემბერს მინსკში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ, შესაძლებელია, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ზამთარში გაზის ძირითად მომწოდებლად იქცეს.

[სააკაშვილის ხმა] ”დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილხამ ალიევთან და მე ვფიქრობ, რომ ეს ზამთარი გახდება აზერბაიჯან-საქართველოს ძმობის ისტორიული მაგალითი.”

არადა, ცნობილია, რომ აზერბაიჯანი სერიოზულ პრობლემებს განიცდის გაზის იმპორტისა და ექსპორტის საკითხებში. გასულ კვირაში მოსკოვი ბაქოს 2007 წლიდან გაზის მიწოდების შემცირებითა და გაზის ფასის 230 აშშ დოლარამდე გაზრდით დაემუქრა, რათა ამ უკანასკნელს საქართველოს მოსამარაგებლად საჭირო რესურსი აღარ დარჩეს.

ასეთ პირობებში მყოფი აზერბაიჯანი ბოლო დრომდე თავს იკავებდა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან საქართველოსთვის დამატებითი გაზი მიეწოდებინა. პრეზიდენტების - სააკაშვილისა და ალიევის - მინსკში შეხვედრის შემდეგ კი მხარეები კვლავ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან დამატებითი მოცულობის გაზის საკითხს მიუბრუნდნენ. აი, რა განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ბაქოში გამგზავრებამდე:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ლაპარაკია იმაზე, რომ 2007 წლის იანვრიდან აზერბაიჯანი გახდეს გაზის მომწოდებელი საქართველოსთვის და საქართველოში შემოვიდეს იმაზე უფრო მეტი გაზი, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული. მოლაპარაკებები შეეხება სწორედ იმას, რომ გაიზარდოს ეს მოცულობა და მილიარდ-ნახევრამდე იქნეს მოწოდებული.”

ამასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც გაზის მოწოდების საკითხები საბოლოოდ გადაწყდება. ნოღაიდელისვე თქმით, საქართველოს კომპანიები ერევანში მოლაპარაკებას აწარმოებენ “გაზპრომის” შვილობილ კომპანია “გაზექსპორტთანაც”.

ენერგეტიკის ექსპერტის დავით ებრალიძის განცხადებით, ცუდი არ იქნება, თუ საქართველო ბუნებრივ აირს სამივე მომწოდებლისაგან მიიღებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა გაზის ფასის შესახებ, რადგან სამი მომწოდებლიდან ორი, რუსეთი და ირანი, 230 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასს ძნელად თუ დათანხმდება. აზერბაიჯანსაც გაუჭირდება უფრო იაფფასიანი გაზი მოგვაწოდოს, რადგან მოსკოვი ბაქოს სწორედ ამ ფასად მიჰყიდის გაზს საქართველოში ექსპორტის განხორციელების შემთხვევაში. დავით ებრალიძის კომენტარი:

[დავით ებრალიძის ხმა] ”რა ფასში იქნება შესყიდვა და მოსახლეობას რა ფასად მიეწოდება, შეიძლება დიდი განსხვავება იყოს. ხელისუფლება გარკვეულ დოტაციაზე წავა, მით უმეტეს, ამ ზამთარში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 230 დოლარი ეს ის ფასია, რასაც საქართველო მომავალში გადაიხდის.”(სტილი დაცულია)

გაზის ზუსტი საფასური, სამომხმარებლო ტარიფი და დოტაციის საკითხები დეკემბრის ბოლოსკენ გახდება ცნობილი - მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა და კომპანიები მომწოდებლებთან მოლაპარაკებას დაასრულებენ.
XS
SM
MD
LG