Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სასამართლო სერბიას არ აკისრებს პასუხისმგებლობას გენოციდისთვის ბოსნიის ომში


ჰოლანდიის დედაქალაქ ჰააგაში

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ქალაქში განთავსებული სასამართლოებიდან ერთ-ერთმა, საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც გაეროს უზენაესი სასამართლოა - სერბია და ჩერნოგორია უდნაშაულოდ სცნო ბოსნიის ომისდროინდელ გენოციდში. საერთაშორისო სასამართლოში მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია უჩივლოს მეორე სახელმწიფოს და პირველად მოხდა, რომ საქმე გენოციდის ბრალდებას ეხებოდა. შესაბამისად, სასმართლოს გადაწყვეტილებას ბოსნიის ომისდრონიდელ მოვლენებზე წინასწარვე უწოდებდნენ “ისტორიულს”.

ჩვენი რადიოს სამხრეთსლავური რედაქციის დახმარებით შევეცადეთ გაგვერკვია, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას და როგორ აფასებენ მას ბოსნიასა და სერბიაში.

პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ბოსნიის მთავარი მოთხოვნა უარყოფილია - გაეროს უზენაესმა სასამართლომ, რომლის ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, სერბია, როგორც სახელმწიფო, არ მიიჩნია პასუხისმგებლად გენოციდისთვის ბოსნიის 1992-95 წლების ომის დროს. ბოსნიის სარჩელის მიხედვით, ბელგრადის მთავრობა, მაშინდელ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის თაოსნობით, აიარაღებდა, აფინანსებდა და აქეზებდა ბოსნიელ სერბებს მუსლიმანებისა და ხორვატების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის განხორციელებაში, რაც სახელმწიფოს ხელშეწყობით გენოციდის ტოლფასი იყო.

ერთ საკითხში ბოსნიის მხარეს შეუძლია, კმაყოფილი იყოს: სასამართლომ გენოციდის აქტად სცნო ის, რაც 1995 წელს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში მოხდა - 8 000-მდე მუსლიმანი მამაკაცის და ბიჭუნას გაჟლეტა. თუმცა, სასამართლოს თავმჯდომარე, როზალინ ჰიგინსის განმარტებით, რახან გენოციდის აქტი მოხდა სრებრენიცაში, მაშასადამე, არა სერბიის ტერიტორიაზე - სერბიას არ ეკისრება დამნაშავეთა გასამართლების პასუხისმგებლობა.

იქვე მოსამართლე ჰიგინსმა აღნიშნა, რომ ბრალდებული მხარე მარტო სერბიაა. ეს იმიტომ ითქვა, რომ ბოსნიამ სარჩელი, თავდაპირველად, სერბია-ჩერნოგორიის წინააღმდეგ შეიტანა, მაგრამ ეს სახელმწიფო აღარ არსებობს. ჩერნოგორიის მიერ შარშან სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სერბიას ერგო სამართლებრივი მემკვიდრეობა.

ის ირწმუნება, რომ არ არის პასუხისმგებელი იმისთვის, რასაც სერბთა გასამხედროებული შენაერთები ჩადიოდნენ ბოსნიაში 1992-95 წლებში; რომ ბელგრადს არ ჰქონია სურვილი ან გეგმა ბოსნიის მუსლიმანური მოსახლეობის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურებისა - ანუ არ გაუკეთებია ის, რაც ერთ-ერთი მთავარი ელემენტია გენოციდის განმარტებაში, რომელსაც გენოციდის შესახებ კონვენცია მოიცავს.

მართლაც, გაეროს უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ბელგრადის ხელისუფლებას მართალია, მეტის გაკეთება ჰმართებდა ბოსნიაში ხოცვა-ჟლეტის პრევენციისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრალი მიუძღვის გენოციდში.

[კასიმ ტრნკას ხმა] “სამწუხაროდ, სასამართლოს ძალიან მკაცრი კრიტერიუმები აქვს დაწესებული გენოციდის დასასაბუთებლად, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად რთული იქნება გენოციდის დასაბუთება ყველა შემდეგ საქმეშიც. ახალ-ახალი “კარაჯიჩები და მლადიჩები” რუანდაში თუ სხვაგან, რაც უნდათ იმას გააკეთებენ. ამიერიდან ვერავინ დაამტკიცებს, იყვნენ თუ არა ისინი გენოციდისთვის პასუხისმგებელი”, - ამ პესიმისტურ შეფასებას იძლევა ბოსნიელი იურისტი, ბოსნია-ჰერცეგოვინის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამსართლე კასიმ ტრნკა.

გაეროს სასამართლოს ვერდიქტმა რომ ბოსნიელები გაანაწყენა, ეს ჰააგაშივე გამოჩნდა, როცა სასამართლოს შენობასთან შეკრებილებმა ხმაურიანი შეძახილებით გამოთქვეს პროტესტი: [საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილები]

ბოსნიელების, კერძოდ, ბოსნიელი მუსლიმანებისა და ხორვატების უკმაყოფილება გასაგებად მიაჩნია ბოსნია-ჰერცეგოვინის მმართველი პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ნებოისა რადმანოვიჩს: [კასიმ ტრნკას ხმა] “სასამართლოს გადაწყვეტილება, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს (...) მაგრამ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და საჭიროა ძალისხმევის გაგრძელება თვით ქვეყანაში და მთელს რეგიონში თანამშრომლობის განსამტკიცებლად”.

შერიგების სურვილი ჩანს სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩის განცხადებაშიც, რომელიც მოჰყვა გაეროს სასამართლოს ვერდიქტს: [ბორის ტადიჩის ხმა] “გადაწყვეტილების უაღრესად სერიოზული ნაწილია ის, რომ სერბიამ საერთაშორისო სამართალი დაარღვია იმით, რომ არ აღკვეთა 1995 წლის ხოცვა-ჟლეტა სრებრენიცაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, სერბიის პარლამენტმა, რაც შეიძლება, მალე მიიღოს დეკლარაცია, რომელშიც ცალსახად დაგმობს სრებრენიცაში ჩადენილ დანაშაულს”.

სერბიის პრეზიდენტის ამ გამოხმაურებაში როგორც ითქვა, გაეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერბიას, მართალია, გენოციდში ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ ბრალი მიუძღვის იმაში, რომ გენოციდს ხელი არ შაუშალა. ეს კი, განმარტავს ავრილ მაკდონალდი, ჰააგაში განთავსებული ასერის ინსტიტუტის სამართლის საკითხების ექსპერტი, საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.

ჩვენი რადიოს სამხრეთსლავური სამსახურის კორესპონდენტის შეკითხვას, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება გაეროს სასამართლოს ვერდიქტს სერბიისთვის, ასე უპასუხა ექსპერტმა ავრილ მაკდონალდმა: [ავრილ მაკდონალდის ხმა] “ეს ჯერ უნდა გამოჩნდეს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომებს მიმართავს ბოსნია. ჩემი აზრით, ბოსნიას შეუძლია სცადოს კომპენსაციის მოთხოვნა იმისათვის, რომ სერბიას ხელი არ შეუშლია გენოციდისთვის. ჩემი აზრით, ეს შეიძლება ბოსნიის მხრიდან გადადგმული რაიმე ნაბიჯის იურიდიული საფუძველი გახდეს”.

ამდენად, ბოსნიის მხარეს მორიგი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. გაეროს უზენაეს სასამარლოს სერბიისთვის რომ დაეკისრებინა გენოციდის პასუხისგმებლობა, მისგან, შესაძლოა, მოეთხოვა ფინანსური კომპენსაცია, რომლის მოცულობასაც ბოსნიასთან მოლაპარაკებაზე დაადგენდნენ.

ახლა კი, სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაში, ლაპარაკია სერბიის მოვალეობაზე, “სიმბოლური ჟესტი” გააკეთოს. სამართლის ექსპერტების განმარტებით, ეს შეიძლება იყოს ბოდიშის მოხდა ბოსნიელი მსხვერპლის წინაშე, ან მსხვერპლის პატივსაცემად მონუმენტის აგება. თუმცა, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინის მმართველი პრეზიდიუმის მუსლიმანი წევრის, ჰარის სილაიჯიჩის განცხადებით ვიმსჯელებთ, ბოსნიის მხარე, სავარაუდოდ, არ დასჯერდება სიმბოლურ ჟესტს: [ჰარის სილაიჯიჩის ხმა] “ფაქტია ის, რომ სერბიასა და ჩერნოგორიას დაეკისრა პასუხისმგებლობა გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის დარღვევისთვის და მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა მიყენებული ზარალის ყველანაირი - პოლიტიკური, მორალური და ფინანსური - კომპენსაციისათვის”.

დაბოლოს, ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ორშაბათის გადაცემაშივე შევეხეთ: რას შეიძლება ნიშნავდეს გაეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (სერბიას არ მიუძღვის ბრალი გენოციდში, ამასთან სრებრენიცაში 1995 წელს გენოციდის აქტი მოხდა) საქართველოსთვის. ამ შეკითხვაზე გვიპასუხა პაატა დავითაიამ, პოლიტიკური გაერთიანების “ჩვენ თვითონ” თავმჯდომარემ: [პაატა დავითაიას ხმა] “ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ დანაშაულს, რასაც ჰქვია დანაშაული კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელმა ქვეყანამაც არ უნდა ჩაიდინოს, რა კვალიფიკაციაც არ უნდა მიეცეს ამას - პოლიტიკურ კვალიფიკაციაზეა ლაპარაკი, ყველა ასეთ დანაშაულზე უნდა დადგეს დასჯითი ქმედება”.

პაატა დავითაიამ, როგორც კერძო პირმა, 2004 წელს შეიტანა განაცხადი აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ეს სასამართლოც ჰააგაშია განთავსებული, ოღონდ საერთაშორისო სასამართლოსაგან, ანუ გაეროს უზენაესი სასამართლოსაგან განსხვავდება.
XS
SM
MD
LG