Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად სტაბილურია საქართველოს ენერგომომარაგება?


„10 იანვრიდან საქართველო ბუნებრივ აირს, რუსეთის გარდა, აზერბაიჯანიდანაც მიიღებს.“ ასეთი შინაარსის ცნობა გაავრცელა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ,

რომლის ინფორმაციითაც, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამოქმედებამდე, კასპიის ზღვაში მოპოვებული გაზი - დღე-ღამეში, დაახლოებით, 3 მილიონი კუბური მეტრი - საქართველოს მაგისტრალური გაზსადენით მიეწოდება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად თქვა უარი რუსეთსა და სომხეთში წარმოებული ელექტროენერგიის იმპორტზე. რამდენად სტაბილურია საქართველოს ენერგომომარაგება?

საქართველოს აზერბაიჯანში მოპოვებული ბუნებრივი აირი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა მიეღო, მაგრამ, ტექნიკური ხარვეზების წყალობით, იმპორტულმა აირმა მთელი სამი კვირით დაიგვიანა. არადა, თავის დროზე ახალი გაზსადენის საიმედოობაში ეჭვი არ ეპარებოდათ არც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს და არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომელთა შორის გია ხუხაშვილიცაა:

[გია ხუხაშვილის ხმა] „შაჰ-დენიზის ინფრასტრუქტურა საქართველოსა და აზერბაიჯანში გამართულია, თურქეთშია პრობლემები ჯერჯერობით, მაგრამ ეს გაზი ხომ თურქეთამდე არ მიდის.“

მაგრამ აზერბაიჯანში მოპოვებულ გაზს არათუ თურქეთამდე, საქართველომდე მოსვლაც კი გაუჭირდა, თუმცა, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ნიკოლეიშვილი ამბობს, საქართველოს აზერბაიჯანული აირის მიღების შესაძლებლობა ამჯერად უკვე 10 იანვრის შემდეგ ექნება:

[არჩილ ნიკოლეიშვილის ხმა] „დღეიდან დაიწყება 3 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდება დღე-ღამეში. სულ გვჭირდება 6-7 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი და, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანული აირის წილი 40 პროცენტამდე ადის.“

არჩილ ნიკოლეიშვილის თქმით, აზერბაიჯანული გაზის ყოველ ათას კუბურ მეტრში საქართველო 120 დოლარს გადაიხდის, პარალელურად გაგრძელდება რუსული, გაცილებით ძვირი, 235 დოლარიანი, აირის შესყიდვა. რუსეთიდან საქართველო დღე-ღამეში 5,5 მილიონ კუბურ მეტრ აირს იღებს. აქედან თბილისის მოსახლეობა 2 მილიონს მოიხმარს, დანაჩენი სამ-ნახევარი მილიონი კუბური მეტრი კი ელექტროენერგიის გამომუშავებას ხმარდება. აქვე არჩილ ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ, ბუნებრივი აირისაგან განსხვავებით, საქართველო ელექტროენერგიას საზღვარგარეთ აღარ ყიდულობს. საინტერესოა, რის ხარჯზე?

[არჩილ ნიკოლეიშვილის ხმა] „რის ხარჯზე და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯზე, რომელიც შარშან ჩატარდა და რის ხარჯზე 500 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე აღდგა. ამუშავდა ის აგრეგატები, რომლებიც 10-15 წლის განმავლობაში არ მუშაობდა. იმპორტი არსაიდან არ ხორციელდება, თუ არ ჩავთვლით თურქეთს, რომელიც ზაფხულში მიწოდებულ 80 მეგავატს გვიბრუნებს.“(სტილი დაცულია)

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში გატარებული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული რესურსების მაქსიმალური ათვისება და იმპორტირებული ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების მაქსიმალური დივერსიფიკაციაა. საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა:

[მირონ ფირცხელანის ხმა] „დღევანდელი მდგომარეობით, ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ხელშეკრულების სახით არსებობს საქართველოსა და ენერგიის მომწოდებელ ქვეყნებს შორის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. თუმცა არ არის გამორიცხული ორი რამ: პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც არასახარბიელოა, და მეორე - ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული და, მათ შორის, ამინდზეც. სხვა შემთხვევაში, ის სიმძლავრეები, რაც საქართველოს გააჩნია, ამ ზამთრისათვის არის გარანტიის მომცემი.“(სტილი დაცულია)

თუმცა მირონ ფირცხელანი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი საქართველოსთვის ეს საკმარისი არ არის. საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე ამბობს, რომ ხუდონჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყანათა რიგში უნდა ჩადგეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG