Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული გვარდიის სარდლობამ პარლამენტში რეზერვისტთა გაწვევის პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო


კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.

ორიოდე კვირაში, 31 მარტს, რეზერვისტთა პროგრამა პრაქტიკულად ამოქმედდება. 11 მარტს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში რეზერვისტთა პირველი ნაკადების პოტენციური წევრების სია გამოიკვრება. ოფიციალური ინფორმაციით, რეზერვისტთა პირველი ბატალიონები სწორედ სტუდენტებით დაკომპლექტდება. რეზერვში ჩარიცხული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურს წელიწადში ერთხელ 18 დღის ვადით გაივლის. რეზერვისტთა წვრთნის პროგრამა ხუთ წელზეა გაწერილი. 2007–2012 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის სარდლობამ 100 000 რეზერვისტის მომზადება უნდა უზრუნველყოს.

სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს მამრობითი სქესის თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. კანონით დადგენილი ეს ვალდებულება 27–დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებზე ვრცელდება. სარეზერვო სამსახური სავალდებულოა სტუდენტებისთვისაც. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში სამჯერ გაივლის სარეზერვო მომზადებას, ავტომატურად თავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რეზერვისტთა 18–დღიანი შეკრება სტაციონარული ტიპის რეზერვის მომზადების ბაზებზე მოხდება. საქართველოში 4 ამგვარი ბაზაა: თელავის, მუხროვანის, კოჯრისა და სენაკის.რეზერვი ტერიტორიული პრინციპით, ქალაქებისა და რაიონების მიხედვით იქმნება. თითოეული ბაზა მხარის რეზერვისტებს მოამზადებს და, ამავდროულად, კადრირებული ბრიგადის ფუნქციას შეასრულებს.სამხედრო ძალების რეზერვი, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ომისა თუ საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მხარდასაჭერად იქმნება. აი, როგორ ახსნა რეზერვის დანიშნულება ეროვნული გვარდიის სარდალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ:

[ნიკა ჯანჯღავას ხმა]“ ამ 18 დღის განმავლობაში სახაზო, კომანდოს ბატალიონს ვერ მოვამზადებთ, ჩვენ გვესმის. ეს იქნება ნახევრად პარტიზანული ქვედანაყოფები, რომლის ამოცანა და ტაქტიკა იქნება არ მოასვენოს მოწინააღმდეგე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დაარტყას და უკან დაიხიოს, დაარტყას და უკან დაიხიოს. იმ შემთხვევაში, თუ მტერმა მოახერხა ჩვენი ტერიტორიის რაღაც ნაწილის ოკუპირება, ნებისმიერმა ქუჩამ, ნებისმიერმა გზამ, ნებისმიერმა სახლმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს არის ტოტალური თავდაცვის სტრატეგია.“

როგორც ნიკოლოზ ჯანჯღავა შენიშნავს, ტოტალური თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, გარე აგრესორს, რეგულარული ჯარის გარდა, წინააღმდეგობას უწევენ ის ადამიანებიც, რომლებმაც სარეზერვო მომზადებისას ისწავლეს იარაღის გამოყენება და კოლექტიური ბრძოლა. მიმდინარე წელს სარეზერვო სამსახურს 18 000 ადამიანი გაივლის. მომზადების პერიოდი კი 31 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა]“ 31 მარტს, როდესაც ვიწყებთ მათ გაწვევას, ეს არის ის პერიოდი, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად მზად ვხვდებით. ტექნიკური ხასიათის მცირე პრობლემები, თავისთავად ცხადია, რეალობიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ეს არ იქნება ის პრობლემები და ის საკითხები, რომლებიც რამე ფუნქციონირებას ან რამე სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ნიკოლეიშვილი. მისი თქმით, სარეზერვო სამსახურის გეგმის შესაბამისად, პრაქტიკულად დასრულებულია მატერიალურ–ტექნიკური საშუალებების დალაგება–განლაგება და პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა რეზერვისტთა მისაღებად. რეზერვისტთა პროგრამამ, ზოგადად, დადებითი შთაბეჭდილება შეუქმნა საპარლამენტო ოპოზიციას, კერძოდ, მემარჯვენეთა ლიდერს დავით გამყრელიძეს:

[დავით გამყრელიძის ხმა]“ მე, როგორც პარლამენტის წევრი და ამ კომიტეტის წევრი, აუცილებლად დავინტერესდები როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი, ეს გეგმა და მონიტორინგს გავუწევთ მეც და, ალბათ, ჩემი სხვა კოლეგებიც იმას, თუ რა ხდება რეზერვისტთა ბატალიონებში, რეზერვისტთა ბრიგადებში.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტში - განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობაში -დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, საინტერესოა, რა ელით მათ, ვინც სამობილიზაციო განყოფილების უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს. კანონის თანახმად, ასეთი პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებენ პასუხს. მოუსმინეთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ რურუას:

[ნიკოლოზ რურუას ხმა]“ სამხედრო სავალდებულო კანონის თანახმად, დეზერტირებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც გამოძახების შემთხვევაში არ წავლენ. ეს ითვალისწინებს სერიოზულ რეზულტატებს.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG