Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემა და აფხაზეთის პრობლემა გასულ კვირას განსაკუთრებით აქტუალური იყო ქართულ პრესაში.





ორშაბათს “კვირის პალიტრის” კორესპონდენტთან საუბარში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ აღნიშნა: ,,რუსეთი ჩასაფრებული იქნება და ეცდება არც ერთი შეცდომა არ გვაპატიოს და ეს შეცდომა ჩვენზე ზეწოლის გასაძლიერებლად გამოიყენოს, მაგრამ თუ სერიოზულ შეცდომებს არ დავუშვებთ, რუსეთს ძალზე ცოტა საშუალება რჩება ჩვენზე ზემოქმედებისთვის”, - აღნიშნავს გია ნოდია ,,კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

გაზეთი ,,ახალი თაობა” კი ორშაბათს ფონდ “კავკასიური დიალოგის” წარმომადგენელთან ვახტანგ ყოლბაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: “მსოფლიო სამართალი ისე ვითარდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მსოფლიო თანამეგობრობისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს. ეს გახლავთ მხოლოდ საშუალება იმისა, რომ სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენდეს ფეთქებადსაშიშ რეგიონს. საერთაშორისო საზოგადოების ეს პოზიცია სწორედ იქითკენ გვიბიძგებს, რომ თუ ჩვენ თვითონ არ შევიმუშავეთ კონფლიქტების მოგვარების გზები, საერთაშორისო სამართალი ამას თავისებურად გადაწყვეტს”, - აღნიშნავს ვახტანგ ყოლბაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

ეს ის დღე იყო, როცა აღნიშნულმა თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ზემო აფხაზეთის დაბომბვის გამო. სამშაბათიდან მოყოლებული, ეს ამბავი ფრთოდ შუქდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე. ,,დაბომბვები რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “რეზონანსი” 13 მარტს. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არც ერთ მხარეს არ აუღია, უფრო მეტიც, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მხარეების მხრიდან მხოლოდ ურთიერთბრალდებები ისმოდა. დე ფაქტო და სამშვიდობო ძალები ხელს თბილისისკენ იშვერდნენ და ინციდენტს ქართული მხარის მიერ დაგეგმილ პრივოკაციას უწოდებდნენ, ეს უკანასკნელი კი, დარწმუნებულია, რომ ინციდენტი სწორედ რუსულ-აფხაზური გეგმით განხორციელდა.”

მომდევნო დღეს იგივე გაზეთი “რეზონანსი” დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ავთანდილ იოსელიანის, მოსაზრებებს აქვეყნებს: ,,გეუბნებით, რომ ეს არის აფხაზებისა და რუსების მიერ დაგეგმილი ოპერაცია... აფხაზური წყაროების მეშვეობით მივიღე ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობის მიმართულებით ისინი რაღაცას გეგმავენ,” - აღნიშნავს ავთანდილ იოსელიანი.

შაბათს კი გაზეთი “რეზონანსი” სეპარატისტული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას ეხმიანება. მეორე ტური აფხაზეთში კვირას ჩატარდება და ამომრჩევლები ბაღაფშისა და ხაჯიმბას გუნდის მომხრეებს შორის გააკეთებენ არჩევანს. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზით, მეორე ტურში ხაჯიმბას მოხრეთა ბანაკიდან ,,სახალხო კრებაში” კიდევ რამდენიმე ადამიანი მოხვდება.” გაზეთში მოტანილია პაატა ზაქარეიშვილის შემდეგი შეფასება: ,,ასეთი შედეგით აფხაზურ პარლამენტში პროგრესული ძალა უფრო გამყარდება და ,,სახალხო კრების” პოზიციებიც მკაფიოდ გამოხატული პრორუსული იქნება. დღევანდელი ,,პარლამენტი” კი აბსოლუტურად ბაღაფშის მორჩილია, რაც მომავალში ნამდვილად აღარ იქნება,” - წერს გაზეთი “რეზონანსი” შაბათის პუბლიკაციაში.

გასულ კვირას პრესა აქტიურად განიხილავდა ერაყში ქართველი სამხედროების რაოდენობის გაზრდის გეგმას. ორშაბათის “კვირის პალიტრაში” ამ გეგმაზე ირაკლი ალადაშვილი საუბრობდა სტატიაში, სათაურით “სხვებს გამოჰყავთ, ჩვენ შეგვყავს...”.
შაბათს “ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ ინრეტვიუში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც შეეხო. ციტატა პუბლიკაციიდან: ,, ზოგადად ამ მიმართულებით აქტივობა, ჩემი აზრით, სწორია, ვინაიდან ჩვენ თავად ვითხოვთ სხვა ქვეყნის საჯარისო ფორმირებებს საქართველოში, რათა მათ შეცვალონ რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები. როდესაც ჩვენ ხელი გვაქვს მსოფლიოსათვის გაწვდილი, მათ შორის, იმისთვისაც, რომ სხვა ეროვნების და სხვა ქვეყნის ჯარისკაცები ჩამოვიდნენ და აქ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად დადგნენ, საქართველოს მორალური უფლება არ აქვს ასეთ სიტუაციაში თქვას: არა, ჩვენს ახალგაზრდებს არ გამოვაგზავნით, ჩვენ თავს შევიკავებთ. ზოგადად მე ვთვლი, რომ ეს სამწუხარო აუცილებლობაა.” –

და კიდევ ერთი მღელვარე თემა: უკვე კვირის ბოლოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში იყო. პარასკევს პრესა ფართოდ აშუქებს ამ გამოსვლას, შაბათს კი უკვე ოპოზიციის შეფასებებს ბეჭდავს. გაზეთი “ალია” ამ თემაზე სტატიას შეკითხვებით იწყებს: ,,ვინ არის ეგზოტიკური ქართულ ოპოზიციაში? რა მოიტყუა კოკო გამსახურდიამ? რა ტყუილში გამოიჭირა ბესო ჯუღელმა ფიქრია ჩიხრაძე და რატომ ურჩევენ ბესო ჯუღელს იუმორში გავარჯიშებას?” და ასე შემდეგ. გაზეთი ,,24 სათი” კი შაბათს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებულ კომენტარებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სათაურით ,,შეფასებები დებატების სანაცვლოდ”.

XS
SM
MD
LG