Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ახალი ექსპერიმენტი ოფიცერთა კადრების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად


მომავალი ოფიცრებისათვის სპეციალურ შეღავათებს

და პრივილეგიებს ითვალისწინებს სახელმწიფო აქტი, რომელსაც გასულ კვირაში მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა. თავისი მასშტაბით უპრეცედენტო ინიციატივის გამოცხადება დაემთხვა საქართველოში ნატოს შემფასებელთა მისიის მუშაობას, რომლის დროსაც ყურადღება ადამიანური რესურსების სწორ მართვაზეც გამახვილდა. სინამდვილეში, ამ, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული რეკომენდაციის უკან დგას საკმაოდ არასახარბიელო რეალობა. სამხედრო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელობის დროს საკადრო პოლიტიკაში დაშვებული უხეში შეცდომების გამო, უწყება დატოვა არაერთმა საშუალო და უფროსი ასაკის პროფესიონალმა ოფიცერმა, რის გამოც სამხედრო ქვედანაყოფებსა და შტაბებში კადრების მწვავე დეფიციტმა იჩინა თავი. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” დღეს მინდა სწორედ ქართულ სახელმწიფოსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის ახალი ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტზე გესაუბროთ.

პროფესიონალი ქართველი ოფიცერი, მაიორი ზვიად ჩხაიძე, მესამე წელია ჩამოშორებულია სამხედრო საქმეს და, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიწვევით, ლექციებს კითხულობს ჟურნალისტების, პოლიტოლოგებისა და კონფლიქტოლოგებისათვის. 14 წლის წინ, აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, მან, საკუთარი გულის კარნახით, სამშობლოს დასაცავად სამხედრო ფორმა ჩაიცვა. თუმც თადარიგის ოფიცერი, რომლის ადგილიც, ბევრი მისი თანამებრძოლის მსგავსად, სამხედრო სისტემაში არ აღმოჩნდა, მიიჩნევს, რომ შეღავათებზე უფრო მნიშვნელოვანია გარანტია, რომელიც ოფიცრის კარიერას პოლიტიკური რყევებისაგან დაიცავს:

[ზვიად ჩხაიძის ხმა] ”ოფიცერი არის ოფიცერი და ის არ არის პოლიტიკური ფიგურა. ის არის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას. ის უნდა იყოს გარანტირებული, რომ რაღაც პოლიტიკური ცვლილებები მასზე და მის კარიერაზე არ აისახება. ახალი კორპუსი[ოფიცერთა] შეიქმნება პრეზიდენტის ინიციატივით თუ ძველი ოფიცრების კორპუსი იქნება, ამისი გარანტია ყველა ოფიცერს სჭირდება.”

ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სიტყვიერი გარანტიები არსებობდა. საქმე და რეალობა კი სავსებით საპირისპირო გახლდათ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაწყებულ საკადრო ექსპერიმენტებს სამხედრო სისტემიდან არაერთი ასეული პროფესიონალი ოფიცრის გაძევება მოჰყვა. ამ ტენდენციამ მასობრივი ხასიათი მიიღო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მმართველობის დროს, როდესაც ოფიცრებს სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ფულადი კომპენსაციის გარეშე იშორებდნენ. სამხედრო პროფესიონალი ოფიცრების მიმართ ასეთმა უცნაურმა დამოკიდებულებამ ჯარისკაცებზეც იმოქმედა და 2006 წლის დასაწყისში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქართველ ”კომანდოსთა” ბატალიონის პირადი შემადგენლობის ნახევარმა სამხედრო სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მაგრამ ამ ფაქტს სერიოზული რეზონანსი არ გამოუწვევია. ხოლო სამთავრობო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედროებს შევარდნაძის დროინდელი, უმოტივაციო ადამიანები უწოდა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი, ჯარისკაცი დატოვებს არმიის რიგებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არმიაში მოვიდნენ შევარდნაძის დროს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. ერაყში ყოფნის დროს დააგროვეს 6-7 ათასი დოლარი და ახლა სურთ ბიზნესის დაწყება.”(სტილი დაცულია)

თუმცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 22 თებერვალს მომავალი ოფიცრებისათვის შეღავათებისა და პრივილეგიების სახელმწიფო აქტს მოაწერა ხელი, ირაკლი ოქრუაშვილს მადლობა გადაუხადა კარგი სამხედრო ბაზების მშენებლობისათვის და არაფერი უთქვამს იმ ფაქტზე, რომ ამ სამხედრო ბაზებში დაბალი და საშუალო რგოლის მეთაურების საშინელი დეფიციტია.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყველა ოფიცერი, ვინც იმსახურებს კონტრაქტით დადგენილ ვადას, დღევანდელი დღიდან მიიღებს უფასო საცხოვრებელ ფართს, ბინას თბილისსა და ბათუმში. ყველა ოფიცერი მიიღებს შეღავათიან კრედიტს, რათა თავადვე მოაწყოს საკუთარი ცხოვრება; თბილისში აშენდება მთელი მიკრორაიონი, სადაც იქნება სკოლები და პოლიკლინიკები, რათა ყველა ადამიანი იყოს დაცული.”[სტილი დაცულია]

რაც მთავარია, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სიტყვაში არაფერი თქმულა სამხედრო სისტემიდან დაუმსახურებლად გაშვებული ოფიცრების უკან დაბრუნებაზე. აქ არ იგულისხმება საბჭოთა პერიოდის ოფიცრები, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც, სხვა რომ არაფერი იყოს, უკვე ასაკობრივი ცენზის გამო ვეღარ შეძლებს ქვეყნის სამსახურს. ლაპარაკია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულ ოფიცრებზე. ამ ფაქტს ”შემაშფოთებელი” უწოდა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილმა სამხედრო ატაშემ, ”უმწიკვლო სამსახურისათვის” ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს პირველმა ქართველმა კავალერმა, პოლკოვნიკმა არჩილ ცინცაძემ:

[არჩილ ცინცაძის ხმა]”მე, ცოტა არ იყოს, შეშფოთებით ვუყურებ დღევანდელ მდგომარეობას. იმიტომ რომ პროცენტულად იმათი პროცენტი, ვინც განათლება მიიღო უცხოეთში და არა მხოლოდ განათლება, არამედ გამოცდილება აქვთ საბრძოლო მიღებული, - ისინი გარეთ არიან. ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ”(სტილი დაცულია)


მაგრამ დღევანდელ საქართველოში რაც მეტია შეკითხვა, მით უფრო ნაკლებია პასუხი. ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლევა ვერც პრეზიდენტის მიერ საზეიმო ვითარებაში გამოცხადებული სახელმწიფო აქტი, რომელიც ოფიცერთა პრივილეგირებული კასტის შექმნას ითვალისწინებს. თანაც, პროფესიონალ ოფიცერთა გაზრდას საშუალოდ 10-15 წელი, პრივილეგიებს კი დიდძალი ფული სჭირდება. არადა, საქართველოში არსებობს სამხედრო სისტემიდან გაძევებული ბევრი ოფიცერი, რომელიც, მაიორ ზვიად ჩხაიძის მსგავსად, მზად არის კვლავ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში ყოველგვარი პრივილეგიებისა და შეღავათების გარეშე.

[ზვიად ჩხაიძის ხმა] ” ეს ინიციატივა კარგია და ეს არის ძალიან დიდი სტიმული ოფიცრისთვის, მაგრამ, აი, ამის გარეშეც მე, დავუშვათ, ერთი წლის წინაც მქონდა ამგვარი სურვილი, უბრალოდ, სიტუაცია თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის წინ რაც იყო, ამის საშუალებას, ჩემი გადმოსახედიდან, არ იძლეოდა.” [სტილი დაცულია]



და კიდევ ერთი. პრობლემის მოგვარების - ამ შემთხვევაში ოფიცერთა კადრების დეფიციტის შევსების - საუკეთესო საშუალებად პრივილეგიების მინიჭების გამოცხადებას თან ერთი დიდი საფრთხეც ახლავს. შეღავათები და პრივილეგიები ყველა ხელისუფლებას საქართველოში რატომღაც მეტად თავისებურად ესმის. უფრო ხშირად პრივილეგირებული ადამიანი ასოცირდება წინა ”რეჟიმის” მსახურად და არაკეთილსაიმედო მოქალაქედ, რა დამსახურებაც უნდა მიუძღოდეს მას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG