Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მხარს უჭერს ბუნებრივი აირის კარტელის შექმნას


ირანის პოლიტიკოსები მიესალმებიან გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყნების კარტელის შექმნას.

ორგანიზაციის მიზანია მეტი კონტროლი იქონიოს ბუნებრივი აირის ფასებზე.

ირანში ფიქრობენ, რომ ასეთი ორგანიზაცია შესაძლებელს გახდიდა ფასების სტაბილიზაციას და ხელს შეუწყობდა ირანის პოლიტიკური გავლენის ზრდას ფინანსების წყალობით და რუსეთთან სტრატეგიული კავშირის გაღრმავების გზით.

ახალი კარტელის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელმაც 28 იანვარს თეირანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, იგორ ივანოვთან მოლაპარაკებებზე განიხილა ეს საკითხი.

როგორც იტყობინებიან, რუსეთის ხელისუფლება მართალია, დაინტერესებულია ამ ინიციატივით, მაგრამ არა იმ ტიპის ორგანიზაციის შექმნით, როგორიცაა, მაგალითად, ოპეკი - ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია.

ირანში კი ამ საკითხზე გაცხოველებული დისკუსიები მიმდინარეობს.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მოჰამად რეზა ბაჰონარმა 2 თებერვალს თეირანში განაცხადა, რომ ე.წ. "გაზის ოპეკის" შექმნა მრავალმხრივ მოუტანდა მოგებას ირანსა და გაზის სხვა მწარმოებლებს. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გაზის ექსპორტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობისა, ვინაიდან საამისოდ ბუნებრივი აირის გათხევადება ანდა მილსადენებით ტრანსპორტირებაა საჭირო.

გაზის გათხევადების ტექნოლოგია გაზის მწარმოებელ ყველა ქვეყანას არ მოეპოვება. გაზსადენებით გაზის ექსპორტი კი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში შეიძლება.

ირანის პოლიტიკოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ენერგიის მომავალი გაზშია. ამიტომაც თეირანი აქტიურად ეძებს გზებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება უფრო სარფიანად შეძლოს თავისი უზარმაზარი მარაგის ექსპორტი. მსოფლიო გაზის ნახევარს რუსეთი და ირანი ფლობენ.

ირანელ პოლიტიკოსთა აზრით, გაზის კარტელის შექმნა ირანს პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანდა. როგორც ირანის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა, ჰამიდ რეზა ჰაჯი-ბაბაიმ თქვა თაის გამოსვლაში, გაზის კარტელის შექმნა წინ აღუდგებოდა დასავლეთის ქვეყნების ავტორიტარიზმს და შეიძლება გამხდარიყო ძალაუფლების ცენტრი, რომელიც წინ აღუდგებოდა დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას.

მაგრამ ამგვარი კარტელის შექმნის გზაზე ირანს ხელს უშლის ენერგიაზე საკუთარი მოთხოვნილებები. ბუნებრივ აირზე სახელმწიფო სუბვენციების გამო განუხრელად იზრდება იაფ აირზე მოთხოვნილება. რაც თეირანს გაზის ექსპორტის გაზრდაში უშლის ხელს.

მეორე პრობლემაა რუსეთი, ურომლისოდაც კარტელის შექმნა წარმოუდგენელია. ერთი თვის წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზომიერი ენთუზიაზმით შეხვდა ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადის წინადადებას, შეიქმნას გაზის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი. მოსკოვი დღემდე ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებს კარტელის პერსპექტივებზე.

იმისათვის, რომ კარტელი შეიქმნას, ამ იდეას გაზის მწარმოებელმა სხვა ქვეყნებმაც უნდა დაუჭირონ მხარი.
XS
SM
MD
LG