Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს ძალუძთ, პრობლემების გადასაჭრელად საერთო ენა გამონახონ


გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის პირველი პრესკონფერენცია გამართა. ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

რომ ბაღდადში, უსაფრთხოების დამკვიდრების მიზნით დაგეგმილ ოპერაციას დრო დასჭირდება და სანამ ეს ოპერაცია განხორციელდებოდეს, ძალადობა იქ არ შეწყდება. ბუშმა ისიც თქვა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი ქვეგანაყოფი ერაყელ მეამბოხეებს იარაღით ამარაგებს. თუმცა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისთვის ცნობილი არ არის, ურევია თუ არა ირანის ლიდერთა ხელი ერაყში იარაღის გაგზავნაში. პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა მსოფლიო პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა.

ჩვენი მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჯორჯ ბუშის პრესკონფერენციის ის მონაკვეთი, რომელშიც თეთრი სახლის მესვეურმა ვაშინგტონისა და მოსკოვის გართულებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ერთმა ჟურნალისტმა ბუშს სიტყვა ჩამოუგდო რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ გამოსვლაზე მიუნხენში, სადაც ვლადიმირ პუტინმა მძაფრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების - როგორც მან უწოდა - "აგრესიული საგარეო პოლიტიკა".

ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ უარუყვია, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის მართლაც არსებობს უთანხმოებები საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო საკითხებში.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ეს რთული ურთიერთობაა. ეს არის ურთიერთობა, რომელშიც არსებობს უთანხმოებები; მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ურთიერთობა, რომელშიც ძალგვიძს, პრობლემების გადასაჭრელად საერთო ენა ვიპოვოთ."

ასეთ პრობლემებს შორის ჯორჯ ბუშმა ირანის ბირთვული პროგრამა დაასახელა და დასძინა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "იქ, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს და სადაც თანამშრომლობას ვახერხებთ, შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს ჩვენი ხალხებისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში. რუსეთი და შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხში. ჩვენ გვაშფოთებს ისეთი ტექნოლოგიების გავრცელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოუტანონ ჩვენს ხალხებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც."

გარდა ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობისა და ზემოთ ნახსენები სხვა საკითხებისა, ჯორჯ ბუში შეეხო ჩრდილოეთ კორეის განიარაღების თაობაზე სამშაბათს მიღწეულ გარიგებას, რომლის მიხედვით ფხენიანი თანხმობას აცხადებს თავისი მთავარი ბირთვული რეაქტორის, იონგბუნის დახურვაზე - საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პეკინში, ექვსი ქვეყნის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმება "კარგი დასაწყისია", თუმცა მის განსახორციელებლად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "მნიშვნელოვანი მიღწევაა. კარგი პირველი ნაბიჯია. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია იმისთვის, რომ ამ შეთანხმებაში გამოთქმული დაპირებები რეალობად იქცეს. თუმცა, ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია."
XS
SM
MD
LG