Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ ”ჭიათურმანგანუმი”, ფეროშენადნობთა ქარხანა და ”ვარციხეჰესი” გაყიდა


5 იანვარს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ

და ბრიტანეთის კომპანია ”სტემკორის” წარმომადგენელმა ალექსანდრ ზილბერმანმა ”ჭიათურმანგანუმის”, ფეროშენადნობთა ქარხნისა და ”ვარციხეჰესის” პრივატიზება ოფიციალურად გააფორმეს. გასულ წლებში ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი კომპანიისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პრივატიზების რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა კი საქართველოს მთავრობამ მათი გაყიდვა, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურთან ერთად, 115 მილიონ აშშ დოლარად შეძლო.

სამიოდე წლის წინ, როდესაც საქართველოში ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუცია” ახალი მომხდარი იყო, “ჭიათურმანგანუმი” რუსეთის კომპანიამ, მეტალურგიის გიგანტად წოდებულმა ”ევრაზიაჰოლდინგმა”, შეიძინა. მოგვიანებით ამ კომპანიამ გამოაცხადა, რომ ჭიათურის მანგანუმის საბადოები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინათ და პრივატიზაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა გადაიფიქრა. მაშინ საქართველოს ბიუჯეტში დარჩა ”ევრაზიაჰოლდინგის” მიერ უკვე გადახდილი 20 მილიონი აშშ დოლარი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე ირწმუნება, რომ ამჟამად მსგავსი რამ აღარ განმეორდება:

[გიორგი არველაძის ხმა] ”დღეს ჩვენ დავამთავრეთ ეს პროცესი წარმატებით, სახელმწიფომ მიიღო 132 მილიონი დოლარი ამ ტრანზაქციაში...”

”ჭიათურმანგანუმთან” ერთად, ერთიანი ჰოლდინგის ჭერქვეშ, ბრიტანელი ინვესტორის ხელში გადავიდა ”ვარციხეჰესი” და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომლის აქციათა 73 პროცენტს ის გასული წლის დასაწყისში დაეუფლა. ზესტაფონის ქარხანაში ”სტემკორის” შესვლას უამრავი წინააღმდეგობა ახლდა: გაფიცვები ქარხანაში, სამეთვალყურეო საბჭოს შეცვლა ფინანსური პოლიციის დახმარებით და სხვ.
მაშინ ”სტემკორის” ლობირებაში ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. ქარხნის მაშინდელი ადვოკატის გიგა კვერენჩხილაძის კომენტარი:

[გიგა კვერენჩხილაძის ხმა] ”ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველ აქციონერებს, რომლებიც მართავენ ქარხანას, უნდათ, რომ წაართვან წილები.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება მოგვიანებით სამართლებრივად არ დადასტურებულა და “სტემკორის” ფეროშენადნობთა ქარხანაში შესვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობა სულ უფრო გაღრმავდა:

[ალექსანდრ ზილბერმანის ხმა] ”ჩვენი ამოცანა ასეთია: აღვადგინოთ სამივე საწარმო, მივიყვანოთ ისინი ევროპულ დონემდე, სამუშაოთი უზრუნველვყოთ ხალხი, - ეს არანაკლებ 7000 კაცია, - ავიყვანოთ წარმოება, ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მსოფლიო წარმოების საუკეთესო ნიმუშებამდე. მივაღწიოთ კარგ შედეგებს, გავუზარდოთ ხელფასები თანამშრომლებს - მოკლედ, მივცეთ სიცოცხლე ამ რეგიონს.”

ეს არის კომპანია ”საქართველოს მარგანეცის” დირექტორი ალექსანდრ ზილბერმანი. როგორც თვითონ ამბობს, ის საქართველოში ინგლისურ კაპიტალს წარმოადგენს და ჭიათურის მარგანეცის წარმოებაში, “ვარციხეჰესსა” და ფეროშენადნობთა ქარხანაში, საერთო ჯამში, 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ქართული ფეროშენადნობი, რომელიც ზესტაფონის ქარხანაში ჭიათურაში მოპოვებული მარგანეცისგან მზადდება, თითქმის ერთადერთი პროდუქციაა, რომლის ექსპორტირებაც რუსეთში საქართველოს მიმართ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის შემდეგაც არ შეწყვეტილა.
XS
SM
MD
LG