Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პატიმრების სასამართლო პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა 2006 წლის 27 მარტს თბილისის პირველ იზოლატორში მომხდარი ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პატიმრების საქმის განხილვა.

სხდომის მსვლელობისას სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სტატუსით დაბარებულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ჭაკუამ, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება გაიმეორა. 7 მარტის სხდომაზევე ჩვენება უნდა მიეცა განსასჯელ პლატონ მამარდაშვილს, რომელმაც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბუნტის პროვოცირებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით მამარდაშვილმა ეს ჩვენება შეცვალა. როგორ განვითარდა მოვლენები თბილისის საქალაქო სასამართლოში?

მოსამართლე მაია თეთრაულმა სხდომა დაგვიანებით, ათის ნაცვლად თორმეტ საათზე, გახსნა. დღის პირველ ნახევარში, შესვენების გამოცხადებამდე, სასამართლოს ჩვენება მისცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსმა დავით ჭაკუამ, რომლის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ბუნტი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ რომ განსასჯელებმა დაგეგმეს. დავით ჭაკუა საკუთარ ჩვენებას ადასტურებს ოპერატიული ვიდეომასალით, რომლის თანახმად, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი „კანონიერი ქურდები“ ზედელაშვილი და მამარდაშვილი ერთ-ერთ პატიმარს, ზურაბ ვიბლიანს, საკუთარი თავის დაზიანებასა და ძალადობაში ციხის ადმინისტრაციის დადანაშაულებას სთხოვდნენ.

რისთვის, რა მიზნით დამონტაჟდა ვიდეოთვალი განსასჯელ ზედელაშვილის კამერაში ბუნტის დაგეგმვამდე ორი დღით ადრე? - ამ კითხვით მოწმე ჭაკუას მოსამართლე მაია თეთრაულმა მიმართა: [მაია თეთრაულის ხმა] „რისთვის დამონტაჟდა - აღსაკვეთად თუ დასამტკიცებლად?“
[დავით ჭაკუას ხმა] „მე გარკვევით გაგეცით პასუხი. ინფორმაციის გადამოწმებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.“

განსასჯელთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ვიდეოთვალი ციხის ადმინისტრაციას ბუნტის აღსაკვეთად არ დაუმონტაჟებია. ამასვე ამბობდა განსასჯელი პლატონ მამარდაშვილი რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველისთვის მიცემულ ჩვენებაში:
[პლატონ მამარდაშვილის ხმა] „14 იანვარს გადამიყვანეს... მეგი ქარდავას დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ უარს ვამბობ-მეთქი ჩემს ტიტულზე და თუ შეღავათები მექნება და გამათავისუფლებთ, ვითანამშრომლებ. გავიდა დაახლოებით ერთი თვე და მითხრეს, რომ დაუძახებთ ზევიდან ვიღაც პატიმარს და მოაწყობთ ასეთ რაღაცას: თვითონ დაიზიანებდა სხეულს, ჩვენ კი მივმართავდით სახალხო დამცველს ან ნანა კაკაბაძეს, რომ ბაჩო ახალაიამ აწამაო. ამ დროს კი ბაჩოს ექნებოდა ჩანაწერი, რომ ყოველაფერი ეს ჩვენ დავგეგმეთ.“(სტილი დაცულია)

თუმცა პლატონ მამარდაშვილმა მოგვიანებით ეს ჩვენება შეცვალა. ამის მიუხედავად, განსასჯელის ადვოკატი ლალი აფციაური სასამართლო სხდომის დაწყებამდე დარწმუნებული იყო, რომ მამარდაშვილი 27 მარტის მოვლენებზე სრულ სიმართლეს იტყოდა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას ამხელდა. მაგრამ მოსამართლემ აფციაურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მამარდაშვილი დაჩქარებული წესით არ დაკითხა.

[ლალი აფციაურის ხმა] „გამოვთქვი სურვილი დაჩქარებული წესით დაკითხულიყო მამარდაშვილი, იმიტომ რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა. ვაკეთებ ერთ განცხადებას: მამარდაშვილზე დღემდე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.“

ლალი აფციაურის მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე მაია თეთრაულმა პროცესი 13 მარტისთვის გადადო, თუმცა ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები არ აპირებენ პროცესის დასრულებამდე ლოდინს და ხელისუფლებისგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალიას დასჯას ითხოვენ.

მოუსმინეთ დეპუტატ კოკა გუნცაძეს: [კოკა გუნცაძის ხმა] „მივმართავ პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ ძროხის ქურდი უნდა იჯდეს ციხეში, მაშინ რატომ არ უნდა იჯდეს ციხეში სადისტი და ჯალათი, რომელიც ადამიანებს აწამებს? რატომ უნდა იმყოფებოდეს და რჩებოდეს თანამდებობაზე? ახალაიები უნდა იჯდნენ მე-7 საპყრობილეში იმ პატიმრების გვერდით, რომლებსაც ისინი აწამებენ.“(სტილი დაცულია)

პასუხად იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე, ვის დაქვემდებარებაშიცაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ამბობს, რომ საზოგადოება სასამართლო პროცესის დასრულებას უნდა დაელოდოს: [გია ქავთარაძის ხმა] „ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის სასამართლო პროცესი და არანაირი კომენტარი არ გაკეთდება, ვიდრე სასამართლო პროცესი არ დასრულდება. ამ საკითხზე საუბარი დავასრულოთ!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG