Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და ძირითადი პარამეტრები


29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

მომავალი წლის საფინანსო გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, გრანტების ჩათვლით, 3 მილიარდ 703 მილიონ ლარს შეადგენს, ხარჯვითი ნაწილი კი 4 მილიარდ 68 მილიონი ლარის ტოლია. 2007 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია, ჯანდაცვა, განათლება და გზების რეაბილიტაციაა და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკა. მისთვის ადრე გათვალისწინებულზე 88 მილიონი ლარით მეტი გამოიყოფა. მინდა უფრო კონკრეტულად გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ გადანაწილდა საბიუჯეტო სახსრები და რა შენიშვნები აქვთ პარლამენტის წევრებს მომავალი წლის საფინანსო კანონის მიმართ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად სამი თვის წინ შევიდა. მაშინ არავინ იცოდა, თუ რა მოცულობის თანხა გახდებოდა საჭირო რუსეთის გაძვირებული გაზის სუბსიდირებისთვის. შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტის პროექტში შევიდა ორიოდე დღის წინ, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა, ენერგეტიკის სამინისტროს დამატებით 120 მილიონი ლარი გამოუყოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მოცულობით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა, ენერგეტიკა კი - მხოლოდ 88 მილიონით. ოპოზიცია ცვლილებების დეტალებით დაინტერესდა, თუმცა უშედეგოდ.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”აგვიხსენით, რით იყო განპირობებული ბოლო ერთი კვირის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს ასიგნირებები...”

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ამ კითხვას პარლამენტში 2007 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმდგარმა პრემიერ- მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა შემდეგი პასუხი გასცა:

[ნოღაიდელის ხმა] ”ოპოზიციის წარმომადგენლებს მშვენივრად ესმით, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლო ერთი კვირის მანძილზე არ ჩამოყალიბებულა...”

ასეთივე პასუხები გაიცა იმაზეც, თუ სოციალური სფეროს რომელ პროგრამებს დააკლდა ენერგეტიკისა თუ თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად 49 მილიონი ლარი.
59 მილიონი დააკლდება ეკონომიკის სამინისტროსაც, ძირითადად, გზების მშენებლობის შემცირების ხარჯზე. 16 მილიონით შემცირდა დევნილთა დაფინანსება და განათლების სამინისტროს 8 მილიონი ჩამოეჭრა. საპარლამენტო უმრავლესობა შემდეგ არგუმენტებს იშველიებს თავდაცვის დაფინანსების მოულოდნელი ზრდისა და სოციალური თუ ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირების დასასაბუთებლად. მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე:

[დავით კირკიტაძის ხმა] ”გაოცებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მივეჩვიეთ კრიტიკას. მე არ მესმის, რატომ არ უნდა სურდეს და რატომ არ უნდა უხაროდეს, როდესაც იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი...”(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი გამოსვლის ფრაგმენტი 2007 წლის ბიუჯეტის მხარდასაჭერად, დეპუტატი ოთარ ღორჯომელაძე:

[ოთარ ღორჯომელაძის ხმა] ”მართლაც აღტაცებული ვარ და მიხარია, რომ იგივე ტრიბუნასთან იგივე პიროვნება... რა თქმა უნდა, ამის არდანახვა არ შეიძლება.”(სტილი დაცულია)

ამ გამოსვლების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა 2007 წლის ბიუჯეტის უპირატესობებს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტით და ის კარგად დაბალანსებული დოკუმენტია...”

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ, ამ ეგრეთ წოდებული დაბალანსებული დოკუმენტის მიხედვით, 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში თავს მოიყრის 3 მილიარდ 703 მილიონი ლარი და მასზე გაცილებით მეტი, 4 მილიარდ 68 მილიონი ლარი, დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG