Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები მოსკოვში


ორშაბათს ევროპის კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელებმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.

მოლაპარაკებები ძირითადად ენერგორესურსებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდნენ საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის ხელმძღვანელები - ევროკომისარი საგარეო ურთიერთობების სფეროში ბენიტა ფერერო-ვალდნერი, საერთაშორისო და უშიშროების სფეროში ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა და კავშირის მორიგე თავმჯდომარის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

შეხვედრაზე ვერ მოხერხდა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ენერგიის სფეროში ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის პოვნა.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც ეწინააღმდეგება ენერგიის ქარტიას, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდიდა რუსეთის ნავთობისა და გაზის საბადოებს და საექსპორტო მილსადენებს.

ლავროვის სიტყვებით, ამ სფეროში რაიმე საერთაშორისო ორგანოს შექმნის ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავთო.

[ლავროვის ხმა]

ლავროვის თქმით, ენერგიის სფეროში ევროპასთან რუსეთის თანამშრომლობის პირობები უკვე შეთანხმდა დიდი რვიანის სამიტზე გასული წლის ივლისში.

[ლავროვის ხმა] "ევროპის კავშირთან ჩვენი პარტნიორობა დამყარებული იქნება ენერგოუსაფრთხოების სფეროში შეთანხმებებზე, რომლებიც სანკტ პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტზე იქნა მიღწეული."

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვი რატიფიკაციას არ გაუკეთებს ენერგიის ქარტიას ამჟამინდელი ფორმით. ევროკავშირის ქვეყნებს სურთ, უფრო მიუწვდებოდეთ ხელი რუსეთის ენერგორესურსებზე და მიზსადენებზე. რუსეთი ამბობს, რომ ამისთვის ბრიუსელმა მას ეკვივალენტური აქტივები უნდა შესთავაზოს.

ევროკავშირს სურს, ენერგიის სფეროში ე.წ. სამართლიანი ვაჭრობის პრინციპები შეიტანოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობის შეთანხმებაში. მაგრამ ამ შეთანხმების თაობზე მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა მას მერე,რაც პოლონეთმა მოითხოვა, რომ ჯერ მოსკოვმა შეწყვიტოს პოლონეთის ხორცპროდუქტების იმპორტის აკრძალვა.

27-წევრიანი ევროკავშირი ენერგორესურსების დაახლოებით 25 პროცენტს რუსეთისგან იღებს. ფასების გამო უკრაინასა და ბელორუსიასთან მოსკოვის უთანხმოების შედეგად შეფერხდა ამ ქვეყნების გავლით ევროპაში რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტი.

ევროკავშირის ტროიკასთან შეხვედრაზე ლავროვმა ბრიუსელს უკრაინისა და ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვა.

უკრაინა ენერგიის ქარტიის წევრია. ბელორუსიამ ხელი მოაწერა მას, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებია მისი რატიფიკაცია.

XS
SM
MD
LG