Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეების შერჩევაში რიგითი მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას


საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს ვებ-საიტზე

გამოაქვეყნა მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია და მონაცემები. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 190 ადამიანს შეუტანია. უზენაეს სასამართლოში ირწმუნებიან, რომ ამიერიდან კანდიდატების მოსამართლეებად გამწესების პროცესში საზოგადოებაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. სიახლის თანახმად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით გადაწყვეტს, არის თუ არა კანდიდატი მოსამართლის მანტიის ტარების ღირსი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლის გამოცდების ჩაბარების შემდეგ კანდიდატი გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სპეციალურ კომისიაში გადის, საკონკურსო შერჩევა კი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების, კანდიდატის მორალური რეპუტაციისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით ხდება, თუმცა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამიერიდან ანგარიშს რიგითი მოქალაქეების მოსაზრებებსაც გაუწევს. კოტე კუბლაშვილი საზოგადოებას მიმართავს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და მოგვაწოდოთ თქვენი ინფორმაცია კანდიდატების შესახებ. ეს ინფორმაცია კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს ამ სიიდან ავარჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ავარჩიოთ საფუძვლიანად, რადგანაც საზოგადოების აზრი გვეცოდინება.“

საზოგადოების აზრის ცოდნა რომ მნიშვნელოვანია, ამის შესახებ კარგად უწყიან სახალხო დამცველის აპარატშიც. გაეროს განვითარების პროგრამის “დახმარება სახალხო დამცველის” პროექტის ფარგლებში, „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფმა“ ჩაატარა სოციოლოგიური გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოებს გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი მიმართავს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სასამართლო პროცესებიდან მიღებულ შთაბეჭდილებას გვიზიარებს:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] „სასამართლო ხელისუფლება კვლავაც არის პროკურატურას დაქვემდებარებული, რასაც არც თვით მოსამართლეები უარყოფენ კერძო საუბრებში და ყველაფერი ეს, მთლიანობაში, ქმნის სურათს, როცა მასობრივად დგება უსამართლო განაჩენები დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე და ეს ყველაფერი აისახება საზოგადოებაზე.“(სტილი დაცულია)

საზოგადოება კი, როგორც თბილისის ქუჩებში ჩატარებული სახელდახელო გამოკითხვიდან ირკვევა, სასამართლო ხელისუფლებისგან მეტს მოელის. არადა, იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და რიგითი თბილისელების მოსაზრება თითქმის თანხვდება. ჯერ კოტე კუბლაშვილს მოვუსმინოთ:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „მორალური და საქმიანი რეპუტაცია, ეს არის პროფესიული საქმიანობის გამოცდილება, ეს არის თავისუფლად და მიუკერძოებლად, ანალიტიკურად საკითხების შეფასების უნარი... ასევე, ის უნდა იყოს პიროვნება და ჰქონდეს ის მახასიათებლები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მოსამართლე.“(სტილი დაცულია)

ახლა კი მოვუსმინოთ თბილისელებს, რომლებსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე:

[მამაკაცის ხმა] „მოსამართლე ობიექტური უნდა იყოს და მშრომელი კაცი უნდა უყვარდეს... უნდა ჰქონდეს განათლება, ხალხის სიყვარული. მოსამართლე ყველაზე დიდი შეგნების, ყველაზე დიდი გაგებისა და მოთხოვნის უნდა იყოს.“

[ქალბატონის ხმა] „მოსამართლე საქმის მცოდნე, პროფესიონალი უნდა იყოს, პირველ რიგში, და, ასევე, უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი.“

ჩემი რესპონდენტები ამბობენ, რომ ამგვარი თვისებებით შემკული მოსამართლეები სანთლითაა საძებნი, თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ, საზოგადოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ძალისხმევით, სასამართლო ხელისუფლება სწორედ რომ უმწიკვლო, მცოდნე და ობიექტური მოსამართლეებით შეივსება. კოტე კუბლაშვილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსამართლის ასი თანამდებობაა ვაკანტური.







  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG