Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2007 წელს დაიწყება


ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით თბილისში აზერბაიჯანისა და საქართველოს დელეგაციების კონსულტაციები დაიწყო.

როგორც ცნობილია, ამ პროექტის დაფინანსება ამერიკულ კომპანიებს აშშ-ის კონგრესმა აუკრძალა. მხარეებმა გამოაცხადეს, რომ პროექტს მაინც განახორციელებენ, თუმცა საქართველოს თავის ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშაოების სახსრები არ გააჩნია. მხარეები თბილისში სწორედ ამ საკითხების გადასაწყვეტად შეიკრიბნენ ორი დღით.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2007 წლის მაისში დაიწყება და 2-3 წელიწადს გასტანს. პროექტის მნიშვნელობის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი გვესაუბრება:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”ამ სამი ქვეყნისთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ტვირთების მოძრაობა უფრო გაიოლდება... ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპასთან უფრო სრულმასშტაბიან ხასიათს მიიღებს.”

შემდგომ ეტაპზე, შესაძლებელია, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს შუა აზიის ქვეყნებიც შეუერთდნენ, რაც ამ პროექტით დაგეგმილ ეკონომიკურ სარგებელს კიდევ უფრო გაზრდის.

სარკინიგზო მაგისტრალის ასამუშავებლად სამივე ქვეყანაში ახალი სარკინიგზო მონაკვეთები უნდა აშენდეს, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში რეკონსტრუქციას ძველი რკინიგზაც საჭიროებს.

აზერბაიჯანისა და თურქეთის მხარემ საჭირო თანხები თავადვე მოიძია. საქართველომ კი დღემდე ვერაფრით შეძლო პროექტის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების გამონახვა. მათი მოძიება ისევ აზერბაიჯანში მოხერხდა. აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს რკინიგზას 120 მილიონი აშშ დოლარის უპროცენტო და გრძელვადიანი კრედიტი გამოუყოს.
12 იანვარს თბილისში სწორედ ამ კრედიტის საკითხებზე მოსალაპარაკებლად შეიკრიბნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს დელეგაციები.

[სადრადინ მამედოვის ხმა] ”ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, დავაახლოეთ პოზიციები და ეს გვახარებს. ყველაფრის მიუხედავად, მშენებლობა მაინც დაიწყება. დეტალები, შეიძლება ითქვას, რომ აღარ რჩება. რამდენიმე შეხვედრა მოვაწყვეთ და ყველაფერზე რამდენჯერმე ვიმსჯელეთ, ახლა კი შემაჯამებელ დოკუმენტს განვიხილავთ.”

ამას ამბობს სადრადინ მამედოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი. მისივე თქმით, თბილისში გამართული მოლაპარაკების შედეგებს მხარეები ხელს 13 იანვარს მოაწერენ. სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დაფინანსების სქემაზე მსჯელობენ და იმის შეთანხმებასაც ცდილობენ, თუ როგორ მოხდება აზერბაიჯანული კრედიტის დაფარვა. აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის ზია მამედოვის კომენტარი:.

[ზია მამედოვის ხმა] ”კრედიტი დაიფარება ამ მონაკვეთის შემოსავლების ხარჯზე. ექსპლუატაციის დროს რამდენიც იქნება გამომუშავებული, დამოკიდებული იქნება გადაზიდვების მოცულობასა და ტარიფზე. რაც საჭირო იქნება მოცემული მონაკვეთის რკინიგზის ექსპლუატაციისთვის, იმ ხარჯებს გავითვალისწინებთ, დანარჩენი კი წავა კრედიტის დაფარვაზე.”

ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ასაშენებლად 422 მილიონი აშშ დოლარია საჭირო, ხოლო, მიმდებარე ინფრასტრუქტურის ჩათვლით, სულ პროექტის ღირებულება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG