Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი საერთაშორისო გაერთიანება „დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ წარმომადგენლობით კონფერენციას მასპინძლობს


„დემოკრატიის განვითარება: საპარლამენტო დიპლომატიის როლის ზრდა“ - ასე ჰქვია ორდღიან კონფერენციას, რომელსაც საერთაშორისო გაერთიანება „დემოკრატიული არჩევანის საზოგადოება“ თბილისში მასპინძლობს.



კონფერენციის მსვლელობისას საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ინიციატივით 2005 წლის 2 დეკემბერს დაფუძნებული ეს გაერთიანება აღიჭურვება საპარლამენტო კომპონენტით, ანუ ასამბლეათი, რომელმაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანების დამფუძნებლებს - ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნებს - დემოკრატიის გაძლიერებაში, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ნინო ბურჯანაძემ თავის 15 წუთიან გამოსვლაში ყურადღება „დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ უმთავრეს მიზანზე გაამახვილა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ჩვენი ამოცანაა გავაფართოოთ დემოკრატიული სივრცე, ჩვენი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესები გაძლიერდეს და დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გახდეს.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დემოკრატიული სივრცის გაფართოება აწყდება დიდ და მედგარ წინააღმდეგობას, რომლის დასაძლევად „დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ წევრი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. და მართლაც, გაერთიანების დამფუძნებლები - საქართველო, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, მოლდავეთი, სლოვენია და მაკედონია - კონფერენციაზე მაღალი თანამდებობის პირებით არიან წარმოდგენილნი. მათ გარდა, სტუმრად იმყოფებიან ავსტრიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. რა შეიძლება აერთიანებდეთ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებს? მე ამ კითხვით საქართველოს საერთაშორისო კვლევებისა და სტრატეგიის ფონდის ხელმძღვანელს ალექსანდრე რონდელს მივმართე.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] „ალბათ, ყველაზე ცუდი სივრცე, რომელიც შეიძლება არსებობდეს დემოკრატიის განვითარებისთვის, არის საბჭოთა. მაგრამ ეს ქვეყნები, რომლებიც აქ არიან შეკრებილნი, წარმოადგენენ ახალგაზრდა დემოკრატიებს და მათ აერთიანებთ ის, რომ ამ საშინელ სივრცეში რამენაირად გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში დაეხმარება. როგორც ჩანს, დემოკრატიას დღეს ალტერნატივა არ აქვს მსოფლიოში და ეს შეკრება არის სწორედ ამის მაჩვენებელი.“(სტილი დაცულია)

ალექსანდრე რონდელის თქმით, გაერთიანების წევრი ქვეყნების ერთმა ნაწილმა საბოლოოდ დააღწია თავი ეგრეთ წოდებულ არადემოკრატიულ სივრცეს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ამბობს, საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და ამაში მას სწორედ რომ „დემოკრატიული არჩევანის საზოგადოება“ დაეხმარება. მაინც რა არის ამ ახალი საერთაშორისო გაერთიანების მთავარი მიზანი და რა როლი აკისრია მასში საქართველოს? გელა ბეჟუაშვილის პასუხი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “ეს არის დემოკრატიის განვითარება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ანუ ჩვენ პრაქტიკულად ხელს ვუწყობთ ჩვენი მაგალითით სხვა ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება არც იყვნენ ევროკავშირის უშუალო მეზობლები, მაგრამ გვიყურებენ და აინტერესებთ ჩვენი განვითარება. მეტიც, ჩვენს განვითარებაზეა დამოკიდებული მათი განვითარების ტემპი და საბოლოო შედეგი. ჩვენ დღეს გვაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. საქართველო უნდა გახდეს წარმატებული ქვეყანა, უფრო ზუსტად, უნდა გახდეს წარმატებული განვითარების მოდელი.“

მაგრამ განვითარებისთვის თანამშრომლობაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით იქმნება საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მნიშვნელობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ლაპარაკობს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „პარლამენტებს შორის ურთიერთობა მიმართული იქნება, მართლაც, იმისკენ, რომ ამ ფორუმის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელებაში პარლამენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ერთმანეთს მხარი დაუჭირონ.“

მხარი დაუჭირონ მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებში, რომლებიც, როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ბაქრაძე ამბობს, აისახება „დემოკრატიული არჩევანის საზოგადოების“ წევრი ქვეყნების მიერ პირველ დეკემბერს, კონფერენციის დასრულებამდე, მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ეს კომუნიკე, ჯერ ერთი, გამოხატავს უკვე დაფუძნებას „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის“ საპარლამენტო კომპონენტისა, რომ მონაწილეები თანხმდებიან ოფიციალურად დაფუძნდეს ეს საპარლამენტო ასამბლეა და განსაზღვრავს მის ძირითად ამოცანებს. გარდა ამისა, ჩაიწერება, რომ უნდა გაძლიერდეს პარლამენტებსა და კომიტეტებს შორის ურთიერთობა, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში. მათ შორის იქნება კონფლიქტები, პოლიტიკური სისტემების დემოკრატიზაცია და სხვა თემები.“(სტილი დაცულია).
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG