Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიწერა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი?


ბოლო დღეებში მედიისთვის ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტი,

რომელიც მაუწყებლებისთვის ქცევის კოდექსის მიღებას ითვალისწინებს. კომისიაში ოთხი წევრია და, ფორმალურად, სწორედ მათზეა დამოკიდებული, რას ნახავს, ან რას ვერ ნახავს ტელეეთერით მაყურებელი. რატომ გახდა საჭირო მედიის რეგულაციის ახალი მექანიზმის მოფიქრება?

თავისუფალი მედიის ისტორია პოსტსაბჭოთა საქართველოში 1991 წელს დაიწყო. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მიიღო, იყო კანონი “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ”. მას ორი რევოლუციური კომპონენტი ახლდა: ცენზურის მოხსნა და მედიაში თავისუფალი ბაზრის დაშვება. მართლაც, ძალიან მალე გამოჩნდა გაზეთები, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გახდა არა მხოლოდ ინფორმაციის წყარო, არამედ, ერთგვარი სულიერი საზრდოც, რის მისაღებადაც დილაობით, როგორც წესი, გრძელი რიგი დგებოდა გაზეთის ჯიხურებთან.

შევარდნაძის პრეზიდენტობისას, როდესაც გაზეთების რიცხვი კიდევ გაიზარდა და ახალი ტელევიზიებიც დაფუძნდა, მედიამ მეტი და მეტი პრობლემა შეუქმნა ხელისუფლებას. ერთადერთი, რაც მაშინდელმა მთავრობამ საკანონმდებლო სფეროში შეძლო, ის იყო, რომ პარლამენტში შეიტანა ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში, რომელიც, ძველ ვარიანტთან შედარებით, ცილისწამებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებდა. ამჟამინდელი გენერალური პროკურორი და მაშინდელი პარლამენტარი ზურაბ ადეიშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც პროექტი გულდასმით წაიკითხა და მთავრობის ფარული ზრახვა გაახმოვანა - რის შემდეგ ცვლილებები სამუდამოდ დაიბლოკა.

თუმცა, შევარდნაძის ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ასვენებდა ფიქრი იმის შესახებ, რომ ძველ კანონს თავისი შესაძლებლობები სრულად ჰქონდა ამოწურული და საჭირო იყო მედიისთვის ახალი რეგულაციის მოფიქრება. ამ იდეას დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი”, რომლის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ლობირებდნენ კანონის მაგივრად “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” მიღებას. სხვაობა ის იყო, რომ კანონი შეზღუდვებს დააწესებდა, ინფორმაციის თავისუფლების აქტი კი, პირიქით, შეზღუდვებს მოხსნიდა. სწორედ ამ მრავალწლიანი ბრძოლის ინერციით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის ივნისში ახალმა პარლამენტმა მიიღო კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”. ამ უაღრესად ლიბერალურმა კანონმა მართლაც იმდენად გაათავისუფლა მედია არტახებისგან, რომ ზოგჯერ ჟურნალისტები თავად კითხულობდნენ: ამდენი თავისუფლება მეტისმეტი ხომ არ არისო?

გამოხდა ხანი და ხელისუფლების ძალისმიერმა პოლიტიკამ, რომელიც მედიის საერთო მდგომარეობაზეც აისახა, ლოგიკურად მოითხოვა “მეტისმეტად გათავისუფლებული” მედიისთვის რაღაც ახალი ჩარჩოს მოგონება - რასაც კანონის ჩასწორება არ ეყოფოდა. ახალი, ნაკლებად ლიბერალური კანონის მიღება კი, როგორც ჩანს, ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. ამიტომ, აქცენტმა ნელ-ნელა ეთიკის მიმართულებით გადაინაცვლა. პირველი სერიოზული მცდელობა, რომ არსებული კანონის პირობებში შექმნილიყო მედიის რეგულაციის ბერკეტი - მედიასაბჭო აღმოჩნდა. მედიასაბჭო არის ორგანიზაცია, რომელშიც საჩივრის შეტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუკი მიაჩნია, რომ მის მიმართ ჟურნალისტური სტანდარტი ან ეთიკური ნორმა დაირღვა. საბჭო იმსჯელებს და საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, საზოგადოებას გააცნობს.

როგორც ჩანს, მედიასაბჭოს შემქმნელება სწრაფად გააცნობიერეს, რომ ამ ბერკეტმა ვერ ივარგა და რამდენიმე თვეში უფრო ქმედითი მექანიზმი შეიმუშავეს ტელევიზიების ჩარჩოში მოსაქცევად. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც, ბედის ირონიით და გავრცელებული ინფორმაციით, სათავეს ისევ თავისუფლების ინსტიტუტიდან იღებს, მეტისმეტად დეტალურ ჩარჩოს ქმნის იმის განსასაზღვრად, თუ რა და როგორ უნდა გადასცეს ნებისმიერმა ტელევიზიამ - კერძომ თუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. კოდექსის დარღვევა კი უკვე სანქციებსაც ითვალისწინებს. ზოგადი სურათის აღსაწერად ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ დღევანდელი კანონი მცირე მოცულობისაა და სიტყვების რაოდენობით ათჯერ ნაკლებია “სქელტანიან” ქცევის კოდექსზე: კანონი 2000 სიტყვას მოიცავს, კოდექსი კი 26 700-ზე მეტს. თუ კოდექსი ამოქმედდება, ყველა ტელევიზია სწორედ 26 700 სიტყვიანი ინსტრუქციის ალყაში მოექცევა და ლიბერალური კანონის გავრცელების არეც სერიოზულად შეიზღუდება. რაც შეეხება თავად კოდექსს, მის შესახებ სხვა გადაცემაში ვისაუბრებთ.

XS
SM
MD
LG