Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის ჭაბუკისთვის გამოტანილი განაჩენი საქართველოს გაზეთების მთავარი თემაა


დღევანდელი პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გიორგი ზერეკიძის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 19 მარტს გამოტანილ განაჩენსა და მისით გამოწვეულ რეაქციას:

“მოულოდნელი განაჩენი”, “რას ერჩის 14 წლის მოზარდს სასამართლო?!” – ასეთი სათაურებით ქვეყნდება გაზეთებში პუბლიკაციები. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ “რეზონანსს” განუცხადა: “ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დამნაშავე, მით უმეტეს, მცირეწლოვანი, იმ დანაშაულისთვის გასამართლდეს, რაც მან ჩაიდინა, რათა მას ჰქონდეს განცდა და სინანული სწორედ ჩადენილ დანაშაულზე და არა იმის განცდა, რომ სახელმწიფომ იმაზე გაასამართლა, რაც არ ჩაუდენია. როდესაც ეს ბიჭი ციხიდან გამოვა, ჩვენი ქვეყნის მომავალი მის ხელში იქნება. პატიმრობის პერიოდში მან უნდა მოინანიოს ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და არა იფიქროს იმაზე, როგორ იძიოს შური სახელმწიფოზე.” - ელენე თევდორაძის ინტერვიუს დღეს “რეზონანსი” აქვეყნებს.

იგივე გაზეთი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი შეფის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად დანიშვნის მოტივაციაზე წერს პუბლიკაციაში, სათაურით “კიწმარიშვილს “საზოგადოებრივის” სარეანიმაციოდ აბრუნებენ”. ამავე თემას აშუქებს “ალია” და ცდილობს გაარკვიოს: “რა ბიზნესი დაუთმეს კიწმარიშვილს “პირველი არხის” ამოქაჩვის სანაცვლოდ”. “ამჯერად კიწმარიშვილს ამბიციები სხვა მიმართულებით აქვს. ამ ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილს ქვეყნის ჯანდაცვის ბიზნესში აქვს ინტერესები და, შესაბამისად, გეგმებიც - გასაყიდად გამოტანილი საავადმყოფოების ხელში ჩაგდება სურს. ხელისუფლებას კი სხვა რამ აწუხებს - “ტელეიმედის” საპირწონე ტელეარხი სჭირდება. ამიტომაც ულტიმატუმი წაუყენეს – თუ გინდა ბიზნესში ისევ შემოგიშვათ, ტელევიზიებს უნდა მიგვიხედოო”, - ასეთი გახლავთ “რუსთავი 2”-ის ყოფილი ხელმძღვანელის საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე “ალიას” ვერსია.

“ახალი თაობის” მიმომხილველი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ბოლო გამოკვლევის შედეგებს აანალიზებს. დასკვნა ასეთი გახლავთ: “ქართველ საზოგადოებას უნდა საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება და, რაც მთვარია, კვლავ მართლმადიდებლობის საფუძვლებზე... ქართველებს უნდათ დამარცხებულის სინდრომის მოშორება. თუ ხელისუფლება ამას მოახერხებს დიპლომატიით, ეშმაკობით, ამერიკელებით, რუსებით, ბურიატებით ან უცხოპლანეტელების დახმარებით, ხომ კარგი, თუ არადა არმია ტყუილად არ არის გასული მეორე ადგილზე. თუ ჯარი არ არის მზად ამისთვის, ესე იგი საჭიროა მეტი ძალა, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა კვლავ შეიძლება, მაგრამ არა ისე, გაისად რომ კომისიები შეიქმნას, სად წავიდა 120 მილიონი დოლარიო, არც ისე, რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს ცაში რომ ინავარდონ. კიდევ ერთი მესიჯია საზოგადოების მოთმინების ფიალის კრიტიკულ ზღვრამდე შევსება, რასაც გამოხატავს კიდეც მედია. საკმარისია ხელისუფლებამ დალუქოს ეს ორთქლის გამომშვები მანქანა, რომ წნევა აფეთქებას გამოიწვევს”, - ასკვნის “ახალი თაობის” მიმომხილველი.

“24 საათი” დღეს მკითხველს შეახსენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვას. ავტორი წერს: “ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა: გაითვალისწინებს პარლამენტის რეკომენდაციას და კრემლს სტრასბურგში “უჩივლებს”, თუ რუსეთის ქსენოფობიურ ქმედებებს იმ იმედით წაუყრუებს, რომ მომავალში ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობები გაუმჯობესდება. არადა, ცაიტნოტი უკვე მოახლოვდა: 27 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის (ფორმატით “სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ”) შეტანის ვადა იწურება”, - წერს “24 საათი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG