Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ლალი მოროშკინა ამ კვირაში სადღიურო ჩანაწერებს

აწარმოებდა კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა.

5 ნოემბერი, კვირა
ბავშვობიდან არ მიყვარს ზაფხული და შაბათ-კვირა. ვერ ვიტან, როდესაც ჩემი ქალაქი ცარიელდება, დარაბები იხურება და ქუჩებშიც ჩვეული ხმაური აღარ ისმის. ამიტომ, ე.წ. "ვიკენდებზე", გავურბივარ ქალაქს, რომ დაბრუნებულს კვლავ ჩვეული ხმაური და სიცოცხლე დამხვდეს.
მაშ ასე, 5 ნოემბრის კვირა დღეც მიიწურა. არაფრით გამორჩეული და საინტერესო. კვირაობით ვცდილობ, არ დავიტვირთო მასმედიით, რათა ახალ კვირას უფრო დასვენებული თვალით შევძლო ახალი მოვლენების აღქმა. იმ მოვლენების, რომელიც ჩემი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს, რადგან სწორედ ახლა იბადება საქართველოს ახალი ისტორია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ხშირად ვფიქრობ: რაღა ჩემს თაობას ერგო ამდენი განსაცდელი? 9 აპრილი, ომები, ომები, ომები... და უსამართლობა.
ალბათ, ესეც გამოცდაა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის წინ. იქნებ, ამ უსამართლობაში, ტყუილსა და ფარისევლობაში იბადება სიმართლე. ის სიმართლე, რომელიც ერთადერთი იქნება.
ამასობაში ვუახლოვდები ჩემს ქალაქს. ისევ გადათხრილი გზები, ისევ დიმპიტაური დიღმის დუქნებში, ისევ უპატრონო ბავშვები გადასასვლელებზე და უსიცოცხლო შადრევნები. ალბათ, მათაც შესცივდათ, დღეს ხომ საშინელი ქარი ქროდა.
ისე, ქარი ყოველთვის შფოთს მგვრის. არა, დაწყნარებული და უშფოთველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ქარი სულ სხვაა... კიდევ ერთი აზუზუნება და ჩემს ჩანთაში ტელეფონის აწკარუნება ერთია. თხუთმეტიოდე წუთში ვუერთდები ჩემს მეგობრებს ერთ-ერთ ქალაქურ რესტორანში.
...და ისევ ჩვეული სადღეგრძელოები ცვლიან ერთმანეთს: დედ-მამისშვილები, მშობლები, წასულები, ახლად დაბადებულები, სამშობლო... და, როგორც არასდროს, მე ეს ყველაფერი მსიამოვნებს. არა, სულაც არ არის ეს ბახუსის გავლენა. უბრალოდ, ჩემს ქალაქში ისე წვეთ-წვეთ ქრება ტრადიციაც, წეს-ჩვეულებაც და ადათიც, რომ ყოველი დღე, ქართული ტრადიციით ნაცხოვრები, უკვე ბედნიერებაა. აბა, ამ ახალი უნარ-ჩვევებით სად წავალთ და სად მოვხვდებით? ამაზე პასუხი, ალბათ, მხოლოდ მათ ავტორებს აქვთ და არა მგონია, მე და ჩემნაირებს გვაკმაყოფილებდეს. ხო, სამშობლოზე შევჩერდი. გაუმარჯოს! ოღონდ, როგორ? რამდენი "უ" უნდა დაერთოს წინ? უსამაჩაბლოდ, უაფხაზეთოდ, უდავითგარეჯოდ, ურწმენოდ... და კიდევ ბევრი "უ","უ","უ". რატომ ურწმუნოდ? იმიტომ, რომ ციხის საკნებშიც კი იეღოვა შედის. უსუსურებს აწამებენ, სანთელი აღარ ინთება. აი, ამიტომ.
ტყუილად არ მითქვამს, ქარი შფოთს მგვრის-მეთქი. დღეს ამით შემოვიფარგლოთ. ძველი ქართული ტრადიციით, ღმერთ-ხატი ვახსენოთ. დღე ღამეს უთენებია...

6 ნოემბერი, ორშაბათი
საშინლად დაძაბული დღე მქონდა. აბსოლუტურად უჩვეულო ამპლუაში, პროფესიული კრივის სფეროში მიწევს მუშაობა. როგორ მოვხვდი ამ "გაუგებრობაში"? ეს სულ სხვა თემაა, რომლის გადმოცემას საათი, დღეები და თვეებიც არ ეყოფა. მაშ ასე: მე, "ბოქსინგ-ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი ლალი მოროშკინა 9 ნოემბერს ვამზადებ გრანდიოზულ პრეზენტაციას კვირის ორთაბრძოლებისა.
მომბეზრდა იმის ყურება, როგორ გულშემატკივრობენ ქართველი ფანები გვინეის ან ზიმბაბვეს რომელიღაც გუნდს და, სახედახოკილები, თავს ისტერიულ მდგომარეობაში იგდებენ. ამდენ ძალას საკუთარ თანამემამულეებს რომ ახარჯავდნენ, ბევრად უკეთესი შედეგები გვექნებოდა. თანაც, ფეხბურთში ხომ წლების მანძილზე სულ ვაგებთ და ვაგებთ! რას ვაჩვევთ მომავალ თაობას? წაგებულის და ჩაგრულის ფსიქოლოგიას ვუნერგავთ? და ეს მაშინ, როცა კრივშიც და ჭიდაობაშიც საკუთარი მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. სად არის მათი ფანკლუბები? ეს ყველაფერი იმდენად საგანგაშო არ იქნებოდა, რომ არა აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკა ქვეყანაში, სადაც არც ერთი სპორტსმენი არ უდგას სათავეში სპორტულ ფედერაციას, მათი ადგილი ნაციონალებმა დაიკავეს. დილეტანტიზმი საშიში სენია. როდესაც საქართველოს ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი და მას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ცვლის პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც კრივი ტელევიზიითაც არ უნახავს, ამით ყველაფერი ნათქვამია.
მოკლედ, დღეს 600 მოსაწვევი დავარიგე და, ჩემი აზრით, ყველა, ვინც ამ სანახაობას დაესწრება, კმაყოფილი დარჩება. შოუების მოწყობა ჩემი სტიქიაა!
ისე, დღეს ერთ პრეზენტაციაზეც მოვასწარი მისვლა. ეს ანრი ჯოხაძის გახმაურებული, სკანდალური კლიპი იყო. ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვისაც ვიღაცის სიშიშვლის დანახვაზე გუგები უფართოვდება. ხანდახან მგონია, რომ ისინი აბაზანაშიც ჩაცმულები შედიან და იმდენად სძაგთ საკუთარი სხეული, რომ სხვის დანახვაზე გული უსკდებათ. რა მოხდა მერე, თუ ეკრანზე ცოტა სიშიშვლე გამოჩნდა? იაპონელი პოეტი მესიმე წერდა: "Все обнаженное прекрасно, лишь раздетое смешно." ქართული თარგმანი, სამწუხაროდ, არ ვიცი. ისე, იცის სიმღერა ამ კაცმა და რას ერჩი?
დავამთავრე თეიმურაზ კვარაცხელიას რომანის – "ჯვართამტვირთველნი" – კითხვა, რომელმაც ჩემზე შოკივით იმოქმედა. ძალიან სიღრმისეული აღქმაა ქართულ-აფხაზური ომის და ჩვენი უახლესი ისტორიის.
იმედია, დღეს აღარაფერი მოხდება. თუმცა, მეტი რა უნდა მოხდეს? დსთ-ში ვრჩებით, გაზი ძვირდება, გეპეი უქმდება, ყაზბეგი იყინება, ხორბლის მარაგი ილევა, მესხიშვილი ჯანდაცვის მინისტრობაზე "ჩალიჩობს", სოზარს უსმენენ, პრეზიდენტს არ ესმის...

7 ნოემბერი, სამშაბათი
დღევანდელი დღე განსაკუთრებული მოვლენებით არ გამოირჩეოდა. პრაქტიკულად, დავამთავრე "შავი სამუშაოები", ანუ მოსაწვევების და ბილეთების დარიგება, სპონსორებთან მოლაპარაკება, ტელევიზიებთან შეთანხმება და მოახლოებული პრეზენტაციის სცენარის დაწერა. მიჩვეული ვარ, რომ საკუთარი თანამდებობისგან განურჩევლად – მინისტრის მოადგილეობით დაწყებული, ჟურნალის რედაქტორობით დამთავრებული – კაციც და ქალიც მე ვარ. რამდენიმე თვის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა: მოველაპარაკე სპონსორთა ჯგუფს ჩემს ჟურნალ "დომინოში" რეკლამის განთავსების თაობაზე და ერთ-ერთი ბაზიდან სარეკლამო "ფლაიერები" უნდა წამომეღო. როდესაც მივედი ჯინსებში, ბოტასებით და ჭუჭყიანი მანქანით, ბაზაში მომუშავე ერთმა მუშამ შემათვალიერა, გამომიტანა მძიმე ყუთები და მითხრა: რა უნამუსოა ეგ თქვენი მაროშკინა, გოგოებს რომ გაზიდინებთ ტვირთსო. ასეც ხდება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ გინდა, საქმე გამოგივიდეს, შავიც და თეთრი სამუშაოც თვითონ უნდა შეასრულო.
დღეს ბებიაჩემი მესამედ გახდა 80 წლის. ვერაფრით ვერ დავადგინეთ მისი დაბადების რეალური თარიღი. ღმერთმა ბევრჯერ მიმალოცინოს მისთვის ეს თარიღიც და სხვაც. საერთოდ, ჩვენს გვარში პრაქტიკულად ყველა ნოემბერში ვართ დაბადებულები. რა ამბავია ერთ საგვარეულოში ამდენი ღრიანკალი! სხვას თუ ვერ უკბინეს, მერე თავის თავს კბენენ. ისე, მეც ასე ვარ!
დაბადების დღიდან მე და ჩემი შვილები წავედით ცეკვაზე. უფრო სწორად, ცეკვაზე 7 წლის გიორგი წავიდა, მე და ჩემი უფროსი ვაჟი სანდრო, რომელიც რამდენიმე დღეში 20 წლის გახდება, პატარას მორჩილად ველოდებოდით პიონერთა სასახლის დერეფანში. ხანდახან მიკვირს კიდეც, ასაკში 13-წლიანი სხვაობის მიუხედავად, როგორი თბილი და ყურადღებიანია სანდრო თავისი ძმის მიმართ. არ ეზარება მისი არც ერთი კაპრიზის შესრულება. მეც, შესაბამისად, მიუხედავად ჩვენს შორის 16-წლიანი სხვაობისა, ვცდილობ, სანდროსთვის ვიყო დაც, დედაც და მეგობარიც. როდესაც ერთად ვიკრიბებით ჩემი ძმა თავისი შვილით და მე ჩემი შვილებით, დედაჩემი ყველას ერთად გვაერთიანებს და თავის შვილებს გვეძახის, რადგან ჩვენთან ადრეული ქორწინებები ჩვეული ამბავია და, შესაბამისად, მშობლებსა და შვილებს შორის სხვაობა მინიმალურია. კიდევ კარგი, სანდრო არ მიყვება ოჯახურ ტრადიციას, თორემ მე უკვე სტაჟიანი ბებია ვიქნებოდი.
ეს იყო და ეს. ერთი ჩვეულებრივი დღეც მიიწურა. ასეთი დღის ბოლოს, როგორც წესი, სანთელს ვანთებ და ღმერთს მადლობას ვეუბნები უშფოთველი საათებისთვის.

8 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილა ჩვეულებრივი რეჟიმით დაიწყო: სკოლა, მაღაზია, სადილი, რეპეტიცია.
დღეს ძალიან დაღლილი ვარ და ვნერვიულობ. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ყველაფერი ღმერთის ხელშია...

9 ნოემბერი, ხუთშაბათი
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! ჩემი დილა თავის მოწესრიგებით დაიწყო, რადგან ყოველი პრეზენტაცია, პირველ რიგში, საკუთარი თავის წარმოჩინებაა. აუცილებელი პროცედურების და გარდერობის შერჩევის შემდეგ, გავემგზავრე კლუბში, სადაც ბოლო სამზადისი მიდიოდა.
საღამო გახსნა გია ფარადაშვილმა, შემდეგ გააგრძელა გივი სიხარულიძემ და დაიწყო...
ძლიერი, კაცური კრივი ჰაეროვან და ნარნარ ქალთა კორდებალეტს ენაცვლებოდა. სხვათა შორის, ეს შერწყმა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ის ხალხიც კი, ვინც პრეზენტაციაზე ზრდილობის გამო მოვიდა, კმაყოფილი უკრავდა ტაშს.
ჩემი იდეა ქალთა ფან-კლუბის შექმნის შესახებ ძალიან მომგებიანი გამოდგა და საქართველოს მშვენიერი ქალბატონები, რომლებიც რინგზე კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ღირსეულად ჩაუდგნენ სათავეში ამ წამოწყებას. ნანა პატარკაციშვილი, ანა გიუნტერი, ნანა შონია, მარინა სალუქვაძე – ეს იმ ქალბატონების არასრული სიაა, რომლებმაც ითავეს ქართული კრივის წარმოჩინება.
ყველა სუფრაზე გაცხარებული კამათი გაიმართა, რომელი სპორტსმენი გაიმარჯვებდა. ზურა დოიჯაშვილი მობილურით იღებდა ფოტოებს, ზურა შარია ხმამაღლა გულშემატკივრობდა, დათო კიკალიშვილი კი "პოსტკრიპტუმისთვის" აგროვებდა მასალას.
მოკლედ, ყველამ ისიამოვნა, ხოლო დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 600 მოსაწვევით 800 სტუმარი გვწვევია. ეს თბილისისთვის დიდი ამბავია...
რა თქმა უნდა, ყველაფერი რესტორანში გაგრძელდა და საღამომ თავისი ლოგიკური დასასრული ჰპოვა.
ხვალ კი ხვალე იქნება...

10 ნოემბერი, პარასკევი
დილიდან რამდენიმე წინადადება მივიღე. ერთი: ტელეკომპანია "იმედზე" ახალ გასართობ გადაცემაში მონაწილეობა. მეორე: დილის საუზმის მომზადება ეთერში, რამდენიმე ინტერვიუ პრესისთვის რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ა.შ.
დროა, ჩემს ჟურნალსაც მივხედო. იმის გამო, რომ "აეროფლოტი" აღარ დაფრინავს და კომერციული ინტერესიც განელდა, "დომინოს" პრობლემები შეექმნა. არადა, ახლა ყველაზე აქტუალური იქნება იმ თემების გაშუქება, რომელიც ორი მეზობელი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. რას იზამ, დღევანდელი ავიაცია ვის ხელშიც არის, მას, როგორც ჩანს, ის არ ადარდებს, რაც მე...
ჩემი დაბადების დღემდე 8 დღე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თადარიგი ახლავე უნდა დავიჭირო. მოველაპარაკო რესტორანს, მუსიკოსებს, და შევაჯერო დაპატიჟებულთა სია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩემთვის სტუმარი უზენაესია და ჩემთან სტუმრობით ის მაქსიმალურ სიამოვნებას უნდა იღებდეს. რა დასამალია და საჩუქრებიც ძალიან მიყვარს...
დაბადების დღესთან დაკავშირებით მეგობრები მეხუმრებიან: შენთან ყველა იკრიბება, პრეზიდენტის და ილია მეორის გარდაო. არა, დღევანდელ პრეზიდენტს არ გულისხმობენ - ის სწორედაც სულ იყო ჩემი სტუმარი, ოღონდ – სანამ გაპრეზიდენტდებოდა. პრეზიდენტზე ერთი ამბავი გამახსენდა: 2000 წლის 1 ნოემბერია. წამოვედი "ვესტნიკიდან" და, საერთოდ, ტელევიზიიდან. ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველო" და სამცხე-ჯავახეთში წავედი ქართულ-სომხური ურთიერთობების "დასალაგებლად". ამ დროს რეკავს ტელეფონი: ქალბატონო ლალი, ედუარდ შევარდნაძეს უნდა თქვენთან შეხვედრაო, გაისმა მკაცრი ტონით. ვიფიქრე, მეგობრები მაშაყირებენ-მეთქი და საშინლად გამოვლანძღე. ზარი მეორედაც გაისმა და ახლა უფრო მკაცრი ტონით გამომიცხადეს, რომ ეს ხუმრობა არ არის. მესამე დარეკვაზე ყველაფერი გასაგები გახდა და მეც შევხვდი მაშინდელ პრეზიდენტს, რომელმაც მამა-შვილურად ბლიც-გამოკითხვა ჩამიტარა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილედ დამნიშნა.
კანცელარიის შენობიდან გამოსვლა ვერ მოვასწარი, რომ პირველი მოლოცვაც მივიღე. ეს საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ასე მითხრა: რახან ბაბუმ შენ დაგნიშნა, ესე იგი, ჯერ არ დაბერებულაო. ეს ისე, ცოტა რამ მოგონება ახლო წარსულიდან.
მოკლედ, ახალი სამზადისი მეწყება. რა ვქნა, არ შემიძლია წყნარად ცხოვრება. ადრენალინი ჩემი ორგანიზმის განუყოფელი ინგრედიენტია...
და აი, უკვე დამშვიდობებას ვაპირებდი, როცა საინფორმაციო საშუალებებით შოკისმომგვრელი ინფორმაცია მოვისმინე. თავიდან დავფიქრდი: 1 აპრილი ხომ არ არის მეთქი? ოქრუაშვილი ეკონომიკაშიო? ბავშვობაში მასწავლიდნენ – უპირო კაცი მოღალატეზე უარესიაო. აკი 1 იანვარს ცხინვალში ვიქნებიო? არა, ბატონო ირაკლი, თქვენი ხვედრი 1 იანვარს ჩურჩხელის ამოვლება და გაყიდვაა და იცით, სად? ალბათ, ისევ საქართველოში. რუსეთს თქვენი არაფერი უნდა, ამერიკამ თავისი არ იცის, სად წაიღოს. თანაც, ბუშს ახლა სულ არ ეჩურჩხელება...
ისე, როგორ უჯერებს სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას! არჩევნების მეორე დღეს იმანაც თავდაცვის მინისტრი მოიშორა. ამათთვის ხომ მზე ამერიკის კონტინენტიდან ამოდის.
გაწბილებულო ქართველებო! ელოდეთ სამაჩაბლოში შესვლას! ჩვენ კი ხვალ იქნებ მერაბიშვილიც ვიხილოთ რომელიმე ახალ პოსტზე. მაგალითად, ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსად.

11 ნოემბერი, შაბათი
ვრთავ ტელევიზორს და ნერვები მეშლება. ორგანულად ვერ ვიტან მოღალატეებს.
ვერ ვიტან, როდესაც სამაჩაბლოს მოახლოებულ არჩევნებს ქართული მხრიდან მხარს უჭერენ. სად ხართ, ხალხნო? ვის ემსახურებით? არ იცით, რომ არაღიარებული რესპუბლიკის არჩევნებში მონაწილეობა აღიარების ტოლფასია? ნუთუ ღირს მატერიალური ანაზღაურება და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მონობა საქვეყნოდ თავის მოჭრად? დღეს ხომ არ მთავრდება ცხოვრება? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა დაკარგულ ტერიტორიებზე, პრაქტიკულად, უარი ვთქვით.
ვერ ვიტან, როცა გაზზე და ელექტროენერგიაზე ტყუილებით გვჭყეპენ და ჩუმად ისევ რუსეთზე გვყიდიან. ვერ ვიტან, როცა საცოდავ გიორგი მიქიაშვილს წამებით კლავენ და პრეზიდენტს არ ესმის არც არასამთავრობოების, და არც ადამიანების. ვერ ვიტან, ნატოთი, როგორც სატყუარათი, რომ გვატყუებენ. ვერ ვიტან, გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელები ისევ ქუჩაში რომ დასეირნობენ.
ვერ ვიტან მლიქვნელობას, სიაფანდობას და არაკაცობას! იმდენ რამეს ვერ ვიტან... ან სერიოზულად ცუდად არის ქვეყნის საქმე, ან მე მაქვს სერიოზული ნევროზი.
ჰოდა, შაბათია და წავედი ქალაქგარეთ დასასვენებლად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG