Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


ქართული პრესა დღეს აქტიურად ეხმაურება 7 მარტს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დაკავებაზე სანქციის გაცემის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

“სკანდალური ინფორმაციის რეალობა არ დადასტურდა”, - წერს “24 საათი”. მიმოხილვის დასასრულს ავტორი დასძენს: “ბადრი პატარკაციშვილის საქმეში ერთი ნაღმია ჩადებული. საქმე ისაა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართველ კოლეგებს თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის რუსული პასპორტის ასლი გამოუგზავნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი, გარდა საქართველოს მოქალაქეობისა, რუსეთის მოქალაქეც გახლდათ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ მაშინ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პატარკაციშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი იურიდიულად გამართულია. რაც შეეხება რუსეთის პასპორტის ქონას, მხოლოდ პასპორტი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ვერ ადასტურებს. საამისოდ მთელი რიგი იურიდიული პროცედურებია გასავლელი. თავის დროზე ამ ამბებში გასარკვევად პროკურატურამ თავად ბადრი პატარკაციშვილსაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობა მას არასდროს მოუთხოვია. უბრალოდ, გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად დასჭირდა რუსული პასპორტი”, - წერს “24 საათი”.

“ალია” ცდილობს გამოიცნოს სად არის ბადრი პატარკაციშვილის იმედი – პოლიტიკასა თუ ბიზნესში. ავტორი ასკვნის: “რას გადაწყვეტს ბადრი, ეს ოპოზიციაზეც იქნება დამოკიდებული – ვინ ვისთან ითანამშრომლებს და რა შეთანხმებით. რას იზამს ოპოზიცია, ბევრ წილად ბადრის გადაწყვეტილებაზეც არის დამოკიდებული. ასე რომ, ახლა ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული.” “ალია” არ გამორიცხავს, რომ პატარკაციშვილს ხაფანგი მაია ნადირაძემ კი არა, საკუთარმა გარემოცვამ დაუგო. ანუ, სწორედ ისინი აიძულებენ მას პოლიტიკაში ჩაერთოს. გაზეთს პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რამდენად შეიძლება პატარკაციშვილმა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, თავის მეგობარ ბერეზოვსკის მსგავსად, პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად გამოიყენოს?

“ახალი თაობა” ოპოზიციონერ დეპუტატ მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს და საუბრის დასასრულს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივით ინტერესდება. კაციტაძის პასუხი ასეთი გახლავთ: “ჩვენ ვმოქმედებთ “ყვავს კაკალი გააგდებინეს” პრინციპით. გვინდა ხელისუფლებას რამე მაინც გამოვტყუოთ. არ მინდა ვინმეს მივცეთ საბაბი თქვას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ კონსტრუქციულ დიალოგზე. ვნახოთ, სადამდე მიჰყვება ხელისუფლებას კონსტრუქციული მუხტი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული შსს-სა ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლების გონიერებამ უგუნურებას აჯობა, მერწმუნეთ, პირველი ვიქნები, ვინც იტყვის: “გასტეხს ქვასაცა მაგარსაო”. თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვამბობ”, - ეს გახლდათ ნაწყვეტი მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუდან, რომელსაც “ახალი თაობა” აქვეყნებს.

დასასრულ, შემოგთავაზებთ ნაწყვეტს კიდევ ერთი ინტერვიუდან, რომელსაც “ჯორჯიან ტაიმსი” ბეჭდავს. კორესპონდენტი აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრება. ცნობილი მეცნიერი ამბობს: “თუ თავისუფლება არ არის უზრუნველყოფილი ეკონომიკური დამოუკიდებლობით და სახელმწიფოს არ ძალუძს საკუთარი ხალხისთვის კეთილდღეობის ელემენტარული პირობების შექმნა, ასეთ, ანუ მშიერ, თავისუფლებას ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა არ მოაქვს. ანუ ჩვენ არ ვიცოდით, თუ რა მიზნები გვქონდა, რისთვის უნდა მიგვეღწია ახლო და შორეულ მომავალში... პოლიტიკოსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბონ და მოიპოვონ ან შეინარჩუნონ უკვე მოპოვებული ძალაუფლება. ისინი შურითა და ერთგვარი აგდებული დამოკიდებულებით უყურებენ მეცნიერებს, ამიტომაც ხშირად ჯიუტად უგულებელყოფენ მეცნიერულ მიდგომებს, რომელიც მათ ძალიან წაადგებოდათ ქვეყნის მართვაში”, - ამბობს აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი “ჯორჯიან ტაიმსთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG