Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ის ახალი სტრატეგია და ირანის საკითხი


ერაყის საკითხის შემსწავლელმა ჯგუფმა - ამერიკელი რესპუბლიკელებისა და დემოკრატების სპეციალურმა კომისიამ - გასულ თვეში მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს,

რომ რადიკალურად შეცვალოს ახლო აღმოსავლეთში მოქმედების ტაქტიკა. კომისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება სირიასთან და ირანთან, მათი ჩართვა ერაყში გაჭიანურებული სისხლისღვრისთვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამ რეკომენდაციისაგან განსხვავებული კურსი აირჩია.

ირანთან და სირიასთან უფრო ახლო კონტაქტზე ზრუნვის ნაცვვლად, ბუშის ადმინისტრაცია ახლა კიდევ უფრო აქტიურად ცდილობს ერაყში, საერთოდ, მთელს ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის შესუსტებას.

მსმენელს ალბათ ახსოვს: გასულ კვირაში ჯორჯ ბუშმა ერაყის საკითხში ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც ერაყში დამატებით 20 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზვნავს ითვალისწინებს. ირანსა და სირიაზე კი, ახალი სტრატეგიის წარდგენისას, ბუშმა აღნიშნა: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ეს ორი რეჟიმი ტერორისტებსა და მეამბოხეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ მათი ტერიტორიებით ერაყში შესაჭრელად და იქიდან უკან დასახევად, ირანი მატერიალურ დახმარებას უწევს ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმებს. ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს ჯარებზე თავდასხმებს, ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ირანისაგან და სირიისაგან მომდინარე მხარდაჭერას, ჩვენ მოვძებნით და გავანადგურებთ ქსელებს, რომლებიც იარაღით ამარაგებენ და წვრთნიან ჩვენს მტრებს ერაყში”.

მართლაც, ერაყში ახალ სტრატეგიაზე ბუშის ამ გამოსვლის მომდევნო დღესვე, ამერიკელმა სამხედროებმა 6 ირანელი დააკავეს ერაყის ქალაქ ირბილში - მათი ერაყელ სამოქალაქო პირებსა და სამხედრო ძალებზე თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. მოგვიანებით, 15 იანვარს, თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა ეს განცხადება გააკეთა: [რობერტ გეიტსის ხმა] “ირანელები აშკარად ფიქრობენ, რომ ჩვენი მოქმედების შესაძლებლობა ერაყში შეზღუდულია, რომ ინიციატივა მათს მხარეზეა, რომ მათ აქვთ ჩვენზე ზემოქმედების მრავალი საშუალება. ამ მომენტში ისინი არაფერს აკეთებენ ერაყში კონსტრუქციული როლის შესასრულებლად”.

ირანის და სირიის შესახებ ამ მკაცრი განცხადებების ფონია რეგიონში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის მატება. ამის ერთი მაგალითაია მიმდინარე კვირაში თურქეთში, სამხრეთში მდებარე ინჩირლიკის საჰაერო ბაზაზე F-16 ტიპის 16 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის განთავსება. ოფიციალური ვერსიით, საქმე ეხება ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო ძალებთან ერთად მანევრებს. მაგრამ მათი განთავსებისთვის შერჩეული დრო, ისევე როგორც ინჩირლიკის ბაზის სიახლოვე როგორც ერაყთან, ისე ირანთან, ექსპერტებს სხვა განმარტების ძიების საფუძველს აძლევს.

ყოველივე ამის გამო მასმედიაში გამოჩნდა შეკითხვა: ხომ არ ემზადება აშშ, იქნებ ისრაელთან ერთად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის? ამ კვირაში ამერიკელმა კონგრესმენებმაც გამოთქვეს შეშფოთება, რომ ერაყის ომი, შესაძლოა ირანსა და სირიაზე გავცელდეს, თუ ამერიკელი სამხედროები მეამბოხეების შესაპყრობად ერაყის საზღვრებს გასცდებიან.

აქ უნდა ითქვას, რომ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ტონი სნოუმ ოთხშაბათს გამორიცხა ეს ვერსია - მისი თქმით, სამხედრო ოპერაციები ერაყით შემოიფარგლება. ამავე შინარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო პირმა, გენერალმა პიტერ პეისმა.

ახლო აღმოსავლეთის და სამხედრო საკითხების ცნობილი ამერიკელი ექსპერტის, ენტონი კოურდსმენის შეფასებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია მართლაც არ არის მოსალოდნელი. მიზეზი? გარდა იმისა, რომ თვით აშშ-ს რეგიონში საკმარისი სამხედრო ძალა არა აქვს, ირანიდან არ მომდინარეობს იმდენად დიდი საფრთხე, რომ გამოსავლის ძიება სამხედრო ძალაში იყოს საჭირო. [ენტონი კოურდსმენის ხმა] “ირანს ატომური იარაღი თუ ექნება, ექნება მხოლოდ 2010 წლის მერე. მისი სარაკეტო პროგრამები მართალია, ვითარდება და სულ უფრო იხვეწება, მაგრამ მაინც განვითარების ფაზაშია და გამოცდების კარგი შედეგებით არ გამოირჩევა (...) სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ირანი კი არ ძლიერდება, არამედ სუსტდება”.
XS
SM
MD
LG