Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო


საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო სტუმრობს.

მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ის თბილისს 1 მარტს ეწვია. ოფიციალური შეხვედრები უმაღლეს დონეზეც 1 მარტს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა გადადო პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლა, რაც 2 მარტისთვის იყო დაგეგმილი. დღის წესრიგის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტისას ხელი მოეწერება რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვან შეთანხმებას, თუმცა თავად ვიზიტი, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, - წერს რუსეთის პრესა.

უკრაინის დელეგაციას,რომელსაც პრეზიდენტი იუშჩენკო მეთაურობს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი დახვდა. ოდნავ მოგვიანებით ვიქტორ იუშჩენკოს დახვედრის ცერემონია საქართველოს პარლამენტის შენობაში დაიწყო. იქვე შედგა პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს შორის. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, მაგალითად, შეთანხმება: მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ; სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებების გაფორმების შემდეგ იყო პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე ვიქტორ იუშჩენკომ და მიხეილ სააკაშვილმა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

” ამ ორ პრეზიდენტს ისა აქვთ საერთო, რომ ხელისუფლებაში ორივე ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოვიდა, ორივეს უცხოელი ცოლი ჰყავს: ერთს ჰოლანდიელი, მეორეს ამერიკელი. არიან პროამერიკული ორიენტაციის და ესწრაფიან საკუთარი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას”, - წერს რუსეთის პრესა იუშჩენკოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. თბილისში ვიქტორ იუშჩენკო 2 მარტს ტარას შევჩენკოს ძეგლის გახსნას დაესწრება, მაისში კი კიევში შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნება. რევოლუციების გზით ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტებმა უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობა უდავოდ ახალ საფეხურზე აიყვანეს. როგორც 1 მარტს პარლამენტის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა, საგრძნობლად გაიზარდა უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი, ინტენსიური გახდა მიმოსვლა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”არ დამითვლია, რამდენი ახალი ოჯახი შეიქმნა ამ დღეებში ქართულ-უკრაინული. ერთ-ერთი ექსპორტის წყარო უკრაინისთვის უნდა იყოს მათი გასათხოვარი მოქალაქეები. ამისათვის ყველა პირობა შევქმენით: ქართული ღვინო უმჯობესდება, რეისები არის, პლაჟი , ზღვა ადგილზეა და აღარ ჩამოვთვლი სხვა რაღაცეებს. ”

ვიქტორ იუშჩენკოს თავის გამოსვლაში ზღვა და პლაჟი არ უხსენებია. მან ახსენა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობა და თქვა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის განსაკუთრებით მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა მყარდება, როცა ლაპარაკია ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე. უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა განპირობებულია სხვა მიზნებითაც, მათ შორის, პირველ რიგში, ორივე ქვეყნის საერთო მიზნით, გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს, წევრები. ამას გარდა, აღსანიშნავია თანამშრომლობა სუამში.

”მესამე ათასწლეულში უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებობს კოლექტიური ინტერესების რეალიზაციის ფორმულა და ჩვენი მიზანია, ჩვენთვისაც მოქმედებდეს ის”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა კი, თავის მხრივ, ნათქვამს დასძინა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ნატოში ჩვენი ინტეგრაცია არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ. მე უნდა მივუბრუნდე საკითხს, რა კავშირშია ნატო შიდა კონფლიქტებთან. ნატო შიდა კონფლიქტებთან უშუალო კავშირში არ არის. ნატო არის კავშირში საქართველოს განვითარებასთან, დემოკრატიზაციასა და სიძლიერესთან.”

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტექნიკურად ნატოში ინტეგრაციისთვის საქართველო რამდენიმე თვეში იქნება მზად. მისივე განცხადებით, არსებობს წინასწარი ინფორმაცია საქართველოს თაობაზე ალიანსის დასკვნის შესახებ, რომელიც ბევრად უფრო დადებითია, ვიდრე წინა დასკვნა იყო.

რაც შეეხება საქართველოს შიდა კონფლიქტებს, უკრაინა, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, აქტიურად არის დაინტერესებული ამ კონფლიქტების მოგვარებით. თავის დროზე უკრაინამ გამოთქვა სურვილი შეერთებოდა გაეროს საქართველოს მეგობართა ჯგუფს, რომელიც საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საქმეშია ჩართული, მაგრამ ეს, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ვერ მოხერხდა. უკრაინა დიდი ხანია გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში, რასთან დაკავშირებითაც დღეს უკვე სერიოზულად მსჯელობენ. მიხეილ სააკაშვილმა 1 მარტს პარლამენტის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის ზონებში ახალი გამყოფი ხაზების არსებობით კი არ არის დაინტერესებული, არამედ უსაფრთხოების ელემენტების შექმნით. ვიქტორ იუშჩენკომ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების ელემენტების შექმნაში.” უკრაინა მზადაა საქართველოს მხარდამხარ ჩაერთოს კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ისეთი საერთაშორისო მისიით, მანდატით და ფუნქციით, როგორიც ორივე ქვეყნისთვის იქნება მისაღები ”, - აღნიშნა ვიქტორ იუშჩენკომ. ქართველი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი ამჯერადაც აქტიურად შეეწინააღმდეგება საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში უკრაინის ჩართვას, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ისინი იმედს არ კარგავენ: მსოფლიოში უკვე კარგად ესმით, რომ კონფლიქტის მოგვარების არაეფექტიანი მექანიზმები აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვიქტორ იუშჩენკო თბილისს 2 მარტს დატოვებს.
XS
SM
MD
LG