Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


ვინ გახდება საქართველოს მომავალი ”პრემიერი” და აქვს თუ არა რობერტ სტურუას ”შემოქმედებითი კრიზისი”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასულ კვირაში განხორციელებულმა ხმაურიანმა საკადრო ცვლილებებმა საზოგადოებაში კვლავ წარმოშვა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი მინისტრთა კაბინეტში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. გაზეთ ”რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება ”მთელი კვირა” ვარაუდობს, რომ ”ხელისუფლებაში გავლენის გადანაწილების ახალი ეტაპი იწყება და რომ, შესაძლოა, ნოღაიდელი მალე, მართლაც, გადააყენონ და მას ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ან კახა ლომაია ჩაენაცვლოს. ”ვარაუდებს ემყარება ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანი ინგა გრიგოლია ”რუსთავი 2”-ზე გადასვლას აპირებს. თუმცა თავად გრიგოლია ”მთელ კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ ”იმედზე” მუშაობს და არაფრის შეცვლას არ გეგმავს.

ამასობაში, ზოგიერთი ტელედებატების ფორმატი საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკის საგანი რჩება. გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პარლამენტარი გიგა ბოკერია ტელეწამყვანების არაკვალიფიციურობასა და პოლიტიკური დისკუსიის უკულტურობაზე საუბრობს. ”უნდათ სატელევიზიო დებატები მამლების ჩხუბს დაამსგავსონ. ასეთ ომში კი გამარჯვებული არ არსებობს. ურთიერთშეურაცხყოფა და ყვირილი ჩემთვის მიუღებელია და თუ ტელეწამყვანები ამას გაითვალისწინებენ, კარგი იქნება,” -ამბობს პარლამენტარი ბოკერია. თუმცა მისი შემდეგი კრიტიკის ობიექტი უკვე არა ანონიმი ტელეწამყვანი, არამედ ცნობილი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუაა, რომელმაც გასულ კვირაში” ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ”საქართველოში შიშმა დაისადგურა”. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რობერტ სტურუა მის პატივისცემას არ იმსახურებს. ”რობერტ სტურუა ერთ დროს იყო გენიალური რეჟისორი, მაგრამ მას დღეს შემოქმედებითი კრიზისი აქვს. ალბათ, ის საბჭოთა დროს უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე დღეს,” - აცხადებს გიგა ბოკერია გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

გაზეთ ”24 საათში” კი ყურადღებას იპყრობს სტატია, სათაურით” რატომ გარბიან ევროპელები ერაყიდან?” სტატიაში ვკითხულობთ, რომ ”19 ქვეყანას, რომლებმაც ერაყიდან ჯარები გაიყვანეს, მალე დიდი ბრიტანეთი, დანია და ლიტვაც შეუერთდებიან. ლიტვის კონტინგენტი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 53 სამხედროს ითვლის, ერაყის ტერიტორიას 2007 წლის აგვისტოს დატოვებს. ექსპერტები აღნიშნულ ფაქტს ამერიკის ერაყული პოლიტიკის სერიოზულ ფიასკოდ განიხილავენ,” - წერს გაზეთი ”24 საათი”. პუბლიკაციას თან ახლავს ჩამონათვალი იმ ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებისა, რომლებიც ერაყში რჩებიან. საყურადღებოა, რომ შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ, ერაყში ყველაზე მეტი - 900 - სამხედრო მოსამსახურე საქართველოს ჰყოლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG