Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წინადადებები შესთავაზა საქართველოს მხარემ აფხაზთა დელეგაციას ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე?


ჟენევაში დასრულდა გაეროს გენერალური მდივნის "მეგობართა ჯგუფის" შეხვედრა თბილისისა და სოხუმის დელეგაციათა მონაწილეობით.

შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას მეთაურობდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძე, აფხაზთა დელეგაციას კი - დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. საქართველოს დელეგაცია ჟენევიდან თბილისში ჯერ არ დაბრუნებულა, თუმცა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაქვეყნა ჟენევაში საქართველოს მხარის მიერ გამოთქმული წინადადებები.

თბილისმა სოხუმს შესთავაზა კონფლიქტის ზონაში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება - კერძოდ, გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა და საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტის ამოქმედება; ამას გარდა, მოლაპარაკებათა პროცესში იძულებით ადგილნაცვალ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების პრინციპების განსაკუთრებული მნიშვნელობის აღიარება, ადამიანის უფლებების - მათ შორის, საკუთრების უფლებების - ნორმათა სრული დაცვით.

ჟენევის შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარი გეენო თავმჯდომარეობდა, საქართველოს მხარემ გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს ეკონომიკური სარეაბილიტაციო პროგრამების სრული მხარდაჭერა - პირველ რიგში, ევროკავშირის კონფლიქტის ზონის სარეაბილიტაციო პროგრამის ხელშეწყობა; აღნიშნა ქართულ-აფხაზური საზოგადოებრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა და მოუწოდა აფხაზთა მხარეს, არ შეუქმნას საფრთხე სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესის უწყვეტობას.

”საბოლოოდ, ამ წინადადებების მიზანია შექმნას აფხაზთა მხარესთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მხარეთა შორის ნდობის აღდგენას,” - აცხადებენ კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ჟენევის შეხვედრაზე გამოთქმულ წინადადებებთან დაკავშირებით.

მთავარია ის, რომ თბილისმა სოხუმს შესთავაზა, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი "სუფთა ფურცლიდან", ყოველგვარი შუამავლისა და წინაპირობების გარეშე. ჟენევის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის მიერ გამოთქმული ამ მთავარი ინიციატივის განმარტება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას ვთხოვეთ:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”საუბარია დევნილების დაბრუნებაზე და აფხაზეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყებაზე ყოველგვარი შუამავლისა და წინაპირობების გარეშე. თავიდანვე არ უნდა ითქვას, რომ სტატუსზე იქნება ლაპარაკი ან სხვა საკითხზე. ჩვენი სურვილია იყოს პირდაპირი შეხვედრა ორივე მხარისთვის მტკივნეული საკითხების გადასაწყვეტად. მათთვის ასეთი საკითხია საერთაშორისო გარანტიები, ჩვენთვის კი - დევნილების დაბრუნება.” (სტილი დაცულია)

უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებმა შესაძლებელი უნდა გახადოს დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება. დღესდღეობით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის სამშვიდობო ძალები დგანან და აფხაზთა მხარე მტკივნეულად განიცდის მათი სხვა ძალებით ჩანაცვლების მოთხოვნას. შოთა მალაშხიას ვკითხეთ, რა შეიძლება ვიგულისხმოთ ახალ საერთაშორისო გარანტიებში და ამ მიმართულებით როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული შეთანხმება აფხაზთა მხარესთან. მისი თქმით, შეთანხმების საფუძველი შეიძლება გახდეს:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ნებისმიერი რამე, რასაც იტყვის აფხაზთა მხარე, რომელიც არ უნდა უკავშირდებოდეს რუსეთს.” (სტილი დაცულია)

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ჟენევის შეხვედრამდე სკეპტიკურად უყურებს პირდაპირი დიალოგის სუფთა ფურცლიდან დაწყების ინიციატივას:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”სუფთა ფურცლიდან ვერ დაიწყება, რადგან საქართველო მიმართავს აფხაზების ფაქტის წინაშე დაყენების პოლიტიკას. საქართველოს მხარემ კოდორში ანგარიში არ გაუწია აფხაზთა მხარეს, ანტიკრიმინალური დაარქვა ოპერაციას, რომლის შემდეგაც იქ პოლიტიკური კომპონენტი - აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება - შეიყვანა.”

”ეს თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა ასეთი ქმედებები ხელს უშლის დიალოგის დაწყებას,” - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.

ჟენევის შეხვედრაზე გამგზავრების წინ აფხაზთა დელეგაციის მეთაური სერგეი შამბა აცხადებდა, რომ გაეროს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლების ყურადღებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნაზე გაამახვილებდა, მოთხოვნაზე, რომელიც კოდორის ხეობის დემილიტარიზაციას ეხება. აფხაზთა მხარე ირწმუნება, რომ კოდორის ხეობაში უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნა არ სრულდება და საქართველოს მხარესთან მოლაპარაკების განახლების ერთ-ერთ მთავარ პირობად სწორედ ზემო აფხაზეთის დემილიტარიზაციას აყენებს. არადა, კოდორის ხეობაში ორგზის ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ნათქვამია, რომ ხეობაში მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დგანან და მათი რიცხვი უფრო და უფრო იკლებს.
XS
SM
MD
LG