Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის დასაწყისში


გასული კვირის დასაწყისში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშში ნაჩვენებია, როგორ იცავენ კერძო პირთა, სამოქალაქო, პოლიტიკურ და მშრომელთა საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაშია მოცემული. ანგარიშში შექებულია საქართველოს მიერ უკანასკნელ ხანებში მიღწეული წარმატებები, თუმცა, მისი ავტორების თანახმად, მთელ რიგ სფეროებში ვითარება ჯერ კიდევ არასახარბიელოა. ჩვენი რადიო დაუკავშირდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ჯეფ კრილას, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით გვითხრა:

[კრილას ხმა] "საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ძალიან დადებითი ტრაექტორია შეიმჩნევა. თუმცა, უკანასკნელ ხანებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, ზოგიერთ სფეროში ჯერაც გადასაჭრელია სერიოზული პრობლემები. ესაა ადამიანების სიკვდილის შემთხვევები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების გამო; პატიმართა წამებისა და მათ მიმართ ძალადობის გახშირება; წინასწარი პატიმრობის გადამეტებული გამოყენება და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ვითარების გაუარესება.”

სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს საქართველოშიც გამოეხმაურნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის შენიშვნებს გულისყურით მოეკიდება და მათ გამოსწორებასაც შეეცდება:

[თინა ხიდაშელის ხმა]“ ჩვენ, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვხედავთ, რომ ერთგვარი პროგრესი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხედვასთან დაკავშირებით. უფრო თვალგახელილი პოლიტიკა ჩანს, ვიდრე რევოლუციურ ეიფორიაში მყოფი მეგობარი ქვეყნისა - უფრო დახმარებაზე ორიენტირებული მეგობრისა, ვიდრე ეიფორიაში მყოფი მეგობრის. მე განსაკუთრებით მივესალმები იმას, რაც სასამართლო რეფორმის მარცხთან დაკავშირებით წერია ამ ანგარიშში.“(სტილი დაცულია)

სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს არ გამოხმაურებია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გასულ კვირაში ყაზახეთს სტუმრობდა - ქვეყანას, რომელიც, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი იყო გაგრძელება ორ ქვეყანას შორის დიალოგისა, რომელიც უკანასკნელ წლებში საკმაოდ გააქტიურდა. ამ დიალოგში, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში ზურაბ შურღაია განმარტავს, მთავარი ადგილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ეთმობა:

[ზურაბ შურღაიას ხმა] „ვიზიტი ასევე უკავშირდება იმას, რომ მრავალფეროვანი გახდეს ეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ახალი პროექტები, რომლებიც შემდეგ საქართველოში რეალიზდება. ეს უკავშირდება ისეთ პროექტებს, როგორიც არის ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხი. ასევე, მთლიანობაში, ტრანსკასპიური გაზსადენების დივერსიფიკაციის საკითხი, სადაც საქართველოს სერიოზული როლის შესრულება შეუძლია.

ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებს შეეხნენ ყაზახეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, რომელთა გამოსვლებში ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას ცენტრალური ადგილი ეჭირა. მოუსმინეთ ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს:

[ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] “რასაკვირველია, ჩვენი თანამშრომლობის მთავარი თემაა ნავთობისა და გაზის ენერგეტიკული კომპლექსი. ჩვენ ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ყაზახეთი მიუერთდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტს, რომელიც თბილისზე გადის.”

მიხეილ სააკაშვილის ასტანაში სტუმრობისას ყაზახეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება, რომელმაც საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ყაზახური კაპიტალის ინვესტირება უნდა წაახალისოს. გასულ კვირაშივე ასტანიდან საქართველოს პრეზიდენტი ამომავალი მზის ქვეყანას ესტუმრა. სწორედ იაპონიაში განაცხადა მიხეილ საკაშვილმა, რომ ერაყში საქართველოს ჯარი 800-დან 2000 კაცამდე გაიზრდება. ამ ნაბიჯის შემდეგ, ერაყის ოპერაციაში ჩართულ ქვეყნებს შორის, იქ განთავსებული კონტინგენტის რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილზე იქნება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ქართველებმა ყველას უნდა დაანახვონ, რომ რთულ სიტუაციაში ჩვენ არ ვიხევთ უკან. რთულ სიტუაციაში ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი პრინციპები ბოლომდე შევინარჩუნოთ. ამას ვამბობ, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში საუბარი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა ჩვენ მზად ვართ ორი ათასამდე გავზარდოთ ჩვენი ყოფნა ბაღდადში, დავეხმაროთ იმაში, რომ ბაღდადში დამყარდეს წესრიგი. და ეს დაახლოებით უნდა გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში.” (სტილი დაცულია)

ექსპერტთა შეფასებით, კონტინგენტის გაორმაგება სიგნალია ალიანსის მისამართით - ალიანსისა, რომელშიც გაწევრიანებას ესწრაფვის საქართველო. შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა “საქართველო ნატოში”, ამბობს, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს სურს სტრატეგიული მოკავშირეობა დაუმტკიცოს შეერთებულ შტატებს, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მთავარი ხელშემწყობია:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] “ვუმტკიცებთ, ჯერ ერთი, იმას, რომ მოკავშირე ვართ; მეორეც, რომ კარგი მოკავშირე ვართ და ნატოში თუ მიგვიღებენ, ნამდვილად ერთგული მოკავშირე ეყოლებათ აქ. ანუ ჩვენ შენი მოკავშირე ვიქნებით, დაგეხმარებით, რითიც შეგვიძლია, შენ კი დაგვეხმარე იმით, რომ ნატოში შევიდეთ. და შეიძლება ამით კომპენსირება ხდება იმისა, რასაც არ ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით.” (სტილი დაცულია)

გასულ კვირაში ნატოში ინტეგრაციის საკითხზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტშიც გაიმართა. კვირის მიწურულს პალამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ფრაქციებმა შეათანხმეს დეკლარაციის ტექსტი, რომელიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ოპოზიციონერი დეპუტატების დავით გამყრელიძისა და დავით ზურაბიშვილის კომენტარები:

[დავით გამყრელიძის ხმა] „თითოეულ წინადადებაზე მიდიოდა მუშაობა, იმიტომ რომ აქ არის პრინციპული ერთიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას შეუძლია შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს იმ მთავარ განაცხადს, რომ საქართველოს მომავალს ვხედავთ ნატოში.“(სტილი დაცულია)

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „ხაზი აქვს გასმული, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ ქვეყნად, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.“(სტილი დაცულია)

დეკლარაციის ტექსტის შეჯერებით კმაყოფილი დარჩა უმრავლესობაც. ნინო ბურჯანაძის თქმით, ფრაქციებისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს დეკლარაციაზე ხელის მოწერის საშუალება 12 მარტს ექნებათ.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მოხარული ვარ, რომ საპარლამენტო ფრაქციებისა და პარტიების უმრავლესობას გვაქვს ქვეყნის მომავლის ერთიანი ხედვა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს არამარტო სტაბილურობას, არამედ ნიშნავს მის პროგრესულ, დემოკრატიულ განვითარებას, საქართველო ნატოში ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას.“(სტილი დაცულია)

გასულ კვირაშივე გაიმართა რეზერვისტთა გაწვევის პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული გვარდიის სარდლობამ მოაწყო. საქმე ის არის, რომ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, რეზერვისტთა პროგრამა ორიოდე კვირაში, 31 მარტს, ამოქმედდება. ოფიციალური ინფორმაციით, რეზერვისტთა პირველი ბატალიონები სტუდენტებით დაკომპლექტდება. რეზერვში ჩარიცხული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურს წელიწადში ერთხელ 18 დღის ვადით გაივლის. რეზერვისტთა წვრთნის პროგრამა ხუთ წელზეა გაწერილი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის თქმით, 2007–2012 წლებში ეროვნული გვარდიის სარდლობამ 100 000 რეზერვისტის მომზადება უნდა უზრუნველყოს:

[გივი თარგამაძის ხმა] „ამ შემთხვევაში მიზანი არის თითოეული სახლის, თითოეული უბნის, რაიონის, მხარისა და, მთლიანობაში, ქვეყნის დაცვა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც იციან რას აკეთებენ და, შესაბამისად, მტერსაც ეცოდინება, რომ აქ იოლი გასეირნების საშუალება არ ექნება.“

სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს მამრობითი სქესის თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. კანონით დადგენილი ეს ვალდებულება 27–დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებზე ვრცელდება. სარეზერვო სამსახური სავალდებულოა სტუდენტებისთვისაც. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში სამჯერ გაივლის სარეზერვო მომზადებას, ავტომატურად თავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG