Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები პუტინის შესაძლო მემკვიდრეებს თანაბარ პოზიციებზე აყენებს


ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი მნიშვნელოვნად დააწინაურა.

ივანოვი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტობის სხვა შესაძლო კანდიდატებთან თანაბარ პოზიციაზე აღმოჩნდა - ის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა, ამავე თანამდებობას კი 2008 წლის არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთი კანდიდატი, დიმიტრი მედვედევი, იკავებს.

ვლადიმირ პუტინმა მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა - ჩეჩნეთის პრეზიდენტი პოსტიდან გაათავისუფლა, და რამდენიმე სამინისტროს მეთაური გადააადგილა.

თუმცა ამ ცვლილებებში ყველაზე ხმაურიანი სერგეი ივანოვის გადაადგილება იყო:

[პუტინის ხმა]”ჩემ მიერ ხელმოწერილ იქნა ბრძანება, რომლითაც ფართოვდება სერგეი ბორისის ძე ივანოვის უფლებამოსილება რუსეთის ფედერაციის მთავრობაში. სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გარდა, მას დაეკისრება ეკონომიკის სამოქალაქო სექტორის კოორდინაცია. სერგეი ბორისის ძის სტატუსი მაღლდება - იგი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხდება.”

ბევრი ვარაუდობს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი ივანოვი გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. ამ დაწინაურების შემდეგ კი, მას გაპრეზიდენტების პროცესში მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული პირის - დიმიტრი მედვედევის - იდენტური რანგი მიენიჭა.

რუსეთში უკვე დიდი ხანია ეჭვობენ, რომ მათი პრეზიდენტი ამ ორი ფიგურიდან ერთ-ერთს საკუთარ მემკვიდრედ აღიქვამს. ორივე პოლიტიკოსი ხშირად ჩნდება ტელევიზიით - ისინი სტუმრობენ ქარხნებს, ფერმებს და კამერების წინ უხვად არიგებენ კომენტარებს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებად მიჩნეული ფიგურები - სერგეი ივანოვი და დიმიტრი მედვედევი - საკმაოდ განსხვავებულ პიროვნებებს წარმოადგენენ. ივანოვი ასაკით პუტინის ტოლია - 54 წლის არის - და, პუტინის მსგავსად, წარსულში ისიც სუკში მუშაობდა. ივანოვი ხშირად ჩნდება სამხედრო უნიფორმაში ჩაცმული და ხშირად აკრიტიკებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. მედვედევი კი 41 წლის არის, ყოფილი იურისტი და მასწავლებელია და სოციალური განვითარების რამდენიმე პროგრამას ხელმძღვანელობს.

თუმცა კრემლის პოლიტიკის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ივანოვის და მედვედევის იდენტურ პოზიციებზე დანიშვნა ცხადყოფს - პუტინს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ამ ორიდან რომელი იქნება მისი ფავორიტი. გაზეთ ”ნოვაია გაზეტას” პოლიტიკური მიმომხილველი, სერგეი მულინი, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

[მულინის ხმა] ”ეს მშვენივრად ემთხვევა იმ კონცეფციას, რომელიც პრეზიდენტმა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე შემოგვთავაზა. კერძოდ, ის, რომ ჩვენი ქვეყანა ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს თავისუფლად აირჩევს. თუმცა მან არ აღიარა, რომ ეს ორივე კანდიდატი კრემლის მიერ იქნება შემოთავაზებული.”

რუსეთის კონსტიტუცია პუტინს უფლებას არ აძლევს მესამე ვადით იყაროს კენჭი. პუტინის პოპულარობისა და მედიაზე კრემლის მხრიდან დაწესებული კონტროლის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ფიგურა, რომელსაც კრემლი დაუჭერს მხარს, არჩევნებში გაიმარჯვებს კიდეც.

ახალ პოსტზე მუშაობისას, ივანოვი ჩამოშორდება თავდაცვის სამინისტროს, სადაც მას ძალიან ბევრ შეცდომაში ადანაშაულებდნენ - იყო ეს ჯარში გამეფებული ”დედოვშჩინის” ფენომენი თუ წყალქვეშა ნავების ჩაძირვა.

სამხედრო ექსპერტ ალექსანდრ გოლცს მიაჩნია, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებით ივანოვის პოპულარობა გაიზრდება:

[გოლცის ხმა] ”ჩემი აზრით, ივანოვს ამით ერთგვარად ახალი შანსი მიეცა. იმიტომ რომ, როგორც იქნა, გაირკვა - თავდაცვის მინისტრობით პოპულარობას ვერ მოიპოვებ. სერგეი ბორისის ძე ივანოვის მიერ შესრულებული როლის გარეშე, ჩვენი არმია არ აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა არის. ძალიან ძნელია ივარაუდო, რომ ადამიანი ამ პირობებში პოპულარობას მოიპოვებს. ამიტომაც მიიღეს ეს უცნაური გადაწყვეტილება.”

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა რუსეთის ახალი თავდაცვის მინისტრის შესახებ. ეს პოსტი ფედერალური საგადასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ანატოლი სერდიუკოვმა დაიკავა. რას შეცვლის ეს, ზოგადად, რუსეთის პოლიტიკურ ატმოსფეროში და, კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით? ამ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კოტე გაბაშვილმა, ჩვენს რადიოსთან საუბარში ასე უპასუხა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”საკმაოდ სერიოზული ანტიქარტული მოთამაშე იყო ივანოვი, სწორედ თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან. გაგახსენებთ - მისი გაუთავებელი ”ковровые бомбардировки”, ამბობდა, რომ ”უნდა დავბომბოთ”, უნდა მოვძებნოთ, ვინ არის დამნაშავე; არ ვაპატიებთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ძალას, არმიას შევიყვანთ ცხინვალში და სოხუმში, თუკი საჭირო იქნება, და ასე შემდეგ. ანუ, მისი რიტორიკა, კონკრეტული მისი პიროვნული ინტერესები, ანტიქართული, საკმაოდ ცნობილი იყო. ამან შეიძლება, ამ სრულიად სამოქალაქო პირის მოსვლასთან დაკავშირებით, დაიკლოს. ცუდი არ არის თავისთავად, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ველოდები, თითქოს ეს ახლავე, სასწრაფოდ რამე შედეგს მოიტანს.”(სტილი დაცულია).
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG