Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


ამ კვირაში ქართული პრესა ქვეყანაში მიმდინარე მრავალ პროცესს ეხმიანებოდა.


საქართველოს გაზით მომარაგების საკითხი და ტარიფის მოსალოდნელი გაძვირების შესაძლებლობა კვლავ აქტუალური რჩება.
15 იანვარს გაზეთ ,,რეზონანსის” საკვირაო გამოშვება ,,მთელი კვირა” სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს: ”ტყუილი - საახალწლო ენერგოსაჩუქარი მთავრობისგან”. ციტატა გაზეთიდან: ”ახალი წლის ჯადოსნური ღამისგან ჯერ გამოფხიზლებული არ ვიყავით, როცა საქართველოს მთავრობამ მუშაობა არ დაიზარა და 3 იანვარს საქართველოს ბიუჯეტიდან ”მოსახლეობის დასახმარებლად” გაძვირებული რუსული გაზის შესასყიდად 125 მილიონი გამოუყო რუსულ კომპანიებს.” სტატიაში საუბარია მექანიზმზე, რომელიც გაძვირებული გაზის პირობებში მოსახლეობისათვის პრობლემების შესამსუბუქებლად უნდა ყოფილიყო მიმართული, კრედიტი კი ბიუჯეტიდან კერძო კომპანიებს გამოეყო და თანაც ძალიან შეღავათიანი პირობებით. გაზეთ ”მთელ კვირასთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს: ,, მთავრობა კერძო რუსულ კომპანიებს ეუბნება, ჩვენ თქვენ გაძლევთ ფულს, ეს ფული მერე ამოიღეთ ტარიფიდანო. ტარიფს კი ისევ საქართველოს მოსახლეობას გაუძვირებენ. გამოდის, რომ თუკი გაზის ტარიფი, რუსული ზეწოლის შედეგად, შეიძლებოდა გაზრდილიყო 50 თეთრამდე, ახლა ის 60 თეთრამდე გაძვირდება, რადგან ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი ხდება კრედიტის დაფარვაც.”
კიდევ ერთი ციტატა ამ პუბლიკაციიდან: ”საქართველოს მოსახლეობას ორჯერ უყოფენ ხელს ჯიბეში - პირველად, როცა ბიუჯეტიდან კერძო რუსულ კომპანიებს მისი ფულით კრედიტს აძლევენ და მეორედ ჩაუყოფენ მაშინ, როცა ეს კომპანიები კრედიტის დაფარვას მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადით შეეცდებიან.”

გაზის თემაზე საუბარს ”ახალი ვერსიაც” აგრძელებს. 17 იანვრის ნომერში ქვეყნდება სტატია, სათაურით ,,გვექნება თუ არა 2012 წლისათვის უფასო გაზი?”. სტატიაში განხილულია ტრანსკავკასიური ახალი პროექტები, რომლებიც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების მონოპოლიზების საშუალებას შეუშლის ხელს. კერძოდ, პუბლიკაციაში საუბარია ტრანსკავკასიური გაზსადენის პროექტზე ,, ნაბუქო”.

გაზეთი “ახალი თაობა” კი გაზის თემასთან დაკავშირებით 18 იანვარს აქვეყნებს სტატიას, სათაურით: ,,საქართველოში გაზი და ცხოვრება ძვირდება”. ,,ახალი წლის პირველივე განკარგულებით, მთავრობამ, ფაქტიურად, ცხადი გახადა, რომ ეს იყო მხოლოდ პიარისთვის გამიზნული განცხადებები და პირდაპირი მცდელობა, რომ როგორმე წინასაახალწლოდ ,,გადაეგორებინათ” ხელისუფლებისათვის ეს აშკარად მძიმე თემა. რეალურად ფასის ზრდა უახლოეს მომავალში აისახება ტარიფში, ”- ნათქვამია პუბლიკაციაში.

ხოლო ხუთშაბათის ,,24 საათი” წინა დღით გამართულ მთავრობის სხდომას ეხმიანება და აქვეყნებს პუბლიკაციას - ,,გაზი, ისევ გაზი და სარკინიგზო მაგისტრალი.”
,,მთავრობის გუშინდელი სხდომა შეიძლება რამდენიმე განყოფილებად დავყოთ: გაზი, კვლავაც გაზი და ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა... ” - წერს გაზეთი. გაზის საკითხი ამ შემთხვევაში საქართველოში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის შემოსვლის თემას უკავშირდებოდა, რომელსაც უკვე კარგა ხანია ელოდა საქართველო. რკინიგზის თემა კი ქართულ პრესაში მოულოდნელი აქტუალობით სწორედ ამ სამთავრობო სხდომის შემდეგ შემოვიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სულ მალე დაწყება ამცნო საზოგადოებას.
ამ ბოლო თემას ეხმიანებოდა გაზეთ “ახალი ვერსიის” რამდენიმე პუბლიკაციაც. მათში აღნიშნული იყო ამ პროექტის უდავო დადებითი მხრეებიც და შესაძლო რისკებიც. კერძოდ, დღევანდელ “ახალ ვერსიაში” ქვეყნდება სტატია, სათაურით ,,სარკინიგზო პროექტმა პორტები არ უნდა დააზიანოს”. პუბლიკაციაში ნათქვამია : ,,ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის შემცირებას ვარაუდობენ”. პროექტის მომზადებისას გასათვალისწინებელი ასპექტების შესახებ გაზეთში მოტანილია ექსპერტთა მოსაზრებები.

დღეს ყველა გაზეთის მთავარი თემა კვლავ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებია და საქართველოში რუსეთის ელჩის დაბრუნების ამბავი.
გაზეთი “რეზონანსი” ამ ამბავს ორ პუბლიკაციას უძღვნის. ,,რუსეთმა დასავლეთის თვალში იმიჯი გამოისწორა”, წერს დღევანდელი გაზეთი “რეზონანსი”. ამ მოსაზრებას სტატიაში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ასე აკონკრეტებს: ,,რუსეთი სხვა რუსეთი არ გამხდარა. მან, უბრალოდ, იმიჯის გამოსწორება სცადა.” იგი ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ, ,,შესაძლოა, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია დაბრუნდეს.”
იმავე გაზეთ ,,რეზონანსში” დღეს დაბეჭდილია მეორე პუბლიკაციაც, სათაურით
,,ელჩის დაბრუნებით რუსეთმა სისულელე გამოასწორა” , რომელშიც, ქართულ- რუსული ურთიერთობების ფონზე, უკვე ყველაზე აქტუალური საკითხია დასმული. ,,რას ველოდებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისაგან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისით? ” - ამ პრობლემაზე გაზეთ “რეზონასს” და მკითხველს ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე უზიარებს თავის მოსაზრებებს.
პასუხებს კი ამ კითხვებზე მომავალ კვირაში მივიღებთ.
XS
SM
MD
LG