Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას განიხილავს


24 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას განიხილავს.

უშიშროების საბჭოს 2006 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუციის მოთხოვნათა შესაბამისად, მოხსენების ტექსტი ათიოდე დღის წინ, 2007 წლის 15 იანვარს, გამოქვეყნდა. გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში, გალის რაიონის ტერიტორიაზე, ძალადობის ესკალაციის გამო, რასაც უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა წერია გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში და როგორ არის მასში ასახული კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობა.

რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მოხსენება მომზადდა, გაეროს უშიშროების საბჭომ, კოდორის ხეობაში ოფიციალური თბილისის მიერ სანქცირებული სპეცოპერაციის ფონზე, რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მიიღო. რეზოლუციის საფუძველზე, ხეობაში ორჯერ ჩატარდა ინსპექტირება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ზემო აფხაზეთში მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი რაოდენობა კი თანდათანობით მცირდება. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის კომენტარი:

[მერაბ ანთაძის ხმა] „ეს არის პროექტი, რომელიც ეხება კოდორის ხეობაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ პერიოდს... გარდა ამისა, მზადდება მომავალი რეზოლუცია, რომელშიც აისახება, რომ საქართველო ასრულებს ყველა რეზოლუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, მათ შორის, 2002 წლის იმ რეზოლუციასაც, რომელიც თბილისს კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარებას ავალებდა.“ (სტილი დაცულია)

მერაბ ანთაძის თქმით, კოდორის ხეობის გარდა, გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღება ასევე მიპყრობილია გალის რაიონისკენ, სადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის თქმით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ძალადობის ფაქტებმა. არის თუ არა ყოველივე ეს ასახული გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის შუალედურ მოხსენებაში?

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „მოხსენება, რომელიც ახლახან გავრცელდა, საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია. იქ აღწერილია მდგომარეობა და იქ არის რეკომენდაციები, რასაც ქართული მხარე ითხოვდა მრავალი წლის განმავლობაში. ეს არის დევნილთა დაბრუნებისთვის პირობების შექმნა და ადამიანის უფლებების დაცვა, უპირველეს ყოფლისა, გალის რაიონში.“(სტილი დაცულია)


დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ გალის რაიონში კვლავ აქვს ადგილი იმ პირთა დისკრიმინაციას, რომლებიც არ არიან ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, - დისკრიმინაციაში კი თავისუფლების შეზღუდვა და საკუთრების არალეგალური ჩამორთმევა იგულისხმება. ასეთი რამ, როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პაატა შამუგია ამბობს, კონფლიქტის ზონაში ლამის ყოველდღე ხდება. გამონაკლისი არც 24 იანვარი ყოფილა.

[პაატა შამუგიას ხმა] „წუხელ ხუთი ნიღბიანი ადამიანი, უაზის ტიპის მანქანით, სოფელ პირველ გალში შეუვარდნენ ეზუხბაიების ოჯახს, დააყაჩაღეს და წაიღეს ყველაფერი. აწამეს ოჯახის წევრები და ეს ყველაფერი მოხდა რუსების საგუშაგოსთან ახლოს.“ (სტილი დაცულია)

სწორედ რუსეთის სამშვიდობო ძალების უმოქმედობაზე ჩივიან საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ის წევრები, რომლებიც ამ დღეებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სტუმრობენ. მათი თქმით, სამშვიდობო ძალები ვერ ასრულებენ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფენ ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, რის გამოც ქართული მხარე რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლას ითხოვს. პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებისადმი მეტ ყურადღებას იჩენს ევროკავშირი, თუმცა სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ საქართველო უნდა ემზადოს პარტნიორებთან ერთად გრძელვადიანი და შრომატევადი პროექტების განხორციელებისთვის:

[ანდრო ბარნოვის ხმა] „მოკლევადიანი და უცბად გადასაწყვეტი ხერხი არის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ჩარევა და ისიც მაშინ, როცა ერთ მხარეს განუზომლად დიდი უპირატესობა აქვს, რაც ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ძალიან ბევრი ძალაა ჩარეული და დაინტერესებული... ამიტომ ევროკავშირს უნდა შეექმნას ისეთი წინაპირობები, რომელიც შემდგომში გააადვილებს მის ჩარევას და მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში.“(სტილი დაცულია)

თუმცა რეგიონში მშვიდობის დამყარებამდე შუამავალ ორგანიზაციებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს არაერთი და ორი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია კი დარწმუნებულია, რომ გენერალური მდივნის წარმომადგენლის შუალედურ მოხსენებაში ობიექტურად იქნება ასახული კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება:

[ირაკლი ალასანიას ხმა] „ანგარიში, რომელსაც მოისმენს უშიშროების საბჭო, იქნება ობიექტური და სწორად შეაფასებს მოვლენებს როგორც კოდორის ხეობაში, ასევე გალში და ასევე იმ ტერორისტულ აქტებს, რომელიც განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. ეს არის რუტინული, შუალედური ანგარიშის მოსმენა და რეზოლუციის მიღება არ არის დაგეგმილი.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG