Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა კიდევ ერთხელ აცოცხლებს საქართველოს ნეიტრალიტეტის თემაზე წამოჭრილ

დისკუსიას. “რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი?” – ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას პოტომაკის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი დევიდ სმიტი, რომლის აზრითაც, “ნეიტრალიტეტი უწყინრად ჟღერს, პრაქტიკულად ტერმინის ზუსტი განსაზღვრა კი საკმაოდ ძნელია.” ნეიტრალურობის მაგალითების განხილვისას ის შვეიცარიაზეც წერს: “შვეიცარია ნეიტრალურია სხვა ქვეყნების კონფლიქტების მიმართ სწორედ იმიტომ, რომ არ არის ნეიტრალური საკუთარი სუვერენულობის მიმართ. სხვათა შორის, ნეიტრალიტეტი შვეიცარიის არჩევანია და არა მეზობლებისგან იძულება ან მეზობლებისთვის გაკეთებული მინიშნება.” პუბლიკაციის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ, “ყველანაირი თვალსაზრისით, საქართველოს გადაწყვეტილება გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ლოგიკურია, ხოლო ნეიტრალიტეტზე კრემლის მოსაზრებები – ძალიან დაშორებული ამ სიტყვის არსს.”

ამავე საკითხზე “ახალი თაობა” ესაუბრა სამხედრო ექსპერტ კახა კაციტაძეს. ინტერვიუს სათაური გახლავთ “რატომ არ შეიძლება საქართველო ნეიტრალური იყოს”. კახა კაციტაძე მიესალმება ამ თემაზე დისკუსიის დაწყებას, რადგან არ ჰგონია, რომ ეს მაინცდამაინც ვიღაცის “ბოროტ პოზიციას” ეფუძნება. “დისკუსია უნდა გაიმართოს, საზოგადოება უნდა შეეჩვიოს დისკუსიის წარმოებას და იმას, რომ ყველაფერი მარტო პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის. ზოგადად ასეა, მაგრამ ნეიტრალიტეტი ასევე არაფრის გარანტიას არ იძლევა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება,” - ამბობს კახა კაციტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში და მაგალითად მოჰყავს მაგალითი მოლდავეთისა, სადაც ნეიტრალიტეტის შესახებ თავის დროზე კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა ამის გამო რუსეთს არ უგრძვნია ვალდებულება მოლდავეთს დნესტრისპირეთის დაბრუნებაში დახმარებოდა.

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზებს შეეხება “ახალ თაობაშივე” დაბეჭდილი ინტერვიუ ფონდ “კავკასიური დიალოგის” წარმომადგენელ ვახტანგ ყოლბაიასთან, რომელიც ფიქრობს, რომ “მსოფლიო სამართალი ისე ვითარდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მსოფლიო თანამეგობრობისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს. ეს გახლავთ მხოლოდ საშუალება იმისა, რომ სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენდეს ფეთქებადსაშიშ რეგიონს. საერთაშორისო საზოგადოების ეს პოზიცია სწორედ იქითკენ გვიბიძგებს, რომ თუ ჩვენ თვითონ არ შევიმუშავეთ კონფლიქტების მოგვარების გზები, საერთაშორისო სამართალი ამას თავისებურად გადაწყვეტს,” - ამბობს ვახტანგ ყოლბაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

ბევრი სხვა თემის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება “კვირის პალიტრის” კორესპონდენტის საუბარი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელ გია ნოდიასთან. ის ფიქრობს, რომ რუსეთი “ჩასაფრებული იქნება და ეცდება არც ერთი შეცდომა არ გვაპატიოს და ეს შეცდომა ჩვენზე ზეწოლის გასაძლიერებლად გამოიყენოს, მაგრამ თუ სერიოზულ შეცდომებს არ დავუშვებთ, რუსეთს ძალზე ცოტა საშუალება რჩება ჩვენზე ზემოქმედებისთვის”, - ამბობს გია ნოდია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში. ამავე გაზეთში ერაყში ქართველი სამხედროების რაოდენობის გაზრდის გეგმას შეეხება ირაკლი ალადაშვილის პუბლიკაცია “სხვებს გამოჰყავთ, ჩვენ შეგვყავს...”. ავტორი წერილს ასე ასრულებს: “რამდენიმე ქართველი სამხედრო ერაყში კი დაიჭრა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, არავინ დაღუპულა. სამხედროთა რაოდენობის 3-ჯერ გაზრდის შემდეგ მსხვერპლის ალბათობა იზრდება. ასეთ შემთხვევაში კი საზოგადოების გულისწყრომა ისევ ხელისუფლებას დაატყდება თავს,” - წერს “კვირის პალიტრის” მიმომხილველი.

გაზეთი “მთელი კვირა” ციხის ბუნტთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და ბრალდებულ პლატონ მამარდაშვილის მიერ სახალხო დამცველისთვის მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს. “ირკვევა, რომ იგი თებერვლის თვეში რამდენჯერმე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას კაბინეტში, სადაც ერთად დაგეგმეს 27 მარტის მოვლენები. “მთელი კვირის” ინფორმაციით, სასამართლო 13 მარტის სხდომაზეც არ აპირებს ციხის ბუნტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მამარდაშვილის დაკითხვას, რისი მიზეზიც ბრალდების მხრიდან ახალი მოწმეების გამოჩენა გახდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG