Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის გამოსვლაზე დეპუტატებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ


საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა

16 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავიანთი პოზიცია გამოხატეს.

ოპოზიციიდან, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” სახელით, პარლამენტს დავით ზურაბიშვილმა მიმართა, უმრავლესობიდან - გიგა ბოკერიამ. ამას გარდა, იყო ბესო ჯუღელის გამოსვლა, ფრაქცია ”მაჟორიტარების” სახელით. რამდენადაც პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამოსვლით ოპოზიციური ფრაქციებიდან ერთადერთი, “დემოკრატიული ფრონტი”, დაინტერესდა, შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის მოხსენების გაკრიტიკებისთვის საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოიყენა.

დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ გამოიყენა საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის ტრიბუნა პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების შესაფასებლად და რატომ შემოიფარგლა ერთადერთი გამოსვლით - როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიციურ ფრაქციათაგან შეფასებები მხოლოდ ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელმა, დავით ზურაბიშვილმა, გააკეთა:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”როდესაც ხელისუფლება თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, ეს აუცილებლად გადაიზრდება პიროვნების ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობის ფეხქვეშ გათელვაში, ადამიანში ბოროტი ინსტინქტების სტიმულირებაში.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავსი შეხედულებების გამოთქმის საშუალება სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათგან ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”მრეწველებმა” ამ საშუალებით სარგებლობის აზრი ვერ დაინახეს. ”ჩვენ გვინდოდა პრეზიდენტთან დიალოგი და არა მონოლოგი,” - აცხადებენ აღნიშნული ფრაქციების წარმომადგენლები. ”ჩვენი სათქმელი მასმედიის საშუალებებით უკვე ვთქვით, ორთქლი უკვე გამოშვებული იყო, ამდენად, 16 მარტს ჩვენთვის შეურაცხმყოფელიც კი იქნებოდა პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება ნახევრად ცარიელ დარბაზში. თანაც პრეზიდენტს თავის მოხსენებაში პასუხი არ გაუცია ოპოზიციური ფრაქციებიდან წინასწარ მიღებულ შეკითხვებზე, ”- აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

მაგრამ დავუბრუნდეთ 16 მარტის სხდომაზე გამოთქმულ შეფასებებს. დავით ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების პასუხად, ქვეყანაში ზოგადი მდგომარეობა შეაფასა და, როგორც უკვე დავინახეთ, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დაასახელა სახელისუფლებო ძალის კანონზე მაღლა დადგომა და ამით ადამიანებში ბოროტი ინსტინქტების გაღვიძება. ნათქვამში იგულისხმებოდა ბევრი რამ და, მათ შორის, თვალთვალი, მოსმენა, სხვათა შორის, პოლიტიკოსებისაც. სამაგალითოდ ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილის გახმაურებული ისტორია მოიყვანა (პარტიული შესაწირის სახით მისთვის ფულის გადაცემის ფარული ჩანაწერის გავრცელება), რაზეც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერისგან, გიგა ბოკერიასგან, ასეთი პასუხი მიიღო:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც საჯაროდ კიდევ ერთხელ იტყვის, რომ თურმე ფულის გამო ადამიანის პარტიულ სიაში ჩასმა, მხოლოდ ფულის გამო, არ არის პოლიტიკური უზნეობა, განაჩენს გამოუტანს საკუთარ თავს, როგორც ეს მოხდა დღეს, გუშინ.” (სტილი დაცულია)

გიგა ბოკერიამ თავის გამოსვლაში უფრო ოპოზიციის სისუსტესა და მის ღრმა დეპრესიაზე ილაპარაკა (როგორც ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს ნაკლზე), ვიდრე პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებაზე. იმედი გამოთქვა, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება იქნებიან ერთიანნი, ისევე როგორც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მემორანდუმის ხელმოწერისას იყვნენ და რომ, დღევანდელი ხელისუფლების მეცადინეობით, საქართველო აუცილებლად გახდება ქვეყანა, სადაც ადვილი იქნება ბიზნესის დაწყება, სადაც რიგით ადამიანებს მიეცემათ მართლმსაჯულების განხორციელების საშუალება.

იყო ბესო ჯუღელის გამოსვლაც ფრაქცია ”მაჟორიტარების სახელით”. მან თქვა, რომ პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებაში ყველაფერი მოეწონა, ოპოზიცია ამ მოხსენების კრიტიკისთვის გააკრიტიკა და ერთი რჩევა მედიასაც მისცა:

[ბესო ჯუღელის ხმა} ”რედაქტორი ნუ გაუშვებს ისეთ სიუჟეტს, სადაც პირსისხლიანს ეძახიან პიროვნებას და ბანდიტს. რედქატორმა უნდა ამოჭრას ეს, რადგან არ შეიძლება საზოგადეობას ასეთი შეუარცხყოფა მიაყენო და პირსისხლიანი აძახებინო ვინმეს პრეზიდენტისთვის.” (სტილი დაცულია)

ბოკერია თავის გამოსვლაში ჯუღელს არ დაეთანხმა და განუმარტა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას იმაში, თუ მედია საზოგადოებას ხშირად შეახსენებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის თვალსაზრისს.
XS
SM
MD
LG