Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუსტად ათი წლის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი გახდა


ზუსტად ათი წლის წინ - 1997 წლის 27 იანვარს - ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთის რეპუბლიკა იჩქერიაში, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შედგა.

არჩევნები ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით გაიმართა და, ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით, ეს არჩევნები, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ისე შედეგის თვალსაზრისით, პატიოსანი და სამართლიანი იყო. ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი გახდა. არჩევნების მეათე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს მინდა ასლან მასხადოვის პიროვნება და მისი სამხედრო თუ პოლიტიკური კარიერა შეგახსენოთ.

მასხადოვს მაშინ გამარჯვება რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმაც მიულოცა - მან მზადყოფნა გამოთქვა ემუშავა ჩეჩნეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა კვლავ უარი განაცხადა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 1997 წლის მაისში, ასლან მასხადოვმა და ბორის ელცინმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. მაგრამ 1999 წელს ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო. ჩეჩნეთის პრეზიდენტი პარტიზან მებრძოლთა ლიდერის როლს დაუბრუნდა და მოქმედება მიწისქვეშეთში განაგრძო. რუსეთის მთავრობამ, რომელსაც უკვე ვლადიმირ პუტინი ედგა სათავეში, მასხადოვი ტერორისტების ლიდერად შერაცხა. 2005 წლის 8 მარტს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან მასხადოვი ჩეჩნეთში, სოფელ ტოლსტოი-იურტში, რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციისას მოკლეს.

ეს არის ძალიან მოკლე შეჯამება მოვლენებისა, რომლებიც ასლან მასხადოვის ბიოგრაფიაში ათი წლის წინ, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, განვითარდა. მანამდე, 1994-96 წლებში, ჩეჩნეთის პირველ ომში, მასხადოვი წინააღმდეგობის მოძრაობას ედგა სათავეში და ამ ომში ჩეჩენთა მიერ მიღწეულ წარმატებას - რესპუბლიკის მხრიდან დე ფაქტო დამოუკიდებლობის მიღწევას - ბევრი სწორედ მისი ფაქტორით ხსნის. კიდევ უფრო ადრე, 80-იან წლებში, მასხადოვი საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი იყო. სხვათა შორის, სამხედრო განათლების ერთი ეტაპი მას თბილისის საარტილერიო სასწავლებელში ჰქონდა გავლილი.

თუმცა, პროფესიული სამხედრო კარიერისა და ჩეჩნეთის პირველ ომში შესრულებული როლის მიუხედავად, ასლან მასხადოვს ჩეჩნეთში მაინც მშვიდობისმოყვარე პოლიტიკურ ფიგურად აღიქვამდნენ, რამაც დიდწილად განაპირობა კიდევაც ათი წლის წინანდელ არჩევნებში მისი გამარჯვება. ასე ფიქრობს რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტი შარიპ ასუევი, რომელმაც ჩვენთან საუბარში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ათი წლის წინ გამეფებული განწყობა გაიხსენა:

[შარიპ ასუევის ხმა] ”არჩევნების პერიოდში - ცოტა ხნით ადრე და უშუალოდ არჩევნების დღეს - ჩეჩნეთში მცხოვრებ ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი. და მიუხედავად იმისა, რომ მასხადოვი ჯერ საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი იყო, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის არმიის გენერალი და, პრაქტიკულად, პირველი ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობას ედგა სათავეში, ხალხი მას მაინც ფრიად მშვიდობისმოყვარე პიროვნებად აღიქვამდა. და როდესაც იმ არჩევნებზე ერთმანეთს მასხადოვი და შამილ ბასაევი დაუპირისპირდნენ, ბევრმა უპირატესობა მასხადოვს მიანიჭა სწორედ იმის გამო, რომ მას მშვიდობისმოყვარედ მიიჩნევდნენ.”

1997 წლის არჩევნებში ასლან მასხადოვმა გამარჯვება ხმათა 59 პროცენტის მოპოვებით შეძლო და მეტოქე, შამილ ბასაევი, დაამარცხა. არჩევნების მეათე წლისთავზე, რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახური აწ გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის შვილს, ანზორ მასხადოვს, დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს. ანზორ მასხადოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ოჯახისთვის ასლან მასხადოვის ცხედარი სიკვდილიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც არ გადაუცია. ოჯახმა არც ცხედრის დაკრძალვის ადგილი იცის. ათი წლის წინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნები კი ანზორ მასხადოვმა ასე გაიხსენა:

[ანზორ მასხადოვის ხმა] ”დიახ, მე მახსოვს ეს დღე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე იყო ჩეჩენი ხალხისთვის. მე მაშინ ახალგაზრდა, 22 წლისა, ვიყავი. ის დღე მამის გვერდით გავატარე. ჩვენი ხალხის განწყობიდან ნათლად ვგრძნობდი, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის დღე ჩვენთვის.”

თუმცა, 1997 წლის იანვრის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებისა და მაისში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ასლან მასხადოვის პოლიტიკურმა კარიერამ თანდათან დაღმასვლა დაიწყო. 1998 წელს მისი მთავრობა - ვიცე-პრემიერის პოსტი - შამილ ბასაევმა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა; პოლიტიკური სპექტრის დანაწევრების პარალელურად, ჩეჩნეთში მნიშვნელოვნად დამძიმდა კრიმინალური მდგომარეობა. 1999 წელს ბასაევმა და მისმა მომხრეებმა დაღესტანზე მიიტანეს იერიში, რაც, მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებებთან ერთად, დიდწილად, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების საწინდარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბასაევი ასლან მასხადოვის მთავრობის წევრი უკვე აღარ იყო, დაღესტანზე მიტანილ იერიშში მასხადოვიც დაადანაშაულეს.

რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტი შარიპ ასუევი ამბობს, რომ მასხადოვი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რბილი და წარუმატებელი აღმოჩნდა - და პარალელს ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტთან, ჯოჰარ დუდაევთან, ავლებს:

[შარიპ ასუევის ხმა] ”ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ დუდაევს მასხადოვზე ბევრად მეტი ავტორიტეტი და ქარიზმა ჰქონდა. ეს ფაქტია. ისეთ სიტუაციებში, როდესაც რადიკალური, მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, ჯოჰარ დუდაევი ამას ახერხებდა, რაც, ალბათ, მისი პიროვნული თვისებებით იყო განპირობებული. მასხადოვი ბევრად უფრო რბილი იყო როგორც ადამიანი და როგორც პოლიტიკური ლიდერი. პოლიტიკაში კი ამ სირბილემ მას, დიდწილად, უარყოფითი შედეგები მოუტანა.”

სამხედრო განათლებისა და მებრძოლის კარიერის მიუხედავად, მასხადოვი ყველა პრობლემის მოგვარებას, უწინარესად, მოლაპარაკების გზით ცდილობდაო, ამბობს ჩვენი ჩრდილოკავკასიელი კოლეგა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 2005 წლის მარტში, ასლან მასხადოვმა რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიურ სამსახურს ინტერვიუ მისცა და რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების გამართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

[ასლან მასხადოვის ხმა] ”ჩვენ კვლავ ჩვენს წინადადებას ვიმეორებთ და ვფიქრობთ, რომ ამ ომის შესაჩერებლად საკმარისია 30 წუთის განმავლობაში გულწრფელი დიალოგი გავმართოთ პირისპირ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ავუხსნათ, რა სურთ, საერთოდ, ჩეჩნებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს არ იცის. ჩვენ კი უშუალოდ პუტინისგან გავიგებდით, რა სურს მას, რა სურს რუსეთს. ჩვენ ეს არ ვიცით.”

მაგრამ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა მკაცრი და შეუვალი იყო - მასხადოვი საერთაშორისო ტერორისტად იყო შერაცხული და კრემლს მის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული.

ვითარება დაამძიმა 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში მძევლების აყვანის შემთხვევამ და 2004 წლის სექტემბერში ბესლანის სკოლაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - მოვლენებმა, რომლებიც შამილ ბასაევის სახელს დაუკავშირდა. ბესლანის ტრაგედიას, რომელმაც 330-ზე მეტი ადამიანი - უმეტესად, ბავშვები - იმსხვერპლა, ასლან მასხადოვი ღიად გაემიჯნა და სისასტიკე დაგმო. მაგრამ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობდა ტრაგედიაში მასხადოვის დადანაშაულებას.

დღეს, მასხადოვის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წლის თავზე, პოლიტიკის ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ კრემლის პოლიტიკას, ჩეჩნეთში ისლამისტ ექსტრემისტებსა და პრომოსკოვურად განწყობილ და სისასტიკით გამორჩეულ ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის მოქცეულ ასლან მასხადოვს მოქმედების თითქმის ყველა საშუალება წართმეული ჰქონდა. თუმცა, იმ პოლიტიკური წარუმატებლობის მიუხედავად, რომელიც მასხადოვს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სდევდა თან, იგივე ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ზუსტად ათი წლის წინ, 1997 წლის 27 იანვარს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში ჩატარებული არჩევნები ჩეჩნეთში დამოუკიდებლობის მოძრაობის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG