Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


საქართველოს პრესა კვლავაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობის თანხების ხარჯვაზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნას.

გთავაზობთ დღეს გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციის მიმოხილვას.

”სააკაშვილი თბილისის საკრებულოსაც მიადგა”, - წერს ”ახალი თაობა. ”რამდენადაც ცნობილია, ამ თვალსაზრისით მუშაობა უკვე დაწყებულია და ინფორმაციაც გროვდება. შესაბამისად, წმენდა თბილისის საკრებულოს კაბინეტებსაც შეეხება და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან ისინი - ძველი თუ ახალი მოწვევის საკრებულოს თანამდებობის პირები. არ არის გამორიცხული, იქაც ძველი თუ ახალი ისეთი სახე გადაადგილდება სახელმწიფო მანქანით, თანაც, ალბათ, რამდენიმეთი, რომელსაც არ ეკუთვნის; ბევრი ისეთი ეწყობა პროტექციით მერიისა თუ საკრებულოს სამსახურში, რომელმაც საქმე არ იცის. როგორც ჩანს, პრეზიდენტის გუნდის უახლოესი ჩინოსნები ნაციონალური მოძრაობის რიგების გაცხრილვას პერიფერიების საკრებულოებიდან იწყებენ და თბილისით გააგრძელებენ”, - წერს “ახალი თაობა”.

“საქართველოს რესპუბლიკა” კი ადგილობრივ ბიუჯეტებთან დაკავშირებით ხელისუფლების გააქტიურებას “მორიგ პიარ-შეჯანჯღარებას” უწოდებს. ავტორი წერს: “საბიუჯეტო თანხები და ხალხის ბედი როცა ენაღვლებათ ან აწუხებთ, დაქცეულ-გაღატაკებულ ქვეყანაში სამინისტროს მისასვლელს მარმარილოთი როდი აპირკეთებენ, იქ მაწონში ამოვლებულ გუშაგებს როდი აყენებენ; ხუთასიათასდოლარიანი მომღერლები და სხვა ძვირად ღირებული ლამაზმანები როდი ჩამოჰყავთ, შადრევნებს, კარუსელებს, საქანელებს როდი ამრავლებენ, საგინესე საცივს, გოზინაყს, ხაჭაპურს როდი აკეთებენ... და კიდევ – მრავალმილიონდოლარიანი სასახლის წამოჭიმვას არ შეუდგებიან. ეს ყველაფერი რა, მიზნობრივი ხარჯვაა? დიახ, ბევრი რამ არ უნდა კეთდებოდეს დამშეულ-გაღატაკებულ ქვეყანაში”, - ასე ფიქრობს “საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.

გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა” და რომ საქმე ეხება “ქართველი სამხედრო ექსპერტების რედაქციით გამოცემული წიგნის აკრძალვას”. “რეზონანსის” ცნობით, წიგნში “ჯარი და დემოკრატია” დეტალურად არის განხილული როგორც დასავლური ქვეყნების გამოცდილება ნატოსთან მიმართებაში, ასევე რეკომენდაციები, რომლითაც შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ხელი შეეწყოს ჯარში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. გაზეთი იუწყება, რომ ამ წიგნის რამდენიმე ეგზეპლარის თავდაცვის სამინისტროში გავრცელება დაუშვებლად მიიჩნია გენერალური შტაბის უფროსმა და მისთვის პირადად გაგზავნილი წიგნიც უკან დაუბრუნა ავტორებს. “რეზონანსი” წერს: “წიგნის რედაქტორია ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე. მისი თქმით, წიგნში დეტალურად არის აღწერილი, როგორ ხდება ნატოს წევრ ქვეყნებში სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. ნატოს სტანდარტებში შედის ისიც, რომ ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს.” - კახა კაციტაძისა და სხვა სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს წიგნის აკრძალვის თაობაზე “რეზონანსი” აქვეყნებს.

“ალია” კი იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, “შეიძლება, მოსახლეობა მალე ახალი სკანდალების მოწმე გახდეს”. გაზეთი წერს: “როგორც “ალიამ” გაარკვია, ამ ფაქტთან დაკავშირებით “ეფ-ბი-აის” დასკვნაზე გერმანელმა ექსპერტებმა საკუთარი დასკვნები გამოიტანეს და კატეგორიულად განაცხადეს, რომ იმ პირობებში, რაც “ეფ-ბი-აის” აქვს აღწერილი, უბედური შემთხვევით სიკვდილი არ უნდა დამდგარიყო. მასალები მათ ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ მიაწოდა და ეს ხალხი დასკვნებს სწორედ მისსავე ფილმში გააკეთებს, რომელიც, კაცმა არ იცის, დღის სინათლეს როდის იხილავს. ეს იქნება იმ ცნობილი ფილმის (“ტყვიის გარეშე”) გაგრძელება, რომლის სატელევიზიო ეთერით გასვლაც საეჭვოდ დაემთხვა 2005 წელს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობას. ახალ ფილმში აქცენტები არა ობიექტურ გარემოებებზე, არამედ კონკრეტულ პირებზე გაკეთდება”, - წერს “ალია” ახალი დოკუმენტური ფილმის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG