Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი ორგანიზებულია 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტი


2006 წლის 27 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარ ამბოხებას, ოფიციალური მონაცემებით,

7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პატიმრების სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ პასუხგაუცემელია ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ დაგეგმა ბუნტი - ციხის ადმინისტრაციამ თუ ეგრეთ წოდებულმა „კანონიერმა ქურდებმა“? წინასწარი გამოძიების მასალებში არსებობს ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პლატონ მამარდაშვილის ორი დიამეტრულად განსხვავებული ჩვენება, თუმცა, განსასჯელთა ადვოკატების მტკიცებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რას იტყვის მამარდაშვილი 7 მარტისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე. საქმე ის არის, რომ ორიოდე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა პლატონ მამარდაშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის გია დგებუაძის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, განსასჯელთა ადვოკატები ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ბუნტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ იყო ინსპირირებული.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 27 მარტის ბუნტი ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდებმა დაგეგმეს. ჩვენების თანახმად, ამასვე ამტკიცებდა ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პლატონ მამარდაშვილიც, თუმცა მოგვიანებით, 2006 წლის 6 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში მამარდაშვილმა ხელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მეხუთე იზოლატორის ხელმძღვანელობას დაადო:

[მამარდაშვილის ხმა] „დავგეგმეთ მე, ბაჩო ახალაიამ, ქარდავამ, ხუხუამ და კიდევ ორმა უცნობმა ტიპმა, რომელთაც სახეზე ვიცნობ.“

პლატონ მამარდაშვილის ამ ჩვენებაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა პროკურატურას ბრალდებულისა და საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმის ხელახლა დაკითხვის თხოვნით მიმართა. სოზარ სუბარზე ასევე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა პატიმრის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტის დეტალურმა აღწერამ:

[სოზარ სუბარის ხმა] „ეს უკვე სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ ამ თამაშში მონაწილეობდა ადმინისტრაცია, მაგრამ თუ ამ თამაშს მოჰყვება 7 ადამიანის სიკვდილი და ნგრევა, ეს უკვე არ არის თამაში. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობდა გამოძიება და მამარდაშვილის ჩვენება შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს.“

მაგრამ მამარდაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ, ამჯერად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სასარგებლოდ, შეცვალა, თუმცა 2007 წლის 4 მარტს ასევე მამარდაშვილმა მიაწოდა ტელეკომპანია „იმედს“ აუდიოფირი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი გია დგებუაძე მამარდაშვილს სთხოვს, არ გაახმაუროს ბუნტის ინსპირირების ფაქტი. დარეჯან გიგინეიშვილი, პლატონ მამარდაშვილის მეუღლე, ამტკიცებს, რომ ფირის ეთერში გაშვებიდან რამდენიმე საათში საქმის მთავარი მოწმე ჩაფიძის კლინიკიდან მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს:

[დარეჯან გიგინეიშვილის ხმა] „მანქანა, რომლითაც გაიტაცეს, მსუბუქი იყო... დიღმის ტრასაზე მას ჩაუჯდა ბაჩო ახალაია, რომელმაც ორი საათის განმავლობაში ატარა მანქანით და შემდეგ რუსთავისკენ წაიყვანა და ეუბნებოდა, პირობები უნდა შეგიქმნაო და სად აირჩევ ამ პირობების შექმნასო.“

პლტონ მამარდაშვილის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ცინცაძემ ჩემთან საუბარში ეს ინფორმაცია არ დაადასტურა:

[ირინა ცინცაძის ხმა] „არანაირი საფრთხე მის სიცოცხლეს არ ემუქრება. იმყოფება ამჟამად მე-7 დაწესებულებაში, აბსოლუტურად დაცულია და არანაირი პრობლემები მას არ უნდა ჰქონდეს. საავადმყოფოდანაც ნაუცბათევად არ გადმოუყვანიათ. მკურნალობის კურსი გაიარა და უკან, საპყრობილეში, დააბრუნეს.“

6 მარტს პლატონ მამარდაშვილი მეშვიდე საპყრობილეში ადვოკატმა ლალი აფციაურმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენ თევდორაძემაც მოინახულეს.

[ელენე თევდორაძის ხმა] „დავწყნარდი, დავრწმუნდი, რომ მისი უსაფრთხოება ნამდვილად დაცულია. ირაკლი ბათიაშვილის გვერდით კამერაშია, მესამე სართულზე, ნორმალურ პირობებში, მარტო... ამბობს, რომ რაც გადმოიყვანეს, არავის შეუწუხებია. მომიყვა ბევრი რამ, მაგრამ მთხოვა, სასამართლომდე ჟურნალისტებს არაფერი ვუამბო.“

თევდორაძის თქმით, პლატონ მამარდაშვილი ციხის ბუნტთან დაკავშირებით ჩვენებას სასამართლოს 7 მარტს მისცემს, ადვოკატი ლალი აფციაური კი ამტკიცებს, რომ მამარდაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე სახალხო დამცველისთვის მიცემული ჩვენების გამეორებას აპირებს. თუმცა პლატონ მამარდაშვილის ოჯახის წევრები საზოგადოებას სასამართლო პროცესის განახლებამდე მოცდას ურჩევენ:

[ქალბატონის ხმა] „ხვალ სასამართლოზე ვნახოთ ყველაფერი. მობრძანდით, გეპატიჟებით.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG