Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ისტორიული სიახლე” აშშ-ში


“ეს არის ისტორიული მომენტი კონგრესისთვის, ეს არის ისტორიული მომენტი ქალებისთვის ამერიკაში”,

- ისტორიულ მომენტზე 4 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ლაპარაკობდა ნენსი პელოსი, რომელიც თავად განასახიერებს ისტორიულ სიახლეს: ის არის პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არჩევანი ხუთშაბათს გააკეთეს ახალი შემადგენლობით შეკრებილი კონგრესის სხდომაზე.

[პელოსის ხმა] “თავმჯდომარედ ჩემი არჩევით უფრო დაგვაახლოვეთ თანასწორობის იდეალთან, რომელიც ამერიკის მემკვიდრეობა და ამერიკის იმედია”.

ისიც უნდა ითქვას, რომ პელოსის არჩევა საქმის ფორმალური მხარე იყო: ამერიკაში 2006 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას ერგო - ისევე როგორც სენატში. ნენსი პელოსი კი დემოკრატია და, შესაბამისად, უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. ის ირწმუნება, რომ მზად არის, ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ ითანამშროლოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რესპუბლიკურ პარტიასთან კონგრესში.

თანამშრომლობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს ჯორჯ ბუშიც, რომელსაც, სხვათა შორის, პირველად მოუწევს მუშაობა დემოკრატების მიერ გაკონტროლებულ კონგრესთან. ეს კი, როგორც უკვე ითქვა, გასული წლის არჩევნების შედეგია.

აი, რა ინტერპრეტაციას აძლევს ნენსი პელოსი არჩევნების შედეგებს: [პელოსის ხმა] “2006 წლის არჩევნები იყო მოწოდება ცვლილებისაკენ, არა მარტო ცვლილებისაკენ იმ საკითხში, თუ ვინ გააკონტროლებს კონგრესს, არამედ ჩვენი ქვეყნის ახალი კურსის განსაზღვრაში. არაფერში მიმხრობიან ამერიკელები კურსის შეცვლას ისე ნათლად, როგორც ერაყში ომის საკითხში”.

ერაყში ამერიკის პოლიტიკას რაც შეეხება, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მომავალ კვირაში უნდა წარმოადგინოს ახალი სტრატეგია, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით მოელის. მას მოელის ნენსი პელოსიც: [პელოსის ხმა] “შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, წარმოადგინოს ერაყის ახალი გეგმა, რომელიც ერაყელებისთვის ნათელს გახდის, რომ მათ თვითონვე უნდა დაიცვან თავიანთი ქუჩები, თავიანთი უსაფრთხოება - გეგმა,რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობას ამ რეგიონში და გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი ჯარების გაყვანას”, - ამბობს აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე მაღალ პოსტზე არჩეული ქალი - ნენსი პელოსი.

ეს მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავია, როცა იცი, რომ პელოსი 5 შვილის დედაა, უკვე ბებიაც და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში 47 წლის ასაკში ჩაება.
XS
SM
MD
LG