Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით იყო გამორჩეული 2006 წელი?


2007 წელი 2006-ის მსგავსად საქართველოსთვის ბუნებრივ აირზე ფასის გაძვირებით იწყება. 2006 წელი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით,

თუმცა არც ამ მხრივ შეინიშნება ვითარების გაუმჯობესება. რაც შეეხება ეკონომიკას – უმუშევრობა კვლავაც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ხარვეზად რჩება. სასამართლო რეფორმის სფეროში შეინიშნება გარკვეული აქტივობა, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობის მოსაპოვებლად აქაც საქმის უმეტესი წილი გასაკეთებელი რჩება. მიმდინარე წელს განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩეოდა სამთავრობო ცვლილებები. ნინო გელაშვილი შეეცდება შეგახსენოთ გასული წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები:

გასული წლის პირველი უმნიშვნელოვანესი ამბავი საქართველოს მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა აუწყა: ფრინველის გრიპი ქვეყნის რეალურ საფრთხედ დასახა, საყოველთაო მობილიზაციაც გამოცხადდა და სხვა ქვეყნების მსგავსად შინაური ფრინველის ხოცვასაც შეუდგნენ. თუმცა, ფრინველის გრიპის საფრთხით გამოწვეული პირველი მღელვარება ჩამცხრალიც არ იყო, რომ ქვეყანას სრულიად რეალური კრიზისი დაუდგა – ენერგოკრიზისი: 22 იანვარს, გამთენიისას რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა, მწყობრიდან გამოვიდა მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზი “კავკასიონიც”. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი ენერგოსაბოტაჟში დაადანაშაულა:

[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მუქარა რუსეთის თანამდებობის მრავალი პირისგან, რომ ჩვენ გაგვითიშავენ გაზს, რომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ გამოვიდეს მწყობრიდან ელექტროგადაცემის ხაზი, რომ ჩვენ ვნახავთ, როგორ გავიყინებით ცივ ზამთარში. ეს ყველაფერი განხორციელდა უპრეცედენტოდ ცივი ტემპერატურების დროს. ვიცით, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს უკიდურესად არასტაბილურ, უკიდურესად არასაიმედო, უკიდურესად კაპრიზიან, პოლიტიკურ რყევებზე დამოკიდებულ შანტაჟისტთან”.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხი 2006 წლის დასაწყისშივე მწვავედ დადგა და დროებითი ზომებიც გატარდა, გაზსადენის აღგდენიდან წლის დასასრულის მოახლოებამდე, როცა რუსეთმა საქართველოს ბუნებრივ აირზე ფასის ორჯერ და მეტად გაზრდის შესახებ აცნობა, ქვეყნის ხელისუფლება აქტიურ ზრუნვას აირის მიღების გზების დივერსიფიკაციისთვის არ შედგომია. თუმცა, აირზე ფასის მორიგ გაძვირებამდე იყო რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვა, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს სახელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ისევე ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის პრეზიდენტისა [ონიშჩენკოს ხმა ფონად].

ქართული პროდუქციის აკრძალვას რუსი ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალი, სავიზო ომი, სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტა, ქართველთა შევიწროვება-დეპორტაცია რუსეთიდან და ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა შორის გაცვლილი ათეულობით საპროტესტო ნოტა მოჰყვა. რუსი ჯაშუშების დაკავებით გამოწვეულმა დაძაბულობამ განსაკუთრებით შეაშფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პირადად მიიღო მონაწილეობა ჯაშუშების სამშობლოში დაბრუნებაში:

[დე ჰუხტის ხმა] “მადლიერი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მისი კეთილი ნების ჟესტისთვის. მან მიიღო ეუთოს შეთავაზება გადაეჭრა ეს საკითხი, რაც, აქვე გეტყვით, რომ გასულ შაბათს შეთანხმდა და რაც ვიმედოვნებ შეამცირებს დაძაბულობას. ცალსახად მოვუწოდებ რუსეთს გადადგას მსგავსი ნაბიჯები დაძაბულობის სწრაფად შესამცირებლად”.

დაძაბულობა არც სწრაფად შემცირებულა და არც ნელი ტემპით. ჯაშუშების გადაცემისას მიხეილ სააკაშვილმა სრულიად ცალსახად განაცხადა, რომ მისი კეთილი ნების ჟესტი დასავლელი პარტნიორებისთვის ანგარიშის გაწევის გამოხატულება იყო და არავითარ შემთხვევაში პასუხი რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე.

მიმდინარე წელს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრებს ურთიერთობების დათბობის თვალსაზრისით შედეგი არ გამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილიცა და პუტინიც ცდილობდნენ დიპლომატიურები ყოფილიყვნენ, ივნისშივე, სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშკარად ჩანდა, რომ შეხვედრა-შეხვედრად დარჩებოდა:

[სააკაშვილის ხმა] “ბუნებრივია, ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, რომ ტერიტორიები წაგვგლიჯონ. ვფიქრობ (და ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ამის შესახბე არაერთხელ უთქვამს), რომ რუსეთს ასეთი განზრახვა არ გააჩნია. ეს დიდი ქვეყანაა და უშველებელი ტერიტორია აქვს და ეს მე დღეს კიდევ ერთხელ თვითმფრინავიდანაც დავინახე. საქართველო კი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ჯობია მას თავი დაანებონ.”

[პუტინის ხმა] “მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა. გავაანალიზეთ ის, თუ როგორ რთულად ვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების არა მხოლოდ აღდგენაზე, არამედ განვითარების შესაძლო გზებზე”.

ორი პრეზიდენტის ამ შეხვედრის შემდეგ იყო სპეცოპერაცია კოდორში: ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, სახალხო ლაშქარ “მონადირის” ყოფილი სარდლის ემზარ კვიციანის მიერ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას ხეობაში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა. კონფლიქტმა სოხუმისა და მოსკოვის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მართალია, კვიციანის თავდაპირველი განცხადება თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიუღებლად შეფასდა, მოგვიანებით იყო ხელისუფლების პოლიტიკისა და თავად სპეცოპერაციის კრიტიკა შიდა-პოლიტიკურ წრეებშიც. იმისათვის, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ღიად გამოეხატა. სპეცოპერაციიდან ერთ კვირაში თბილისში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა ჩამოვიდა:

[ბრაიზას ხმა] “არა მგონია ამან ხელი შეუშალოს თბილისსა და სოხუმს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მიმაჩნია, რომ თუკი საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოპერაციას იმგვარად, როგორც დაიწყო – საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით, სიფრთხილით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა გამოიწვიოს, კონტაქტით თბილისსა და სოხუმს შორის, თუკი საქართველოს მთავრობა გამოავლენს უნარს იზრუნოს კოდორის ხეობაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტაბილურობას. მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია იმ კრიმინალური ბანდის განადგურებით, რომელიც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას კოდორის ხეობაში – იმ ადგილას, სადაც არაფერი კეთდებოდა დანაშაულის აღმოსაფხვრელად, ხაზს უსვამს საერთაშორისო პოლიციური დანაყოფების ყოფნის მნიშვნელობას აფხაზეთში. შეიძლება, არა იმდენად კოდორის ხეობაში, რამდენადაც გალის რაიონში., სადაც მსგავსი პრობლემებია სერიოზული კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით. ეს კი ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას”.

კოდორის ოპერაციის შემდეგ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ხეობისთვის სახელის გადარქმევისა და იქ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გადაყვანის შესახებ. რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას, კოდორის ოპერაციის შემდეგ, პრაქტიკულად ორმხრივი – ქართულ-აფხაზური შეხვედრა არ გამართულა. მცირე გამონათება იყო გაზაფხულზე, როცა თბილისმა და სოხუმმა სამშვიდობო გეგმები გაცვალეს. რაც შეეხება გალის რაიონში ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ის კვლავ ღმერთის ანაბარაა მიტოვებული. გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი გახსნისა და საერთაშორისო საპოლიციო ძალების შეყვანის საკითხი კვლავაც იდეის დონეზე რჩება.

მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორუმზე ცდილობდა დაემტკიცებინა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების ყოფნის უაზრობა, თუმცა, ამ პოლიტიკის პრაქტიკული ეფექტი ჯერჯერობით არ ჩანს, ისევე, როგორც არ ჩანს საერთაშორისო თანამეგობრობის ეფექტიანი გააქტიურება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის როლის განეიტრალების მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი მოწოდებისთვის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაც გამოიყენა:

[სააკაშვილის ხმა] “ამ პაკეტის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს უნდა წარმოადგენდეს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დემილიტარიზაცია გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით. აგრეთვე, პირდაპირ დიალოგს მხარეებს შორის. აქ მე ვგულისხმობ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ხელისუფლებებს იმისათვის, რომ ჩვენ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა მშვიდობის აღსადგენად”.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის კონფლიქტურ ზონას, ყველაზე საინტერესო იქ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელსაც თავის მხრივ ალტერნატიული საარჩევნო პროცესიც დაერთო. სამხრეთი ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის როლში დიმიტრი სანაკოევის გამოჩენამ გარკვეული ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერაფერზე შეძლო მოლაპარაკება ედუარდ კოკოითისთან. სანაკოევი კი აცხადებს, რომ სამხრეთი ოსეთის მომავალს საქართველოს საზღვრებში ხედავს, მაგრამ, არსებულ რეალობაში სანაკოევსა და თბილისს შორის დიალოგი კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით პრაქტიკულად არაფერს იძლევა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, წლის ბოლოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მაქსიმუმს მიაღწია: უპირველეს ყოვლისა ნატოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყებისა და ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ამოქმედების კონტექსტში:

[ბარამიძის ხმა] “მე ვფიქრობ ის, რაც მიღწევები გვაქვს ამ წელს, ნამდვილად, შეიძლება ითქვას პროგრამა-მაქსიმუმის რეალიზაცია იყო. მეტის ძნელად წარმოდგენაც შეიძლებოდა იმიტომ, რომ სხვა უფრო მეტის მიღწევა რეალისტურად ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლებოდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიგვეღო, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ გამოგვეტოვებინა რაღაცა საფეხური, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ხო”.

ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგების გარდა საინტერესოა “დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამის” ფარგლებში მიმდინარე პროცესიც. მომავალ წელს კიევში სუამის სამდივნო ამოქმედდება, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი პირველი მოადგილე შეასრულებს. ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ ოთხი ქვეყნის გაერთიანება ამართლებს:

[ჩეჩელაშვილის ხმა] “გაამართლა და უფრო მეტად გაამართლა უკვე მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალგაზრდა ორგანიზაციაა, ვიდრე, მაგალითად, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობამ, ვინაიდან სუამში, მაგალითად, სრულფასოვნად არის ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის ზონის ხელშეკრულება. მე ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ სამდივნოს ამოქმედების შედეგად, რაც არის დაგეგმილი მომავალი წლის თებერვალ-მარტისთვის კიევში (ეს სამდივნო იქნება პატარა. იქნება დაკომპლექტებული დიპლომატებით ოთხივე ქვეყნიდან), მე ვფიქრობი, რომ ქმედითუნარიანობა და ეფექტურობა ამ ორგანიზაციის გაცილებით გაიზრდება და ის კიდევ თავის სერიოზულ სიტყვას იტყვის”.

ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამოსარჩევი გახლდათ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საინტერესო უფრო მისთვის მზადების პროცესი იყო, ვიდრე შედეგი, რადგან ყველასთვის ცხადი იყო, რომ გაერთიანების გარეშე ოპოზიციის რაიმე სერიოზულ შედეგებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. გაერთიანებისა და ერთიან ლიდერზე შეთანხმების მცდელობა ოპოზიციისთვის წარუმატებლად დასრულდა.

წლევანდელი წელი პოლიტიკურად სანახაობრივი იყო მთავრობაში ცვლილებების თვალსაზრისით. ერთი კარუსელის შედეგად, ზაფხულში თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების საკითხებში გიორგი ხაინდრავა. მეორე, უფრო მძლავრი კარუსელის შედეგად კი მთავრობის მიღმა დარჩა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეთავაზებული ეკონომიკის მინისტრობა არ ისურვა და ოფიციალური ვერსიით, ცოდნის გაღრმავება არჩია. გიორგი ხაინდრავა იყო ერთ-ერთი იშვიათი ფიგურა მთავრობაში, რომელსაც შეეძლო დიალოგის წარმოება სეპარატისტულ ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან. მისი გადაყენება, ოქრუაშვილისგან განსხვავებით, ბევრისთვის მოსალოდნელიც კი იყო მისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო არსებული ხელისუფლების მიმართ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მისი პოზიცია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის მიმართ:

[ხაინდრავას ხმა] “სავალალო მდგომარეობაშია მართლმსაჯულება, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში. მე ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს, იგივე ზირეკიძის საქმეს, კიდევ სხვა საქმეებს, ის ვითარება, რაც არის პენიტენციალურ სისტემაში. მე რამოდენიმე დღის წინ გახლდით რუსთავის კოლონიაში და 900 ადილზე 1600 კაცია. არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გავაძლიერეთ და ძალიან სერიოზული რეფორმა მოხდა ძალოვან სტრუქტურებში, ეს ვინმეს უფლებას აძლევს, რომ მათი შეხედულებისამებრ განაჩენის გარეშე მოხდეს ისეთი აქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა. მე ცინდელიანის ფაქტი შემიძლია მოვიყვანო, კორტებთან განვითარებული მოვლენები, იგივე გირგვლიანის საქმე, რომელიც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი”.

გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე მიმდინარე წელს საქალაქოს გარდა სააპელაციო სასამართლომაც განიხილა, თუმცა, განაჩენი არ შეუცვლია. დაზარალებული მხარე კვლავაც დამკვეთების დასჯას ითხოვს:

[ენუქიძის ხმა] “არ მიწყნარდება ეს ოჯახი, სანამ დამკვეთები არ დაისჯებიან. მე თქვენ გეუბნებით, რომ მელნიკოვიდან იწყება ახლა ყველაფერი. სალაყაია, ახალაია, სანოძე, დონაძე... ერთ წელს მოუმატებდნენ, თუ დააკლებდნენ ამათ, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის”.

ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით სიტყვა ძალიან გაგვიგრძელდება. დასასრულ მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა წელს ვერ გამონახა დრო სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა-განხილვისთვის. იმავე პარლამენტის მიერ წლის დასასრულს ოპერატიულად იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა, ცვლილებების ნაწილი ერთჯერადი გამოყენების გახლავთ. უკვე პრეზიდენტის მიერ ისიც გაცხადდა, რომ ხელისუფლება ახლო მომავალში სრულიად ახალი კონსტიტუციის შექმნაზე მუშაობის დაწყებას აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG