Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 7 იანვარი


ტრადიციულად, შობა-ახალ წელს

სრულიად საქართველოს კულტურული ცხოვრების მუხტი იქმნება არა თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სამხატვრო გალერეებში, არამედ სატელევიზიო არხებზე.
სიმბოლურია, რომ სწორედ ახალ წელს იზეიმა საქართველოს ტელევიზიამ ნახევარსაუკუნოვანი იუბილე. 31 დეკემბერს, ღამით, როცა ქართული ოჯახები საახალწლო სუფრას მიუსხდებიან ხოლმე, უმრავლესობის ყურადღება ტელეეკრანისკენაა მიმართული. საახალწლო გადაცემებს უყურებენ, მერე კი, როგორც წესი, ჩივიან, წელს ყველაზე ცუდი პროგრამა იყოო.

ის დრო გავიდა, როცა ახალ წელს ყველა ოჯახში, ახლა უკვე 50 წლის, პირველი არხი იყო ჩართული და სრულიად საქართველო ეგრეთ წოდებული ”გოლუბოი ოგონიოკის” ქართულ ვერსიას შესცქეროდა - არტისტებით, შრომის გმირებით, ქართული საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლებით. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი დღეს სატელევიზიო პულტი გახდა - თუ არ მოგწონს, გადართე და ნახე, როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს სხვა არხებზე!

მაგრამ 2007 წლის საახალწლო და საშობაო ტელეგადაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთ ”გადართვას” მაინცდამაინც არა აქვს აზრი - თითქმის ყველა ქართულმა ტელეარხმა წელს ”გოლუბოი ოგონიოკის” აღდგენა მოინდომა. დიზაინი, გადაღების მანერა, მოლოცვის სტილი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც საბჭოთა ეპოქაში. შეიცვალნენ მხოლოდ პერსონაჟები: შრომის გმირების, ინტელიგენციის (ე.ი. ჭკვიანი ხალხის) და პროფესიონალი არტისტების ნაცვლად - მოდელები, სატელევიზიო იუმორისტული გადაცემების წამყვანები, მომღერლები, პოლიტიკოსები და ტელევარსკვლავები.

საქართველო პატარა ქვეყანაა. და სწორედ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა, მოდელები, პოლიტიკოსები, მომღერლები და ტელევარსკვლავებიც არ გვყავს ბევრი... მაგრამ ტელევიზიები რომ ბევრი გვაქვს? ჰოდა, ამიტომაცაა, ალბათ, რომ შობა-ახალ წელს, ხშირი იყო შემთხვევა, როცა სხვადასხვა არხზე, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე მომღერალს თუ პოლიტიკოსს ვხედავდით... და ვხვდებოდით, რომ ახალ წელს ტელევიზორის პულტმა სრულიად დაკარგა თავისი ფუნქცია. ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გამოსავალს მიაგნო და უკვე ნაცადი ხერხი - პოლიტიკოსებისა და მომღერლების დუეტების გადაღება - აირჩია იმ პრინციპით, რომ შესაკრებთა გადაადგილებით მაინც იქმნება ჯამის ცვლილების ილუზია... და სხვა რა არის ახალი წელი თუ არა ილუზია?

[მიხეილ მაჭავარიანი დუეტში]

ეს მიხეილ მაჭავარიანი მღერის “რუსთავი 2”-ის საახალწლო გადაცემაში, რომელიც მთლიანად პოლიტიკოსებისა და მომღერლების დუეტებზე აიგო. საახალწლო გართობის ეს ფორმა არახალია - თავის დროზე რუსეთის ტელეარხებზე იყო პოპულარული. რუსეთში წელს სხვა დუეტები შექმნეს - ცნობილი არტისტები სახელგანთქმული მოციგურავეების გვერდით დააყენეს ყინულზე. ამდენი კარგი ფიგურისტი ჩვენ არ გვყავს. ამიტომაც ჯერჯერობით სიმღერით დაგვაკმაყოფილეს.

ახალ წელს ახალი სიმღერები თითქმის არ მოგვისმენია. ესეც ”საახალწლო-სატელევიზიო” ტრადიციად იქცა - საქართველოში ახალ წელს რატომღაც ”რეტროა” მოდაში. თუმცა თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე რეტროს საზღვრების გაფართოების ტენდენცია გამოიკვეთა. წელს საახალწლო კონცერტის დრამატურგია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე აიგო - მოვისმინოთ, როგორ მღერიან უკრაინულ, სომხურ, ფრანგულ, აზერბაიჯანულ (რუსული, მგონი, არ იყო) სიმღერებს ქართველი არტისტები და წარმოვიდგინოთ, რომ ახალ წელს ჩვენთვის ყველა საზღვარი ღიაა.

[უკრაინული სიმღერა]

დიახ. უკვე რამდენიმე წელია საახალწლო სატელევიზიო ეთერს საქართველოში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - ქუჩა, მოედანი. იმ ხალხმა, ვისაც საახალწლო სუფრის გაშლის საშუალება არა აქვს და იმან, ვინც ქართულ ტელევიზიებზე ხელი ჩაიქნია, გარეთ გასვლა და მუქთა კონცერტის ნახვა არჩია. უცნაურია, მაგრამ იმპროვიზაცია, უშუალობა წელს ამ კონცერტზე უფრო იგრძნობოდა, ვიდრე ახალ წლამდე ჩაწერილ სატელევიზიო გადაცემებში. მაშინაც კი, როცა გემოვნების და ზომიერების თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი რამ იყო საკამათო.

[სომხური სიმღერა. წამყვანის ხმა: ”ვონცეს, დათო?”]

შობა-ახალი წლის აფიშაზე ყველაზე წარმატებულ პროექტად წლევანდელი ”ჯეოსტარი” ითვლება. ალბათ, იმიტომ რომ უშუალობა და, თუ გნებავთ, უბრალოებაც აქ მეტი იყო, ვიდრე სხვა საახალწლო წარმოდგენებზე. პროექტის წარმატებას ციფრები ადასტურებს:

[ხმა] ”რაოდენობა, თუ შეიძლება, რაოდენობა...სულ შემოვიდა 163 402 ხმა. ბრავო ”ჯეომოსახლეობა”, ბრავო აბონენტებო. პროექტი წარმატებულია აშკარად.”

ამ ”ჯეომოსახლეობამ” ახალ წელს მართლაც იყოჩაღა - გაამდიდრა ჯეოსელი. მიუხედავად ამისა, ახალი წლის დღეებში სწორედ ”ჯეოსელმა” ვერ გაუძლო დატვირთვას - 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ”ჯეოსელის” აბონენტები დიდი წვალებით უგზავნიდნენ ერთმანეთს საახალწლო ესემესებს... ოღონდ ნუ იკითხავთ, რა კავშირი აქვს ამას კულტურასთანო... სწორედაც რომ აქვს - კულტურის პრობლემაა: სარეკორდო მაჩვენებლით ტრაბახი და უხარისხობა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რაოდენ გემრიელი იყო ვეებერთელა გოზინაყი და ხაჭაპური, რომელიც ახალი წლის ღამეს საქართველოს პრეზიდენტმა გაჭრა. თუმცა სახელგანთქმულ კულინარებს თუ დავუჯერებთ, კერძი, რომელიც ასიათასობით ადამიანისთვის იქმნება, განსაკუთრებული გემოთი არ უნდა გამოირჩეოდეს. განა ეს კულტურა არ არის? ხაჭაპური და გოზინაყი - გადაქცეული მასკულტურის ერთ-ერთ ახალ გამოვლინებად.

[ხმა. გიგი უგულავა] ”მეგობრებო, დღეს თბილისში მყარდება რეკორდი. ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ახალ წელს სუფრასთან იყო დაკავშირებული და სახლის სიმყუდროვესთან, გამოვიდა გარეთ...და ჩვენ გვაქვს პატივი, პირველად თბილისში გავჭრათ ყველაზე დიდი გოზინაყი, ყველაზე დიდი ხაჭაპური და ყველაზე დიდი საცივი მივირთვათ... და ეს არის საქართველოში და მსოფლიო ისტორიაში პირველი მოვლენა. იხარეთ და იბედნიერეთ. ეხლა კი, ბატონ პრეზიდენტს, პირველი, ასე ვთქვათ, ჩარჭობის უფლებით.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ხაჭაპურსა და საცივს... საახალწლო ეთერში ყველა არხზე წელს ღორის (ან გოჭის) გამოსახულება ჩნდებოდა... იფიქრეს, იფიქრეს და მხატვრულ სახეს მიაგნეს - წითელი ღორის სიმბოლოს. მერე რა, რომ ღორის წელი მხოლოდ თებერვალში იწყება და მერე რა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ყველაზე მეტად მართლმადიდებლურ ეკლესიას ენდობა. მერე რა, რომ ნამდვილი მორწმუნეები ახალი წლის დღეებში მარხვას ინახავდნენ. როგორც გაირკვა, გიგანტური საცივი და ხაჭაპური უმალვე შეისანსლა. ერთს ვქადაგებ, მეორეს ვაკეთებ. განა ეს არ არის კულტურის პრობლემა?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG