Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მითითება ქართველების თავიდან მოშორებაზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, კვლავ


”მითითება ქართველების თავიდან მოშორებაზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, კვლავ მოქმედებს” - ასეთი სათაური აქვს “24 საათში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს რგანიზაცია

”სამოქალაქო თანადგომის” თავმჯდომარესთან, ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრის, ”მემორიალის”, საბჭოს წევრ სვეტლანა განუშკინასთან. რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების განვითარებისთვის ხელშეწყობის საბჭოს წევრი საუბრობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე, რასაც რუსეთში ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა აშკარად ადასტურებს. განუშკინას დაკვირვებით, ”შესაძლოა, აჟიოტაჟი ოდნავ მიწყნარდა, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა: გრძელდება ბიზნესის დარბევა, ქუჩაში ადამიანების გაჩერება, ხალხი ისევ მიმღებ-გამანაწილებელშია და მათ გაშვებას არავინ ჩქარობს, იშვიათია სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება.” რესპონდენტი ამბობს, რომ ქართველების თავიდან მოშორება კვლავაც მკაცრ მითითებად რჩება: ”მათ არ აწვენენ საავადმყოფოებში და პრობლემები სასწრაფო დახმარების გამოძახებისასაც ექმნებათ.”

საგულისხმოა, რომ სვეტლანა განუშკინა 7 ნოემბერს ბრიუსელში ადამიანის უფლებათა შესახებ რუსეთსა და ევროკავშირს შორის გამართულ წინასწარ კონსულტაციებზე სპეციალური მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იდევნებიან. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”დაკავებულთა ყოფითი პირობები შეიძლება გათანაბრებულ იქნეს წამებასთან ”, რითაც უხეშად ირღვევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი - ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ.

”რუსეთმა სააკაშვილზე შურისძიება გადაწყვიტა” - ეს უკვე ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურია. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ”რუსეთს უნდა, სააკაშვილს ბოლო მოუღოს” და საქართველო დასაჯოს. რა ბერკეტებით აპირებს მეზობელი სახელმწიფო ამ ჩანაფიქრის განხორციელებას? რესპონდენტის პასუხი ასეთია: ” რუსეთი ძალიან ვერაგი სახელმწიფოა. რუსეთი არ არის დემოკრატიული სახელმწიფო და არ თამაშობს ცივილიზებული ფორმებით...რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს იმით, რომ 4-5 წლის განმავლობაში (თუ მეტის არა), ენერგორესურსების დახმარებით, დასავლეთზე ზემოქმედების სერიოზულ ბერკეტებს შეინარჩუნებს... რუსეთი აღარ არის ელცინის დროინდელი მაჩანჩალა სახელმწიფო. რუსეთი უკვე, თითქმის ყოფილი საბჭოთა კავშირის მსგავსად, მსოფლიო პოლიტიკის მკარნახებელი სახელმწიფოა,” - მიაჩნია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკო ორველაშვილი, ”ახალ ვერსიასთან” საუბრისას, სააკაშვილისა და პუტინის მინსკში შემდგარ შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას. ”ამ შეხვედრის ”პოზიტივი” ის არის, რომ, ერთი მხრივ, რუსეთმა დაიწყო ფიქრი ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ და, მეორე მხრივ, საქართველო მზადაა რუსული გაზი აზერბაიჯანის გავლით შეისყიდოს, - აღნიშნავს ორველაშვილი და განაგრძობს, - რუსეთმა დაიბევა ”მსო”-ში გასაწევრიანებლად საჭირო საქართველოს ხმა, საქართველომ კი უარი თქვა საკუთარ მოთხოვნაზე - რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება მოეხდინა.” ”ახალ ვერსიასთან” საუბრისას ნიკო ორველაშვილი გამოხატავს წუხილს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ეს შანსი არ გამოიყენა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG