Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს აკრიტიკებს “ბარბაროსული” ზომების გამო


“ევროპის უკანასკნელი დიქტატორი” - ასე მოიხსენიებენ დასავლეთში ბელორუსიის პრეზიდენტს, რომელსაც აკრიტიკებენ არჩევნების მანიპულირების,

ოპოზიციის დევნის, დამოუკიდებელი პრესის ჩაჩუმების გამო.

თვით ალექსანდრ ლუკაშენკოც არ გამოირჩევა დასავლეთისადმი თბილი დამოკიდებულებით... ამიტომ იშვიათად ხდება, რომ დასავლეთის მედიასთან დალაპარაკების სურვილი გამოთქვას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლო დღეებში პრეზიდენტი ლუკაშენკო ზეიდზედ ორ ინტერვიუზე დაითანხმეს. 5 თებერვალს ის გერმანიის ყოველდღიურ გაზეთ “ველტის” ჟურნალისტებს ესაუბრა, 6 თებერვალს კი “რეიტერის” საინფორმაციო სააგენტოს მისცა ინტერვიუ. ერთი მრავლისმეტყველი ნაწყვეტი:

[ლუკაშენკოს ხმა] “ჩემი მწვავე პასუხებით იმას კი არ ვცდილობ, რომ ქვა ვესროლო რუსეთის ხელმძღვანელობას და რუსეთს, ან თავი მოგაწონოთ თქვენ - დასავლეთში! არავითარ შემთხვევაში!”

მაშ ასე, ლუკაშენკომ თვითონვე მისცა შეფასება თავის პასუხებს - რომ ისინი მწვავეა, კრიტიკული რუსეთის მისამართით. და ამაზე, მართლაც, ორი აზრი არ შეიძლება იყოს: ბელორუსია, ლუკაშენკოს თქმით, გაუძლებს რუსული გაზის ფასის გაორმაგებას, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც მანამდე იყო:

[ლუკაშენკოს ხმა] “ამას ეკონომიკურად გავუძლებთ. ჩვენი პარტნიორის პოზიცია ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვაწუხებს. ყველაზე ძალიან საწყენია ის, რომ ასეთ ბარბაროსულ ზომებს მიმართა ჩვენმა მოკავშირე ქვეყანამ - ჩვენთვის ყველაზე ახლობელმა ქვეყანამ, რომელშიც ცხოვრობს ჩვენთვის ყველაზე უფრო ახლობელი ხალხი. ბელორუსები და რუსები - ეს, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ხალხია. ეს ერთი ხალხია - ძნელია მათი ერთმანეთისგან განსხვავება”. შეიძლება, ლუკაშენკოს წარმოდგენაში, ძნელი იყოს, მაგრამ ბელორუსიის პრეზიდენტიც კი მცდრად მიიჩნევს წარმოდგენას, თითქოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდეთ, გარდა რუსეთთან ასე ვთქვათ “მიბმისა”.

[ლუკაშენკოს ხმა] “რუსეთი ცდილობს, არ შეიმჩნიოს ჩვენი - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების - არსებობა. მიაჩნია, რომ ისედაც ვერსად გავექცევით, მაინც რუსეთის ფედერაციასთან მიბმული დავრჩებით. ეს მცდარი პოზიციაა.”

მაგრამ ლუკაშენკო, როგორც “რეიტერისთვის” მიცემული ეს ინტერვიუ ცხადჰყოფს, ალტერნატივას ვერც დასავლეთთან დაახლოებაში ხედავს. ბელორუსიის პრეზიდენტი, მისივე თქმით, განმეორებით გამოთქვამს მზადყოფნას დასავლეთთან კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობისთვის, მაგრამ, ზოგადად, კრიტიკას არც მისი მისამართით იშურებს: [ლუკაშენკოს ხმა] “ევროპამ, (გაზის) კრიზისის შედეგად, უცებ ყურადღება მიაქცია ბელორუსიას და მიხვდა, რომ ბელორუსიის გარეშე ძნელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და, როგორც ირკვევა, ბელორუსიას სწორედაც ის სურს, რომ იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი - ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა ევროპის კავშირისთვის”.

ამგვარად, ბელორუსიის ლიდერი რუსეთის - ყველაზე ახლობელი ქვეყნის - ხელმძღვანელობის ნაბიჯებით გაწბილებულია, მაგრამ პოტენციურ უახლოეს მოკავშირედ ვერც ევროკავშირი წარმოუდგენია. მას მკაცრად აკრიტიკებს ბელორუსი ოპოზიციონერების მხარდაჭერის გამო და “რეიტერთან” ინტერვიუში არ იძლევა არანაირ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბელორუსიაში პოლიტიკური რეფორმებია მოსალოდნელი: [ლუკაშენკოს ხმა] “ღმერთმა ქნას, რომ ამ 4 წელიწადში შევასრულო ის, რასაც ჩემს ხალხს დავპირდი. თუ ამას გავაკეთებ და ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს და ვიქნები, როგორც თქვენ ამბობთ, ასეთივე აქტიური, ქმედითუნარიანი ადამიანი, არ ვაპირებ პოლიტიკურ ბრძოლასთან გამოთხოვებას - თუ გულახდილი პასუხი გსურთ.”
XS
SM
MD
LG