Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ნატოს “ინტენსიური დიალოგის” პირველი შეხვედრა ბრიუსელში


დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, დაიწყო კონსულტაციები საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.


შეხვედრას, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც საქართველო “ინტენსიური დიალოგის” წევრი გახდა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში მარტინ ედმანი ხელმძღვანელობს, მათთან დიალოგს კი საქართველოს მხრიდან სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და 11 მინისტრის მოადგილე აწარმოებენ. ნატოს პროცედურის თანახმად, თუ ინტენსიური დიალოგის ეტაპს საქართველო სწრაფად გაივლის, რაშიც თბილისი ღრმად არის დარწმუნებული, ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ჩაერთვება. თუმცა თავად ნატოში ამ საკითხზე უფრო ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ.

საქართველოს მრავალრიცხოვანი სამთავრობო დელეგაცია ნატოს რიგის სამიტიდან, სადაც საქართველოს მისამართით, ქათინაურების გარდა, მკაფიო მოთხოვნებიც გაჟღერდა, ორი კვირის თავზე ჩადის ბრიუსელში. რიგის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს მიხედვით, საქართველო ვალდებულია განაგრძოს წარმატებული რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, აგრეთვე მიაღწიოს პროგრესს სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართულებით. შესაბამისად, ბრიუსელში მყოფმა საქართველოს დელეგაციამ უნდა შეძლოს არგუმენტირებულად დაარწმუნოს ნატოს ჩინოვნიკები, რომ ხელისუფლება მზად არის მიიღოს ეს გამოწვევა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწემ ნათია ჩიქოვანმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სახელმწიფო მინისტრთან ერთად დელეგაციაში ყველა საკვანძო სამინისტროს მეორე პირია წარმოდგენილი და ასეთ რეჟიმში შეხვედრები მომავალი წლის დასაწყისიდან განახლდება:

[ნათია ჩიქოვანის ხმა] ”სექტემბრის შემდეგ ეს არის პირველი ასეთი მოლაპარაკება, სერიოზულ დონეზე. მერე კი იანვრიდან იქნება. ეს ხუთი თავი რაც არის IDP-ის(“ინტენსიური დიალოგის” პროგრამის), ამ ხუთ თავზე იქნება ცალ-ცალკე ხუთი შეხვედრა, ცალ-ცალკე განხილვა ხუთივე თავის.”[სტილი დაცულია]

უკრაინის შემდეგ საქართველო მისი პოსტსაბჭოთა სამეზობლოდან მეორე ქვეყანაა, რომელიც ნატოში ინტეგრაციას ”ინტენსიური დიალოგის” რეჟიმში განაგრძობს. დიალოგი არ არის პუნქტობრივად გაწერილი გეგმა, როგორც მისი წინამორბედი IPAP- ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა - გახლდათ, თუმცა დემოკრატიული რეფორმები და პროგრესი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით ალიანსის უცვლელი მოთხოვნებია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რადიო ”თავისუფლებას” ჯერ კიდევ რიგის სამიტზე უთხრა, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლება რეფორმების ტემპს კიდევ უფრო განავითარებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”საქართველოსგან მოელიან გაგრძელებას იმ რეფორმებისა, რომლებიც დაიწყო - მათ შორის, იმ სფეროებში, რომლებიც თქვენ დაასახელეთ. და საქართველოს სწორედ იმიტომ აქვს შანსი, რომ ის, ყველა შეფასებით, არის მაგალითი რეგიონში. და, ტემპის თვალსაზრისით, არის მაგალითი არამარტო რეგიონში.”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ხორვატიამ სარეკორდოდ მცირე დროში - დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში - დაასრულა “ინტენსიური დიალოგის” ფაზა და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოიპოვა. მაგრამ შეძლებს თუ არა საქართველო გაიმეოროს ხორვატიის მაგალითი? ნატოს რიგის სამიტზე, ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ რადიო ”თავისუფლების” შეკითხვაზე განაცხადა, რომ ”ინტენსიური დიალოგის” ფარგლებში საქართველომ საკმაოდ წარმატებული სტარტი აიღო, თუმცა პროგნოზებს საკმაოდ მოსწრებული პასუხით აარიდა თავი:

[ჯეიმს აპატურაის ხმა] ”ასეთ შორეულ მომავალს მე ვერ განვსაზღვრავ. ნატოს პოზიცია მკაფიოა - საქართველოსთვის “ინტენსიური დიალოგის” სტადია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხოლოდ ახლა დაიწყო. ეს ეტაპი ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ნამდვილი “ინტენსიური დიალოგი” და უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეფორმის საქმეში. ნატოს წევრ ქვეყნებს სწორედ ამ პროცესში სურთ წვლილის შეტანა. ეს აუცილებელი ნაბიჯია. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება 2008 წლის სამიტზე, თუ კვლავ ამ პოსტზე ვიქნები, იქ შეგხვდებით და გეტყვით.”

აი, ასეთი შეფასებების ფონზე იწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული ინდივიდუალური დიალოგის პროგრამის განხილვა ბრიუსელში. თუმცა თავად საქართველოში, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, დღეს გაისმოდა მოწოდებები, რომ ალიანსმა და მისმა საპარლამენტო ასამბლეამ შეწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG