Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სამშენებლო კოდექსის შემუშავება დაიწყო


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მშენებლობის სფერო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი

და მომგებიანი სფეროა. ყოველწლიურად მშენებლობის ბიზნესი დაახლოებით 25 პროცენტით იზრდება და ეს, იმის მიუხედავად, რომ სათანადო საკანონმდებლო ბაზა უამრავ ხარვეზს შეიცავს. მისი მოწესრიგების ინიციატივით ამ დღეებში ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრი, გიორგი არველაძე, გამოვიდა. იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა შექმნილი საქართველოს საამშენებლო ბიზნესში დღემდე მოქმედი კანონების მეშვეობით, თბილისში ყველაზე მასშტაბური საამშენებლო პოლიგონი მოვინახულე.

[“სტენდაპი”]

მე ახლა ვიმყოფები სპორტის სასახლესთან, ეგრეთ წოდებულ აკადემქალაქში, იქ, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს საქართველოს საამშენებლო სფეროს მიღწევები. უამრავი წამოწყებული და ჯერჯერობით დაუმთავრებელი მშენებლობა, შეუღებავი ფასადები და საეჭვო არქიტექტურა ამ ახალი საცხოვრებელი მიკრორაიონის სახეს წარმოადგენს.

[მოქალაქის ხმა] ”… მოგწონთ ეხლა ეს? ეს 5 წლის წინ აშენდა. მაშინ იყო შევარდნაძე და შევარდნაძის დროს კანონი არ იყო...”

შემომჩივლა აკადემქალაქში მშენებარე კორპუსის წინ მცხოვრებმა ქალბატონმა ლუიზამ. მას და მის მეზობლებს 5 წელია გასახლებასა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ჰპირდებიან, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება და ამორტიზებული, ძველი, ეგრეთ წოდებული, “ბარაკული” დასახლების გვერდით გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ზოგიერთ მშენებარე სახლში უკვე შესახლებულნი არიან მესაკუთრენი, ზოგიერთში სხვადასხვა მომსახურების ობიექტია გახსნილი.

[მოქალაქის ხმა] ”... არა, არ არის დამთავრებული. მე პოლიკლინიკაში ვარ მოსული და...”

მშენებარე და დაუმთავრებელი კორპუსების ექსპლოატაციის დაწყების წინააღმდეგია საამშენებლო კოდექსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე:

[გიორგი არველაძის ხმა] ”ზოგადად, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ შენობა ექსპლოატაციაში შევიდეს დამთავრებული სახით, აქ ლაპარაკი არ არის გაყიდვაზე...”

ამგვარი დამოკიდებულების საკანონმდებლო გაფორმებას არც მშენებლები ეწინააღმდეგებიან. საამშენებლო ამხანაგობა ”ბერბუთი 8-ის” ხელმძღვანელის, გურამ მახოშვილის, განცხადებით, ბინის მესაკუთრეთა ნაადრევი შესახლება მის საქმიანობასაც ხელს უშლის:

[გურამ მახოშვილის ხმა] ”ძალიან კარგი. ეგ მშენებელს და ინვესტორს ხელს შეუწყობს... პირიქით, დალაგდება სიტუაცია...”

გურამ მახოშვილი სიტუაციის დალაგებისთვის საჭირო სხვა ნაბიჯებზეც საუბრობს. უპირველეს ყოვლისა, ესაა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შექმნა. ეს მშენებელს ბიზნესის უკეთ დაგეგმვის საშუალებას მისცემს და მშენებლობის დასაწყებად საჭირო უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს მოსპობს. ამ და კიდევ სხვა პრობლემების დაძლევა შესაძლებლად მიაჩნია საამშენებლო კოდექსის შემუშავების შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრს გიორგი არველაძეს:

[გიორგი არველაძის ხმა] ”სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა საამშენებლო კომპანიებთან გახსნილად. შედეგად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ გვექნება ყველაზე პროგრესული და მოსახერხებელი საამშენებლო კოდექსი
და, ამავე დროს, იქ იქნება ჩადებული გარანტიები მომხმარებლისთვისაც.”

კოდექსი თავს მოუყრის უამრავ კანონს, რომლებიც მშენებლობის სფეროს არეგულირებენ. მათმა სინქრონიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც მშენებლობის დაწყების გამარტივებას, ასევე მშენებლობის ხარისხის ამაღლებას.
XS
SM
MD
LG