Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თბილისი და მოსკოვი კვლავ ვერ შეთანხმდნენ


ჟენევაში 24-25 იანვარს გამართულ მოლაპარაკებებზე საქრთველოსა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კვლავაც ვერ მოახერხეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება.


საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც რუსეთმა აქამდე ვერ მოაგვარა სავაჭრო პრობლემები. ოფიციალური თბილისი თანახმაა მხარი დაუჭიროს რუსეთს, თუ მოსკოვი 2004 წელს ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. საქართველოს მთავრობას რუსეთის მიმართ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა, მაგრამ ჟენევის მოლაპარაკებაზე ეს პრეტენზიები მოიხსნა.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, საქართველომ რუსეთის ფედერაციას, ერთი მოთხოვნის გარდა, ყველა მოუხსნაო, - იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი", რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რუსეთის ეკონომიკური უწყების ცნობით, გადაუჭრელი რჩება მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”2004-ში ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში და რუსეთი, შესაბამისად, საქართველოსთან საგარეო ვაჭრობას აწარმოებს ლეგალური სავაჭრო გამშვები პუნქტებით. ჩვენ არა მარტო ერთგულნი ვრჩებით ამ მოთხოვნის, არამედ მოვითხოვთ რუსეთმა შეასრულოს შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის მოხდა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ ნახსენები მოლაპარაკებებიდან 3 წელი გავიდა და ახლა რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა მხოლოდ არალეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით ან მესამე ქვეყნების გავლით ხორციელდება. ორ ქვეყანას შორის ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტები რუსეთის მხრიდანაა დახურული.

როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზარი დაკეტილია საქართველოში დამზადებული ღვინის, მინერალური წყლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ ეს საკითხებიც დააყენა, მაგრამ, როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მოლაპარაკებათა მსვლელობისას ოფიციალურმა თბილისმა, კეთილი ნების გამოსახატავად, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნა. ამ საკითხის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე ჯერ კიდევ ჟენევაში გამგზავრებადე ასე განმარტავდა:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ჩვენ შეიძლება გვქონდეს პრობლემა რუსეთთან გაწევრიანებამდე, მაგრამ გაწევრიანების შემდეგაც, ანუ ეს პრობლემა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საშუალება არის იმ მომენტიდან, როდესაც პრობლემა დგას. უბრალოდ, ამ მექანიზმების გამოყენების უფლება აქვს წევრ ქვეყანას წევრი ქვეყნის მიმართ. არაწევრი ქვეყნის მიმართ ასეთ მექანიზმებს ვერ გამოვიყენებთ.”(სტილი დაცულია)

თამარ კოვზირიძე თბილისში 26 იანვრის დილით დაბრუნდა და ჯერჯერობით მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიცია რომ არ შეცვლილა, ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ ჯერ კიდევ 24 იანვარს გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, თბილისი მოსკოვისგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების საზღვრებზე - მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან - არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებას მოითხოვს. თუ როგორ არის ეს შესაძლებელი აფზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე, თამარ კოვზირიძის კომენტარიდან შევიტყობთ:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდოვას საზღვარზე, უფრო კონკრეტულად, უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე. დნესტრისპირეთი თავისი პრობლემატიკით საკმაოდ ჰგავს ჩვენს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის, სიტუაციას. ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის მისია, რომელსაც აკისრია მონიტორინგის ფუნქცია, მაგრამ ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივად ახორციელებენ საბაჟო ადმინისტრირებას. ”(სტილი დაცულია)

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე თებერვალში გაიმართება. მასზე ოფიციალური მოსკოვი იმ დოკუმენტებით გამოცხადებას გეგმავს, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსეთის საზღვრებზე სავაჭრო-საბაჟო ურთიერთობები ლეგალურად და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG