Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნით ეწვია საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი?


საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი. 2 თებერვალს მას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან,

საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. ვარაუდობენ, რომ ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიიღოს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკურ სფეროსა და საგარეო ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ლიტვა, ისევე როგორც ბალტიისპირეთის კიდევ ორი სახელმწიფო, ლატვია და ესტონეთი, აქტიურად ეხმარება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, რომელიც ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა სულ რამდენიმე წლის განმავლობაში დააგროვეს. სწორედ ეს საკითხები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ლიტვის პრემიერ- მინისტრ გედიმინას კირკილასსა და მის ქართველ კოლეგას ზურაბ ნოღაიდელს შორის გამართული მოლაპარაკებისა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები...”

ზურაბ ნოღაიდელის ამ სიტყვების პასუხად, მისმა ლიტველმა კოლეგამ განაცხადა, რომ ლიტვა მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, სანაცვლო მხარდაჭერას კი საქართველოსგანაც მოელის, ოღონდ სულ სხვა ფრონტზე - ავღანეთში: იქ, ნატოს ეგიდით, ლიტვის სამხედრო შენაერთებმა მაღალმთიან რეგიონებში სამშვიდობო ოპერაცია უნდა განახორციელონ.

გედიმინას კირკილასმა ნოღაიდელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო, ლიტვისგან განსხვავებით, მაღალმთიანი ქვეყანაა და ამიტომ ქართველი სამხედროების გამოცდილება მათ ძალიან წაადგებათ.

ლაპარაკია ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო ნაწილების წარგზავნაზე ლიტვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში. ამ შემოთავაზების მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიცია ჩანს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განმარტებიდან, რომელიც მან ჩვენს რადიოს გასული წლის 29 ნოემბერს, ნატოს რიგის სამიტის დამთავრებისას, მისცა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”თქვენ იცით, რომ ჩვენ ავღანეთში გვყავდა კონტინგენტი. მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვაპირებთ, ისევე როგორც ერაყში, ავღანეთშიც მოვახდინოთ კონტრიბუცია და, თან, სერიოზული. ეს შედის ჩვენი მოკავშირეების ინტერესში და მეორე ცივილიზებული სამყაროს ინტერესებში.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებას სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი კრიტიკულად აფასებს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მსხვერპლი არ იყოს...”

ალადაშვილი უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველომ, პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების მიზნით, ავღანეთში მცირე რაოდენობის სამშვიდობო ნაწილი მიავლინოს.

ლიტვის პრემიერ-მინისტრ გედიმინას კირკილასის თბილისში ვიზიტის კიდევ ერთი მთავარი თემა ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობაა. ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ორჯერ გაიზარდა სავაჭრო ურთიერთობები და კირკილასმა იმედი გამოთქვა, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება. ლიტვა დაინტერესებულია ასევე საქართველოს, როგორც ენერგომატარებლების ალტერნატიული მარშრუტის, განვითარებითაც.
XS
SM
MD
LG